17:41:21     06-07-2012
ექსპერტი: არაფატისა და პოლონიუმის სკანდალი რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს

პოლონიუმის უჩვეულოდ დიდი დოზა აღმოაჩინეს კბილის პასტაში და ქუდში, რომელსაც პალესტინის ლიდერი, 8 წლის წინ გარდაცვლილი იასირ არაფატი იყენებდა.
ინფორმაცია ამის შესახებ უცხოური მედიის სკანდალად იქცა. ჟურნალისტები და ექსპერტები წერენ, რომ თუკი პოლონიუმის არსებობა დადასტურდება, ეს, ფაქტობრივად, არაფატის სიკვდილის გარემოებების დადგენის ტოლფასი იქნება.
ეჭვი იმის შესახებ, რომ პალესტინის ლიდერი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, მისი დაღუპვისთანავე არსებობდა. დღეს კი, როცა შვეიცარიის ლაბორატორიამ, რომელსაც არაფატის ქვრივმა გადასცა მეუღლის პირადი ნივთები, მათში პოლონიუმის შემცველობა დაადგინა, თითი ყველამ ისრაელისკენ გაიშვირა. რა შეიძლება იდგეს პოლონიუმის ახალი სკანდალის უკან - ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ დაზვერვის საკითხების სპეციალისტს ბორის ვოლოდარსკის ესაუბრა, რომელიც თითქმის დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფერში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია. თუმცა, რა თქმა უნდა, არა იმ თვალსაზრისით, რომ მათ არაფატი მოწამლეს.
ვოლოდარსკი ამბობს, რომ არაფატთან დაკავშირებული ეს ისტორია ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმის „ექოა“, რომელიც ასევე პოლონიუმით მოწამვლის შედეგად 2006 წელს გარდაიცვალა.
არაფატი კი 2004 წელს დაიღუპა. მისი პოლონიუმით შესაძლო მოწამვლის თაობაზე 8 წლის შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟი, უცნაურად გამოიყურება.
ექსპერტი ამბობს, რომ 2004 წელს არაფატის პოლონიუმით მოწამვლა გამორიცხული იყო. თუნდაც იმიტომ, რომ მისი ავადმყოფობის სიმპტომები პოლონიუმით მოწამვლის სიმპტომებს საერთოდ არ ჰგავდა. გარდა ამისა, 2004 წელს, მისი სავარაუდო მოწამვლიდან 3 თვის შემდეგ, ექიმებმა ვერც პოლონიუმი იპოვეს და ვერც მოწამვლის რაიმე სხვა კვალი. პოლონიუმის ნახევრადდაშლის პერიოდი 138 დღეა, სრულ დაშლას კი 276 დღე სჭირდება, რის შემდეგაც ის ტყვიად გადაიქცევა. არაფატის სიკვდილიდან 8 წელი გავიდა და მისი ნივთების ექსპერტიზა, ამდენი ხნის შემდეგ, არ იძლევა პოლონიუმის კვალის აღმოჩენის საშუალებას. თეორიულად შეიძლება აღმოაჩინონ ტყვიის კვალი, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში - პოლონიუმის.
ვოლოდარსკი მხოლოდ ერთ შემთხვევას უშვებს: არაფატის ნივთებზე პოლონიუმი ახლახანს მოხვდა. მისი თქმით, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმაზე, რომ არაფატის ქვრივმა ეს ნივთები კიდევ ვიღაცას გადასცა, რის შემდეგაც მათზე პოლონიუმი გაჩნდა. დავირუსების შემდეგ კი ექსპერტიზაზე მოხვდა, სადაც პოლონიუმი გამოავლინეს. სხვა ვარიანტი არ არსებობს - დარწმუნებულია ექსპერტი. ის, ასევე, ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი სუხი არაფატს - იასირ არაფატის ქვრივს თავად არ მოუვიდოდა თავში.
„ჩემი აზრით, მას ეს რუსეთის სპეცსამსახურებმა უკარნახეს, რადგან მათ ინტერესებშია, რომ ახლა გარკვეული ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენონ ისრაელს. ირანის პრობლემის ირგვლივ მოლაპარაკებებში, რომელშიც ისრაელს ძალიან სერიოზულ როლი აქვს, სრული ჩავარდნაა. პუტინი ჩავიდა თელ-ავივში, მაგრამ მოლაპარაკებები იქ ვერაფრითაც ვერ დასრულდა. ცხადია, თამაშდება ძალიან სერიოზული კარტი, რადგან ისრაელის პოზიცია ირანის ბირთვულ პროგრამასთან შეურიგებელია, და ამ სიტუაციაში საჭირო იყო სერიოზული ოპერაციის ჩატარება და ისრაელისთვის მტკივნეული დარტყმის მიყენება. ობივატელის თვალსაზრისით, რუსეთი არანაირად არ შეიძლება დაინტერესებული იყოს არაფატის მოწამვლით ან მისთვის რაიმე ზიანის მიყენებით. ის რუსეთის მეგობარი იყო. ისრაელი კი მისი დიდი მტერი: ისრაელის სამხედროებმა ალყა შემოარტყეს მის რეზიდენციას, ტანკები ფანჯრებთან იდგა და არაფატი იძულებული იყო პარიზში გაქცეულიყო, სადაც მძიმედ დაავადდა და ა.შ. გასაგებია, რომ ერთადერთი დამნაშავე, რომლისკენაც მთელი მსოფლიო ხელს გაიშვერს, ისრაელია. ასეთი ფსევდომოწამვლა ამოცანების დიდ კომპლექსს წყვეტს. ჯერ ერთი, ბრალი ედება ისრაელს, მეორეც - წარმოიშვება აზრი, რომ რომ არა მარტო რუსეთი, არამედ დასავლეთის სპეცსამსახურებიც იყენებენ საწამლავებს, მათ შორის, პოლონიუმს. ეს კი, თავის მხრივ, ლიტვინენკოს ვერსიასაც ეჭვის ქვეშ აყენებს და ეს ყველაფერი რუსეთს აწყობს“ - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, ტექნიკურ დონეზე, რუსულ სპეცსამსახურებს ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება შეუძლიათ. მსგავსი ოპერაციები კი ასე ტარდება: ჩააგდებენ საინფორმაციო ბომბს, რომელიც ფეთქდება და ადამიანების თავებში ტოვებს გარკვეულ ინფორმაციას, რომ არაფატი პოლონიუმით მოკლეს. სწორედ ეს რჩება თავში და როცა ამ ისტორიას ლიტვინენკოს ისტორიას შეუთავსებ, ყურადღების ვექტორი რუსეთიდან დასავლეთის სპეცსამსახურებზე გადადის. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ამ ოპერაციის ძირითადი ამოცანა - აცხადებს ექსპერტი.
0