ცხინვალსა და მოსკოვს კრემლიდან შეახსენეს, რომ ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს... ცხინვალსა და მოსკოვს კრემლიდან შეახსენეს, რომ ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს... />


  14:21:42     07-07-2012

ცხინვალსა და მოსკოვს კრემლიდან შეახსენეს, რომ ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს...

a19778.jpg

კრემლის ადმინისტრაციის ფორმირება დასრულებულია. მისი საკადრო შემადგენლობა 200 ადამიანით გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის პოსტია.

უნდა აღინიშნოს, რომ კრემლის ადმინისტრაციის ფორმირება მხოლოდ ახლა დასრულდა. 22 განყოფილებას, 143 დეპარტამენტს, პრეზიდენტის 9 თანაშემწეს, 10 მრჩეველსა და ნდობით აღჭურვილ 3 პირს შორის, სოხუმისა და ცხინვალის კურატორის, ანუ ამ მიმართულებით პრეზიდენტის თანაშემწის პოსტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ინაუგურაციისთანავე შექმნა და  დააკომპლექტა კიდეც. ის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ დაიკავა.

გოლიკოვა ამ დღეებში სეპარატისტული რეჟიმების სტუმარი იყო. უფრო სწორედ, ამ რეგიონებში პირველი რეიდები ჩაატარა. უკვე იმყოფებოდა ცხინვალში, სადაც კრემლის პრეტენზიები და მოთხოვნები გააჟღერა: რუსულ ფინანსურ დახმარებას ცხინვალი არაეფექტურად ხარჯავდა და ამიერიდან, ეს ფული დანიშნულებისამებრ უნდა იყოს გამოყენებული.  გოლიკოვას პრიორიტეტი ახალგორის რაიონის აღმოჩნდა, სადაც თათბირიც კი ჩაატარა, შემდეგ კი ადგილობრივი საავადმყოფო დაათვალიერა და დირექტორს, რომელიც ახალი რემონტით იწონებდა თვალს, უთხრა, რომ მისი საოპერაციო განყოფილება „უვარგისია“.

ამჟამად გოლიკოვა სოხუმში იმყოფება, სადაც მისი ინტერესის ობიექტი, ამჯერად, გალის რაიონი იყო.  გარდა იმისა, რომ პუტინმა გოლიკოვა ოკუპირებულ რეგიონებში ინსპექტირებისთვის გაგზავნა, მისი „ყურადღება“ „მოძმე რესპუბლიკებისადმი“ მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. მაშინ, როცა გოლიკოვა ახალგორსა და გალს აკონტროლებდა, კრემლის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი ბრიფინგს მართავდა და სოხუმსა და ცხინვალს მრავალმნიშვნელოვნად შეახსენებდა, რომ მათ ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობის შექმნა იმ ფინანსური ნაკადების გაკონტროლების აუცილებლობამ წარმოშვა, რომლებიც ამ რესპუბლიკებში მიედინება“ - განაცხადა ივანოვმა და თან განმარტა, რომ „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა“ და შესაბამისად, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული მათთვის დაიხარჯოს. ამასთან, ამ ადამიანებზე გავრცელდება ყველა ის შეღავათი და დახმარება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ.

ამ ყველაფერს კი მოსკოვი დეტალურად გააკონტროლებს, რათა ადგილობრივ ჩინოვნიკებს რუსული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ძარცვის საშუალება აღარ მისცეს. რაში უნდა დახარჯონ ფული, ამ გეგმასაც კრემლი თავად შეადგენს. ბოლოს და ბოლოს, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს - ასეთი იყო გოლიკოვასა და ივანოვის კომენტარების დედააზრი.
0

ავტორი: