08:49:18     06-07-2012
გი დე მოპასანის გარდაცვალების დღისადმი („მინდვრებში“)
1893 წლის 6 ივლისს პარიზში გარდაიცვალა დიდი ფრანგი მწერალი გი დე მოპასანი.
პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უკვე გვაქვს გენიალური გი დე მოპასანის შესანიშნავი მოთხრობა „დუელი“, რომელიც თარგმნა იროდიონ ქავჟარაძემ. დღეს მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ დიდი ფრანგი მწერლის მოთხრობას „მინდვრებში“, რომელიც თარგმნა ნატალია ცაგარელმა. ეს ნაწარმოები პირველად გამოქვეყნდა 1882 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „გოლუაში“.
დიდი მწერლის სრული სახელია ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანი (Henry René Albert Guy de Maupassant). იგი დაიბადა 1850 წლის 5 აგვისტოს, საფრანგეთში, ნორმანდიაში, შატო მირომენილში, ქალაქ დიეპთან. მამა ძველი არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. ისინი ლორენიდან (ლოთარინგიიდან) გადმოსახლებულან ნორმანდიაში, დიდი მწერლის დაბადებამდე ერთი საუკუნით ადრე. დედა ლორა დე პუატვენი ბურჟუაზიული ოჯახის წარმომადგენელი იყო.
სწავლობდა ივტოს სემინარიაში, საიდანაც დაითხოვეს. შემდეგ რუანის ლიცეუმში გააგრძელებინეს სწავლა, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა მოსწავლემ. გატაცებული იყო პოეზიითა და თეატრით.
1870 წელს დაიწყო პრუსია-საფრანგეთის ომი. ახალგაზრდა გი დე მოპასანი არმიაში მოხალისედ ჩაეწერა. მსახურობდა რიგითად. 1871 წელს ომის დამთავრების შემდეგ იგი პარიზში გადავიდა. მათი ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყო. იძულებული იყო კლერკად ემუშავა საზღვა დეპარტამენტში.
დიდი გუსტავ ფრლობერი მისი დედის ახლობელი გახლდათ. პარიზში ფლობერის სახლში მომავალმა მწერალმა არა ერთი დიდი ადამიანი გაიცნო. 1878 წელს ის სახალხო ინსტრუქციის სამინისტროში გადაჰყავთ, სადაც რამდენიმე წამყვანი გაზეთის („ფიგარო“, „ჟილ ბლა“, „გოლუა“ და „ეკო დე პარი“) რედაქტორობდა.
თავისუფალ დროს მოთხრობებსა და ესსეებს წერდა. გატაცებით წერდა და შემდეგ ხევდა თავის ნაწარმოებებს, სანამ ფლობერმა არ მოიწონა მისი ქმნილებანი.
1880 წელს კრებულში „მედანის საღამოები“ დაიბეჭდა მისი პირველი ნოველა „ფუნთუშა“. ამ ნაწარმოებმა პოპულარობა მოუტანა. ამავე წელს გამოქვეყნდა კრებული 'ლექსები', შემდეგ ნოველათა კრებულები 'ტელიეს სახლი' (1881), „მადმუაზელ ფიფი“ (1882), „ვალდშნეპის მოთხრობები“ (1884), 'დღისა და ღამის ზღაპრები' (1885), 'პაწაწა როკი' (1886).
მწერლის დიდი ოსტატობა ჩანს, როგორც მის შესანიშნავ მოთხრობებში, ასევე რომანებში, „წუთისოფელი“ (1883), „ლამაზი მეგობარი“ (1885), 'მანტ-ორიოლი' (1886), 'პიერი და ჟანი', 'სიკვდილივით ძლიერი', „ჩვენი გული“. „წუთისოფელი“ გამოცმის წელსვე 25 000 ტირაჟით გაიყიდა, „ლამაზი მეგობარი“ 4 თვის მანძილზე 37-ჯერ გამოუციათ...
ლიტერატურულმა მოღვაწეობამ კარგი შემოსავალი მოუტანა. ეხმარებოდა დედას და ძმის ოჯახს. თუმცა, დაძაბულმა მუშაობამ ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე... უყვარდა განმარტოება. ბევრი იმოგზაურა ალჟირში, იტალიაში, ინგლისში, ბრეტანში, სიცილიასა და ოვერნში, და ყოველი მოგზაურობიდან ახალი კრებულით ბრუნდებოდა. ის თავისი კერძო იახტით ”ბელ-ამი” მოგზაურობდა, რომელსაც სახელი საკუთარი რომანიდან დაარქვა.
დაავადებული იყო სიფილისით, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა მის ფსიქიკას. ცხოვრების ბოლო წლებში დიდ მწერალს სულიერ ავადმყოფად თვლიდნენ.
დიდი გი დე მოპასანი გარდაიცვალა, როგორც ვთქვით, 1893 წლის 6 ივლისს, ვერ მოსწრო 43 წლის ასაკამდე მიღწევა...
დიდი მწერალი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში.
მინდვრებში
(თარგმნა ნატალია ცაგარელმა)
პატარა საკურორტო ქალაქის მახლობლად, მთის ძირას ერთმანეთის გვერდზე იდგა ორი ქოხმახი. ორი გლეხი თავდაუზოგავად შრომობდა ნაყოფიერ მიწაზე, რომ მოეხერხებინა მრავალცრიცხოვანი ოჯახის გამოკვება.
თითოეულ მათგანს ოთხი ბავშვი ჰყავდა. ორი მიმდებარე კარის წინ, დილიდან საღამომდე ბავშვების ჟრიამული ისმოდა. უფროსები 6 წლის იყვნენ, უმცროსები კი ჯერ მხოლოდ 15 თვის. როგორც ქორწინება, აგრთვე ბავშვების დაბადებაც ამ ორ ოჯახში ერთდროულად მოხდა. დედები ძლივს ასხვავებდნენ თავიანთ შვილებს, მამები კი გამუდმებით ურევდნენ 8 სახელს, რომლებიც თავში უტრიალებდათ. სანამ ერთ-ერთს დაუძახებდნენ ხშირად სამ დანარჩენ სახელსაც ჩამოთვლიდნენ ხოლმე.
როლპორტის სადგურიდან მომავალ ადმიანს პირველად ტუვაშების სახლი ხვდებოდა. მათ სამი გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავდათ, მეორე ღარიბული ქოხი კი ვალენებს ეკუთვნოდა, რომლებსაც სამი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდათ.
ორივე ოჯახი ძირითადად წვნიანსა და კარტოფილზე ცხოვრობდა. დილის შვიდ საათზე, შემდეგ შუადღისას და საღამოს ექვს საათზე, მშობლები აგროვებდნენ თავიანთ შვილებს გამოსაკვებად, ისევე როგორც მეფრინველეები აგროვებენ თავიანთ ფრინველს.
ბავშვები ასაკის მიხედვით ჩამწკრივებულიყვნენ ორმოცდაათწლიან გამოყენების შედეგად გაცვეთილ ხის მაგიდასთან. ყველაზე უმცროსი ძლივს წვდებოდა პირით მაგიდას. თითოეულს წინ ედო თეფში, სადაც პური ლბებოდა წყალში, რომელიც დაჭრილი კარტოფილის, ნახევარი კომბოსტოსა და სამი ხახვისაგან შედგებოდა. ბავშვების მთელი მწკრივი ჭამდა მანამდე, სანამ კიდევ უფრო არ მოშივდებოდა. ცოტას დედაც შეექცეოდა. შაბათობით ხორციანი წვნიანი ყველასთვის დღესასწაული იყო. ამ დღეს მამა შეყოვნდებოდა ხოლმე სადილად და იმეორებდა „დღეს მთელი დღე კარგად ვიქნები“.
აგვისტოს ერთ-ერთ ნაშუადღევს ქოხმახების წინ უეცრად მსუბუქი ავტომანქანა გაჩერდა. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც თვითონ მართავდა ავტომობილს მიმართა გვერდით მჯდომ მამაკაცს: „შეხედე ანრი, რამდენი ბავშვია! რა კარგები არიან ასე მტვერში ამოსვრილებიც კი!“
მამაკაცმა არაფერი უპასუხა, ის მიჩვეული იყო ასეთ აღფრთოვანებას, რაც მისთვის დარდისა და საყვედურის ტოლფასი იყო. ახალგაზრდა ქალმა განაგრძო: „უნდა მოვეფერო, როგორ მინდა ერთი ასეთი მეც მყავდეს, აი ისეთი, ყველაზე პატარა რომ არის“.
ამ სიტყვებზე ქალი გადმოხტა მანქანიდან და ბავშვებისკენ გაიქცა, ხელში აიყვანა ტუვაშების ერთ-ერთი ნაბოლარა ბავშვი და ჩაეხუტა, ის მგზნებარედ კოცნიდან ბავშვის ჭუჭყიან ლოყებს, რომელსაც მას ქერა მიწით მოსვრილი თმები უფარავდა. პატარა ცდილობდა ხელით მოეგერიებინა გამაღიზიანებელი ალერსი.
მალე ქალი დაბრუნდა მანქანაში და წავიდა. თუმცა შემდეგ კვირას ის კვლავ დაბრუნდა. დაჯდა მიწაზე, აიყვანა ბავშვი, ნამცხვრებით გაუმასპინძლდა, დანარჩენებს კანფეტები დაურიგა. ეთამაშა მათ, როგორც თანატოლი, ამასობაში მისი ქმარი მოთმინებით იცდიდა მომცრო ზომის მანქანაში.
ქალი არაერთხელ გამოჩნდა, გაიცნო ბავშვების მშობლები, ის ბრუნდებოდა ყოველ დღე ტკბილეულით სავსე ჯიბეებით.
მას ქალბატონი ანრი დიუბიერი ერქვა.
ერთ დილას, როდესაც ის მივიდა ჩვეულ ადგილას, მეუღლე მასთან ერთად გადმოვიდა მანქანიდან.
ამჯერად ისე, რომ უკვე კარგად ნაცნობ ბავშვებთან არც გაჩერებულა, ქალმა პირდაპირ გლეხების საცხოვრებელს მიაშურა.
ტუვაშები სახლში იყვნენ, შეშას ჩეხავდნენ სადილის მოსამზადებლად. სტუმრების დანახვაზე, გაკვირვებულები გასწორდნენ, ახლადმოსულებს სკამები შესთავაზეს და გაჩერდნენ. ლაპარაკი ახალგაზრდა ქალმა დაიწყო წყვეტილი მოკანკალე ხმით: „ჩემო კარგო ადამიანებო, მე მოვედი თქვენთან, რადგან მე ვისურვებდი რომ თან წავიყვანო თქვენი... თქვენი პატარა ბიჭი“...
გლეხები გაოგნებულები გაურკვევლად დუმდნენ. ახალგაზრდა ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო: - „ჩვენ შვილები არ გვყავს, მარტო ვართ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენ მას მოვუვლით, თანახმა იქნებით?“
გლეხის ქალმა ნელ-ნელა გაიაზრა რაც ხდებოდა და იკითხა: - „თქვენ გსურთ ჩვენი შარლო წაიყვანოთ? არა რა თქმა უნდა“.
ამ დროს ბატონი დიუბიერი ჩაება საუბარში : „ჩემმა მეუღლემ კარგად ვერ აგიხსნათ, ჩვენ გვსურს ვიშვილოთ ის, თუმცა ის დაბრუნდება თქვენს სანახავად. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ის ჩვენი მემკვიდრე გახდება. თუ შემთხვევით შვილები შეგვეძინება, შარლოს მათი თანასწორი წილი ერგება.
თუ ის არ უპასუხებს ჩვენ ზრუნვას, სრულწლოვანების მიღწევისას ის მაინც მიიღებს ოც ათას ფრანკს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაირიცხება ნოტარიუსთან მის სახელზე. ვინაიდან ჩვენ თქვენზეც ვფიქრობთ, სიკვდილამდე ყოველ თვე გადაგიხდით ას ფრანკს. კარგად გაიგეთ ჩემი ნათქვამი?“
განრისხებული ფერმერი ქალი წამოდგა:
- „თქვენ გსურთ, რომ მე თქვენ შარლო მოგყიდოთ?, არა რა თქმა უნდა. ასეთ რამეს დედას არ ეკითხებიან, რა თქმა უნდა არა! ეს ამაზრზენი იქნება“.
მისი ქმარი არაფერს ამბობდა, სერიოზული სახით იჯდა და ფიქრობდა, თუმცა თავის მოძრაობით კვერს უკრავდა მეუღლეს.
დაბნეულმა ქალბატონმა დუბიერმა ტირილი დაიწყო, ის, როგორც ბავშვი, რომლის ყველა სურვილიც სრულდება, მიუბრუნდა თავის მეუღლეს და აქვითინებულმა უთხრა: „მათ არ სურთ, ანრი, არ სურთ!“ შემდეგ სტუმრებმა კიდევ ერთი მცდელობა განახორციელეს „მაგრამ, მეგობრებო, დაფიქრდით თქვენი შვილის ბედზე, მის ბედნიერებაზე, მის...“
გაღიზიანებულმა გლეხმა მამაკაცს სიტყვა გააწყვეტინა.
- „ყველაფერი დავინახეთ, ყველაფერი გავიგეთ და ყველაფერი მოვიფიქრეთ... წაბრძანდით და აქ აღარასდროს მოხვიდეთ. არ შეიძლება ადამიანმა ბავშვის ესე წაყვანა მოინდომოს.!“
შემდეგ ქალბატონმა დიუბიერმა დაინახა რომ იქვე ორი პატარა ბავშვი თამაშობდა და როგორც განებივრებულმა ქალმა, რომელიც არ იყო მიჩვეული უარის თქმას თავის სურვილებზე, ცრემლიანი თვალებით ჯიუტად იკითხა:
- „მეორე პატარა თქვენი არ არის?“
ტუვაშების ოჯახის უფროსმა უპასუხა : „არა ეს მეზობლის ბავშვია, თუ გსურთ, შეგიძლიათ მათთან წახვიდეთ“, შემდეგ ის შებრუნდა სახლში, სადაც ისევ ისმოდა მისი აღშფოთებული ცოლის ხმა.
ვალენები სუფრასთან ისხდნენ და აუჩქარებლად შეექცეოდნენ პურის ნაჭრებს, რომელსაც დანის წვერით, ძუნწად უსვამდნენ კარაქს შუაში მდგარი ლამბაქიდან.
ბატონმა დიუბიერმა დაიწყო თავისი წინადადება, მაგრამ უფრო გადაკვრით, მეტი ორატორული სიფრთხილითა და ეშმაკობით.
ვალენებმა უარის ნიშნათ თავი გააქნიეს.
თუმცა, როდესაც შეიტყეს, რომ თვეში ას ფრანკს მიიღებდნენ, დაფიქრდნენ, თვალებით ერთმანეთს რჩევა ჰკითხეს, იყოყმანეს.
დიდი ხნის განმავლობაში დუმილი ჩამოწვა, მტანჯველი და ორაზროვანი.
ბოლოს ქალმა მიმართა თავის მეუღლეს: - „როგორ მოვიქცეთ?“ ამ უკანასკნელმა დიდაქტიკური ტონით უპასუხა: - „მე ვიტყოდი, რომ ეს ამაზრზენი საკითხია“.
შემდეგ შიშისაგან აკანკალებული ქალბატონი დიუბიერი ესაუბრა მათ პატარას ბედზე, მის ბედნიერებაზე, იმ თანხაზე რომელიც მას მოგვიანებით შეეძლო მიეცა საკუთარი ოჯახისთვის.
გლეხმა იკითხა: „ამ 1200 ფრანკის გადმოცემა ნოტარიუსის თანდასწრებით იქნება დადასტურებული?“
ბატონმა დიუბიერმა უპასუხა: -„რა თქმა უნდა ხვალიდანვე“. შემდეგ ფერმერმა განაცხადა: - „თვეში ასი ფრანკი არ არის საკმარისი ბავშვის წასაყვანად; რამდენიმე წელიწადში ეს ბავშვი მუშაობას დაიწყებს; თქვენ 2 ათასი ფრანკი უნდა მოგვცეთ.“
ქალბატონმა დიუბირმა მოუთმენლობისგან ფეხები დააბაკუნა და მაშინვე დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას. რადგან ძალიან უნდოდა ბავშვის წაყვანა, მან ასი ფრანკი საჩუქრად გადასცა ოჯას, სანამ მისი მეუღლე დოკუმენტს ადგენდა. ქალაქის თავი და მეზობელი სიამოვნებით დათანხმდნენ ყოფილიყვნენ ამ შეთანხმების მოწმეები.
ახალგაზრდა ქალმა სიხარულისგან გაბადრულმა აიყვანა ატირებული პატარა ბავშვი, ისე როგორც სასურველი სუვენირი მაღაზიაში.
ტუვაშები საკუთარი ზღურბლიდან მდუმარედ, მრისხანე სახით ადევნებდნენ თვალს ამ სანახაობას და შესაძლოა ნანობდნენ კიდეც რომ თვითონ უარით გაისტუმრეს დიუბიერები.
ამის შემდეგ, ჟან ვალენის შესახებ საუბარი აღარ ყოფილა. მისი მშობლები ყოველ წელს მიდიოდნენ თავიანთი 2000 ფრანკის გამოსატანად ნოტარიუსისგან. ისინი გაბრაზებულები იყვნენ თავიანთ მეზობლებზე, რადგან ტუვაშების ოჯახის დედა მათ უწოდებდა უსინდისოებს, პირისპირ გამუდმებით უმეორებდა, რომ არაადამიანობაა საკუთარი შვილის გაყიდვა, რომ ეს არის საზარელი ფაქტი, სიბინძურე, გახრწნილობა.
ხანდახან ის ამაყად ხელში აიყვანდა ხოლმე თავის შარლოს და ხმამაღლა მეზობლების გასაგონად ამბობდა „მე შენ არ გაგყიდი, მე შენ არ გაგყიდი ჩემო პატარა. მე შვილებს არ ვყიდი. მართალია მდიდარი არ ვარ, მაგრამ ჩემ შვილებს არ ვყიდი“.
მსგავსი რამ მეორდებოდა ყოველ დღე წლიდან წლამდე. ყოველ დღე მეორდებოდა უხეში მინიშნებები, რომელსაც წამოიყვირებდა ხოლმე ტუვაშების დედა მეზობლების გასაგონად. ის ფიქრობდა, რომ მთელ მხარეში ყველაზე უკეთესი იყო, რადგან შარლო არ გაყიდა. ისინი ვინც მასზე საუბრობდნენ ამბობდნენ: „ეს მისაბაძია, სულერთია, ის მოიქცა როგორც კარგი დედა“.
მის სიტყვებს იმეორებდნენ; შარლო, რომელიც ამასობაში 18 წლის გახდა, ის ამ ატმოსფეროში გაიზარდა და ფიქრობდა რომ თავის მეგობრებზე უკეთესი იყო, „რადგან არ გაყიდეს.“
ვალენები ყოველთვიური შემოსავლის წყალობით ისე ცხოვრობდნენ როგორც სურდათ, ტუვაშები, რომელთა რისხვაც არ ნელდებოდა ისევ ღარიბებად რჩებოდნენ.
მათი უფროსი ვაჟი სამხედრო სამსახურში წავიდა. მეორე გარდაიცვალა. შარლო მარტო დარჩა შრომისგან გადაღლილ მამასთან ერთად. მას უნდა გამოეკვება დედა და ორი უმცროსი და. ის 21 წლის იყო, როდესაც ერთ დილას ორი ღარიბული ქოხის წინ ძვირფასი ავტომანქანა გაჩერდა. ავტომაქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა კაცი ოქროს ძეწკვიანი საათით, ის გადმოსვლაში დაეხმარა ჭაღარათმიან მოხუც ქალს.
მოხუცმა უთხრა მას: - „აი აქ არის ჩემო შვილო, მეორე სახლი“.
ყმაწვილი როგორც საკუთარ სახლში ისე შევიდა ვალენების ღარიბულ ქოხში.
მოხუცი ქალი თავის წინსაფრებს რეცხავდა; დაუძლურებულ მამას კერიის წინ ეძინა. ორივე მათგანმა თავი წამოწია. ახალგაზრდა კაცმა წამოიძახა:
- „გამარჯობა მამა, გამარჯობა დედა“.
ისინი დაბნეულები წამოდგნენ. ქალს საპონი წყალში ჩაუვარდა და წაიბუტბუტა:
- „ეს შენ ხარ შვილო, ეს შენ ხარ?”
ყმაწვილი ჩაეხუტა თავის მშობლებს, თან იმეორებდა „გამარჯობა დედა“. მოხუცი ვალენი კანკალით, თავისი მშვიდი ტონით იმეორებდა „დაბრუნდი ჟან?“ თითქოს წინა თვეშიო ენახოს თავისი შვილი.
როდესაც ცოტა გაშინაურდნენ, მშობლებმა მოინდომეს მათი ვაჟი ყველასთვის ეჩვენებინათ. წაიყვანეს ის მერიაში, მოადგილესთან, მღვდელთან, მასწავლებელთან.
შარლო უყურებდა მათ თავისი ღარიბული სახლის ზღურბლიდან.
საღამოს, ვახშმის დროს მან უთხრა თავის მშობლებს: - „სულელები იყავით, რომ იმ ხალხს ვალენების შვილის წაყვანის საშუალება მიეცით?“
დედამისმა ჯიუტად უპასუხა
„ჩვენ არ გვინდოდა ჩვენი შვილის გაყიდვა“
მამა დუმდა.
ვაჟმა საუბარი გააგრძელა: „უბედურება არ არის იყო ასეთი მსხვერპლი?“
შემდეგ ბატონმ ტუვაშმა გაღიზიანებული ტონით წარმოთქვა: - „შენ გვსაყვედურობ, რომ არ გაგყიდეთ?“ ახალგაზრდა კაცმა უხეშად მიუგო: - „დიახ, გსაყვედურობთ, თქვენ ზუსტადაც რომ უარმყავით. თქვენნაირი მშობლები თავიანთ შვილებს აუბედურებენ. თქვენ იმსახურებთ რომ დაგტოვოთ.“
დედა ტიროდა. ის ოხრავდა და თან კოვზით იღებდა წვნიანს, რომლის ნაწილიც თეფშში ესხმებოდა.
- „დაგვხოცონ ბარემ შვილის გაზრდისთვის“
შვილმა უხეშად უპასუხა:
- „მე ვამჯობინებდი საერთოდ არ ვყოფილიყავი, ვიდრე ვყოფილიყავი ის ვინც ვარ. ცოტა ხნის წინ, როდესაც ჟან ვალენი დავინახე, სისხლი ამემღვრა. ჩემ თავს ვუთხარი „აი ვინ ვიქნებოდი ეხლა.“
ის წამოდგა.
- „მისმინეთ, მე ვთვლი რომ უკეთესი იქნება თუ აქ არ დავრჩები, რადგან გამუდმებით უნდა გისაყვედუროთ დილა იქნება თუ საღამო, ეს სიცოცხლეს გაგიმწარებთ. როგორც ხედავთ, ამას ვერასოდეს გაპატიებთ!“
მოხუცები გაჩუმდნენ, გაოგნებულები და აცრემლებულნი.
მათმა ვაჟმა განაცხადა:
- „არა ეს მეტისმეტი სისასტიკე იქნება. აჯობებს წავიდე და ჩემი ბედი სხვაგან ვეძებო.“
მან კარი გააღო. გარედან ხმაური შემოდიოდა.
ვალენები დღესასწაულობდნენ დაბრუნებულ შვილთან ერთად.
შარლომ ფეხები დააბაკუნა, მშობლებისკენ მოტრიალდა და შესძახა:
- „მოხუცებო, წავედი“.
ის სიბნელეში გაუჩინარდა.
0