16:30:18     05-07-2012
ცხინვალს პუტინის რევიზორები ეწვივნენ

რუსული მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონს ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სოციალ–ეკონომიკურ საკითხებში, ტატიანა გოლიკოვა.
ცნობილია, რომ პუტინის ხელქვეითი ჩინოვნიკები მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამას გარდა, ისინი დაათვალიერებენ ცხინვალის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და რეგიონის რაიონებსაც. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ვიზიტს არაოფიციალური ამოცანებიც აქვს. თუ რა, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
სავარაუდოდ, გამორიცხული არ არის, საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდეს, რომ ედუარდ კოკოითს ვადიმ ბროვცევთნ ერთად ვირის აბანოში ამოაყოფინონ თავი. თუმცა, აქ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ პრინციპულად მიუდგებიან ამ საკითხს, როგორც კრემლში, ასევე მარინეტული ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალში. თუმცა, ყველაფრიდან ჩანს, რომ საბოლოოდ ყველა კორუფციული სქემა უშუალოდ კოკოითზე გავა.
ცხინვალში გოლიკოვამ თიბილოვს განუცხადა, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დაფინანსების სქემა შეიცვალა და ახლა რუსული დახმარება მთავრობათშორისი კომისიის მეშვეობით განხორციელდება.
„მასში შევიდნენ ყველა წამყვანი სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც თქვენთან მანამდეც თანამშრომლობდნენ. ამ კომისიის ყველა გადაწყვეტილება სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროებში კოორდინირებული იქნება ჩემი და რაშიდ ნურგალიევის მიერ“ – განუცხადა გოლიკოვამ მთავარ ცხინვალელ მარიონეტს, ლეონიდ თიბილოვს.
მანვე დასძინა, რომ შესაბამის ბრძანებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
ერთ–ერთმა ყველაზე ანტიქართულად განწყობილმა და მარიონეტთა მოყვარულმა რუსმა ექსპერტმა, მოდესტ კოლეროვმა აღნიშნა, რომ რომ უშიშროების საბჭოს პრაქტიკაში მსგავსი კომისია უკვე არსებობდა, ოღონდ დსთ–ს ქვეყნებთან მუშაობის საკითხებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცხინვალში ნურგალიევისა და გოლიკოვას ვიზიტი დაემთხვა იმ პერიოდს, როცა რუსული და „სამხრეთოსური“ კამპანიებისა და ხელმძღვანელ პირთა მიმართ თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ამიტომაც, საინტერესოა, რა პერსპექტივა ელით მათ. გამოითხოვს და შეისწავლით ამ საქმეებს მოსკოვი თუ არა?
იმავე მოდესტ კოლეროვს მიაჩნია, რომ „ყოფილ „პრემიერ–მინისტრ“ ვადიმ ბროვცევს მოუწევს ჩვენების მიცემა“.
მარიონეტი მთავრობის წყაროს თქმით, რუსი ჩინოვნიკები ცხინვალში ჩავიდნენ, რათა გააანალიზონ სიტუაცია და შეადარონ ერთმანეთს ის ინფორმაციები საქმის ვითარების შესახებ, რაც დღემდე მოსკოვს მიეწოდებოდა.
გოლიკოვა და ნურგალიევი შეისწავლიან იმასაც, თუ რაში გაიხარჯა რუსეთის მიერ გამოყოფილი 43 მილიარდი რუბლი.
ცხინვალელი პოლიტიკოსის, ვიაჩესლავ გობოზოვის მოსაზრებით, პუტინის კარის მაღლჩინოსნების ცხინვალში ჩასვლა ახალი ხელისუფლებისთვის კარგ შანსს წარმოადგენს, რომ მათ წამოსწიონ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული კორუფციის საკითხები. როგორ გამოიყენებენ თიბილოვი და მისი მარიონეტები ამ შესაძლებლობას, მალე გამოჩნდება.
0