12:48:36     05-07-2012
„ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს, ანგარიშებს დაუყადაღებენ

აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სასამართლოდან აღსრულების ფურცელი ჯერ არ მიუღიათ, რომლის საფუძველზეც ექვსი პოლიტიკური პარტიის მიმართ, სამართლის აღსრულების იძულებითი წესი უნდა განახორციელოს.
ამის შესახებ, „პრესა. ჯი“- ს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრეს–სამსახურის თანამშრომელმა ბესო ლილუაშვილმა განუცხადა.
„ჩვენთან ჯერ სასამართლოდან არ შემოსულა აღსრულების ფურცელი, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. დღის განმავლობაში, ველოდებით სასამართლოდან აღსრულების ფურცელს, მოგვიანებით კი იქნება მსჯელობა, თუ რა ფორმით მოხდება სამართლის აღსრულება“- განაცხადა ლილუაშვილმა.
კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე, დაჯარიმებულ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ ექვს პოლიტიკურ პარტიას, დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა, გუშინ ამოეწურა.
პოლიტიკური პარტიები, თანხის გადახდას არ აპირებენ. ამ გადაწყვეტილებას კი, ორი მიზეზით ხსნიან. კოალიციაში შემავალ პარტიებს მიაჩნიათ, რომ დაკისრებული ჯარიმა უკანონოა, მეორე მიზეზი კი, პარტიების ანგარიშზე თანხის არ არსებობაა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი სანდრო ბარამიძე, „პრესა.ჯი“- სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს, აღსრულების ეროვნული ბიუროდან, იძულებითი აღსრულების დაწყებისთვის აუცილებელი შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღიათ.
ბარამიძე არ ფლობს ინფორმაციას, შეცვლიან თუ არა პარტიები გადაწყვეტილებას და გადაიხდიან თუ არა მათთვის დაკისრებულ ჯარიმას. მას შემდეგ, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ექვს პოლიტიკურ პარტიას გაეგზავნება იძულებითი აღსრულების დაწყებისთვის აუცილებელი შეტყობინება, მათ მიეცემათ ხუთდღიანი ვადა ჯარიმის გადახდისთვის. ამის შემდეგ კი, აღსრულების იძულების წესი ამოქმედდება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს ანგარიში და ქონება დაუყადაღოს. მიიღებს თუ არა აღსრულების იძულების წესის ამ ფორმას ბიურო, ამაზე პასუხი ნიკა მელიას უწყებაში არ აქვთ.
„ჯერ არ ვიცით, რა ფორმას გამოიყენებს აღსრულების ეროვნული ბიურო. შესაძლოა, ეს იყოს ანგარიშის დაყადაღება, ან სხვა რამ, რასაც კანონი ითვალისწინებს“ - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ექვსი პოლიტიკური პარტია, მიმდინარე წლის 27 ივნისს დააჯარიმა. სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს კონტროლის პალატის შუამდგომლობა და კოალიცაში შემავალი ექვსი პოლიტიკური პარტია და თავად საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმების საფუძველი კი, პარტიების მიერ მიღებული უკანონო შემოწირულობა გახდა. როგორც კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები: „ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები,” „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
0