21:07:27     06-07-2012
რუსი გენერლის მოლოდინში, სოხუმში, „ქართველ ტერორისტებსა“ და „ქართულ დივერსიებზე“ ითათბირეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებული რეგიონების ინსპექტირებას განაგრძობს. სეპარატსიტულ რესპუბლიკებში სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პუტინის მრჩეველთან - ტატიანა გოლიკოვასთან ერთად ნურგალიევი ჯერ ცხინვალში იმყოფებოდა, დღეს კი სოხუმში ჩავიდა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი სეპარატისტულ რესპუბლიკებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური გახდა. კრემლი და მარიონეტული რეჟიმები იუწყებიან, რომ ნურგალიევის მოსკოვი-სოხუმი-ცხინვალის მარშრუტს მხოლოდ სოციალური დანიშნულება აქვს. თუმცა, როგორც პრესა.გე უკვე წერდა, თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთში მისი წინა ვიზიტისას ხელმძღვანელობას მოსახლეობისათვის იმის მტიცება უწევდა, რომ რუსი გენერლის ხშირი მისვლა-მოსვლა „სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაციას არ უკავშირდება“. თუმცა მაშინ, როცა ნურგალიევი სოხუმისკენ მიიჩქაროდა, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო „ქართულ ტერორიზმსა“ და მასთან „ეფექტური ბრძოლის“ ხერხებზე მსჯელობდა.
ბოლო პერიოდში სოხუმი ისეთივე სიხშირით საუბრობს „გალში ქართული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ დივერსიებზე“, რა სიხშირითაც მათთან ნურგალიევი დაიარება. ამჯერად, რუსი გენერლის ჩასვლამდე საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვიეს და გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ ამ ვითარებას მწვავე უწოდა, რაშიც ქართული მხარე დაადანაშაულა.
ბჟანიას თქმით, გალის რაიონში ხდება ტერაქტები, დივერსიები აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა წინააღმდეგ, ასევე, შეიარაღებუილი თავდასხმები, მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა, მკვლელობები და ადამიანთა გატაცება გამოსასყიდის მიზნით.
მისი თქმით, 2012 წლის დასაწყისიდან დღემდე რაიონში 8 ადამიანია მოკლული, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების 3 თანამშრომელი და ამ ყველაფერში საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ყოფილა დამნაშავე. სოხუმის განცხადება ასეთია:
„დანაშაულებრივი ჩანაფიქრების განსახორციელებლად იზიდავენ ქართული ტერორისტული ორგანიზაციის „ტყის ძმების“ ყოფილ წევრებს, რომელთაგანაც ფორმირებულია სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები და ისინი საქართველოს ზუგდიდის რაიონში არიან დისლოცირებულები“.
აფხაზების პრეტენზიები და ბრალდებები, პროვოკაციაა იმის გათვალისწინებით, როცა სოხუმი კატეგორიულ უარს ამბობს რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებაზე, რომლებიც მსგავსი დივერსიების დადასტურებას ან უარყოფას მოახდენენ. სეპარატისტები საერთაშორისო მისიებისგან „ქართული ქმედებების დაგმობასა და განსჯას“ ისე ითხოვენ, რომ ამ მისიებს რეალური ვითარების მონიტორინგის საშუალებას არ აძლევენ. ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა იმ რეზოლუციის პროექტშიც, რომელსაც დღეს ეუთოში განიხილავენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის პარლამენტსა და ოკუპირებული რეგიონების მმართველ რეჟიმებს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუშვან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ევროკავშირის დამკვირვებლები, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს.
რეზოლუციაში, სახელწოდებით „საქართველოში არსებული ვითარება“, საუბარია ეუთოს 2007 წლის რეზოლუციის შესრულების აუცილებლობაზე. 10-პუნქტიანი დოკუმენტი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასა და დევნილების დაბრუნებას ეხება.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს არ აქვს იმედი, რომ რუსეთი დოკუმენტის მიღებისთანავე დაიწყებს მის შესრულებას, მაგრამ მისი თქმით, „მნიშვნელოვანია ის, რომ რეზოლუციის პროექტი ეუთოს წევრი 55 ქვეყნის პარლამენტის პოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს. კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთი აგრესორია, რომელმაც ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
0