ლუკაშენკომ რეპრესიები დაიწყო - „კგბ“ სიებს ადგენს ლუკაშენკომ რეპრესიები დაიწყო - „კგბ“ სიებს ადგენს />


  12:24:27     07-07-2012

ლუკაშენკომ რეპრესიები დაიწყო - „კგბ“ სიებს ადგენს

a19773.jpg

ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა № 295 განკარგულებას, რომლის თანახმადაც ბელორუსის „კგბ“-ს უფლება მიეცა მონაცემთა ბანკში შეიტანოს იმ პირთა გვარები, ვისაც ქვეყნიდან გასვლა აქვთ შეზღუდული, ასევე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უშიშროების სამსახურის „პროფილაქტიკურ აღიცხვაზე“ იმყოფებიან.

ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ მსგავსი შეზღუდვების ამოქმედება ევროკავშირის სავიზო სანქციებზე პასუხია, რომელმაც 27 თებერვალს გააფართოვა იმ ბელორუს ჩინოვნიკთა სია, ვისაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. აღნიშნული სანქციები სულ 231 ადამიანს ეხება. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ სიაში მოხვედრილ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, წამებისთვის, ოპოზიციონერების მიმართ ანგარიშსწორებისათვის, არჩევნების გაყალბებისა და მედიის თავისუფლების ხელყოფისთვის.

ლუკაშენკოს ევროკავშირის სანქციებზე პასუხი არ დაუყოვნებია. შესაბამისად, ჯერ კიდევ მარტის თვეში არაერთ რუს ოპოზიციონერსა და ჟურნალისტს აუკრძალეს ქვეყნიდან გასვლის უფლება, ძირითადად მათ, ვინც ევროკავშირს ლუკაშენკოს მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებდა.

თუმცაღა, აკრძალვა ოფიციალურად ჯერ არ მოქმედებდა. ლუკაშენკომ მაშინ რაღაც სიის არსებობაზე ილაპარაკა სატელევიზიო ეთერში და აღნიშნა, რომ არსებობს ოპოზიციონერთა ჩამონათვალი, რომლებსაც ბელორუსის დატოვება ეკრძალებათ. მალე კი ამ სიის „სრული ძალით“ ამოქმედებით დაიმუქრა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ოფიციალური სია, ლუკაშენკომ განაცხადა: „ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჯერ არ აგვიმოქმედებია მთელი ძალით, მაგრამ ავამოქმედებთ“. კანონის თანახმად, „კგბ“-ს პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე შეიძლება აიყვანონ ადამიანი, რომელზეც არსებობს ინფორმაცია, რომ მას ნაციონალური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ან საზოგადოების ინტერესებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია; ან მისი ქმედება ემუქრება სხვა მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს. ეს ფორმულირება კი ლუკაშენკოს კანონებით იგივეა, რაც ოპოზიციონერობა და განსხვავებული აზრის ქონა.

0

ავტორი: