17:49:35     05-07-2012
კრისტოფ ლიზეკე: „პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა არასოდეს მთავრდება კარგად”…

სტრასბურგში ევროპელმა კანონმდებლებმა დებატები გამართეს, სადაც ერთ-ერთი თემა საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები იყო. ევროპარლამენტარები ქვეყნის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებენ, უზრუნველყონ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში პროგრესია დემოკრატიის კუთხით და ასევე დადებითად შეაფასეს „must carry“-ის პრინციპის დანერგვა საქართველოში.
სტრასბურგში კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საქმიანობასა და ბიძინა ივანიშვილზეც იყო მსჯელობა. ივანიშვილზე მსჯელობისას კი ევროპარლამენტართა შეფასება შემდეგი სახის იყო- „პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა, არასდროს მთავრდება კარგად“.
„ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. არსებობს ორი მოსაზრება, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციონერ კანდიდატს ივანიშვილს, მეორე მხრივ კი, ივანიშვილი თავის არათანაბარ ფინანსებს იყენებს საარჩევნო თამაშისთვის. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული კონკურენციის გარემო და ხმები არ იყიდება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა მავროიანისმა.
ევროპარლამენტარი ნიკოლაი ნორიცა კი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს და ყოველთვის მხარს უჭერდა წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს, რომელსაც შეუძლია ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება.
ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი ულრიკე ლუნაჩეკი აცხადებს, რომ არ არის მოსაწონი პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა. მისი თქმით, საჭიროა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ტრასფარენტულობა.
„ არ მომწონს ოლიგარქები პოლიტიკაში. ის, თუ რამდენი ფული გაქვს, არ შეიძლება იყოს იმის კრიტერიუმი, აგირჩევენ თუ არა“, - განმარტავს ლუჩანეკი.
შეგახსენებთ, რომ ევროპალენტში გამართული დებატების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა გაავრცელა.
ტელევიზიის ინფორმაციით, სტრასბურგში მყოფმა თინა ხიდაშელმა გუშინ ერთ-ერთ ტელევიზიაში ჩართვის დროს იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ევროპარლამეტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება და თავინთი კრიტიკული პოზიცია პრეზიდენტს სააკაშვილის მიმართ დააფიქსირეს.
ის, რომ ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის ფინანსურ რესურს არასწორად იყენებს არ მოწონს ევროპარლამენტარ კრისტოფ ლიზეკეს. მან თავის შეფასებისას განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციის ახალი ლიდერი გამოჩნდა, რომელსაც დიდი ქონება აქვს და მისი ბიუჯეტი საქართველოს ეროვნულ ბიუჯეტს აღემატება. ეს ადამიანი ფულს არასწორად იყენებს. მან 18 ბრიტანული და ამერიკული კომპანია დაიქირავა. პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა არასდროს მთავრდება კარგად. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი ქართული ოპოზიციისთვის“, -დასძინა ლიზეკმა.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ქართულ ოპოზიციურ კოალიციას აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. ევროპარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციას აქვს ხმების მოსყიდვის მცდელობა და მას, სავარუდოდ ოცჯერ მეტი ფული აქვს, ვიდრე სახელისუფლებო პარტიას. საჭიროა გარკვეული კონტროლი დაწესდეს ოპოზიციაზე“-ეს უკვე ევროპარლამენტარ ელმარ ბროკის განცხადებაა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა კი ტელეკომპანია „მაეტროს“ ერთერში ჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დადებითი შეფასება მხოლოდ ვიტაუტას ლანდსბერგისს ჰქონდა და მხოლოდ ის იცავდა საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს.
ხიდაშელს „ქართული ოცნების“ დიპლომატების მარცხზე, რომლებიც ევროპარლამენტში დებატებზე იმყოფებოდნენ, არაფერი უთქვამს. ხიდაშელმა ევროპარლამენტარის გამოსვლას არაადეკვატური უწოდა.
ევროპარლამენტარმა დეპუტატმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა კი განაცხადა, რომ არსებობს სამი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა მომავალი არჩევნების დროს საქართველოში დესტაბილიზაცია და უცხო ქვეყნის მიერ სისხლიანი ინტერვენცია გამოიწვიოს. მან პირველ ფაქტორად რუსული ფულის დიდი ოდენობით ჩარევა დაასახელა.
„საშიშროებაა, რომ შემოიკრიბონ კორუმპირებული პოლიტიკოსები და ღარიბი ხალხი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოაშორონ ევროპულ პოლიტიკას და პრორუსული გეზი დაუბრუნონ მას. მეორე ფაქტორი არის მოახლოებული არჩევნების დროს ძლიერი სამხედრო წვრთნები საქართველოს საზღვრებთან, ალბათ, ქუჩის დაპირისპირების მოლოდინით. მთავარი საშიშროება კი, რუსეთის ფინანსური დაღმასვლა და სოციალური კრიზისია. რუსეთის მთავრობა შეეცდება, რომ ხალხის ყურადღება გარეშე მტერზე გადაიტანოს და განაახლოს სისხლიანი ძალადობა“, -აღნიშნა ლანდსბერგისმა.
ევროპარლამენტარი ჩარლზ ტანოკი კი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი შს მინიტრი დანიშნა.
„ვანო მერაბიშვილი გააგრძელებს დასავლეთზე ორიენტირებულ რეფორმებს. იმედი მაქვს, რომ თავისუფალ და გამჭირვალე არჩევნებს, ევროკავშირის მისიაც დააკვირდება“.
ევროპარლამენტის წევრი ტუნე კლემი განმარტავს, რომ გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ არ მოხდება გარეშე ძალის ჩარევა, საქართველოს ევროპული გზიდან გადასაყვანად. „ახალი პოპულისტური და ნაციონალისტური ძალების გამოჩენამ ლეგიტიმური კითხვები დასვა. მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არის მეწილე „ლუკოილსა“ და „გაზპრომში“. ვფიქრობ ეს საკმარისია იმის გასარკვევად, თუ ვის მხარესა ის“.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ფრანგულ გამოცემა „la monde“-ში გამოქვეყნდა ვრცელი წერილი, რომლის ავტორიც „ევროპის სახალხო პარტის“ პრეზიდენტი ვილფრეს მარტენსია. მარტენსი წერილში წერს, რომ ნეოოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გარყვნას პოლიტიკა და ის თავის უდიდეს ფინანსურ რესურსს არცთუ ლეგიტიმური გზით იყენებს.
0