17:41:24     04-07-2012
მოსკოვის „მოძმე“ ტუვალუმ და ვანუატუმ, მხარი ქართულ რეზოლუციას დაუჭირეს

ტუვალუმ და ვანუატუმ მოსკოვსა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებს იმედები გაუცრუეს. წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოები, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამუკიდებლობას, იმ 60 სახელმწიფოს რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებმაც გუშინ, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ქართული რეზოლუციის პროექტს დაუჭირეს მხარი.
ტუვალუსა და ნაურუს რაიმე პოზიცია წინასწარ არ გამოუთქვამთ. კენჭისყრის შედეგების გადახედვისას კი გაირკვა, რომ მათ იგნორირება გაუკეთეს კენჭისყრამდე რუსეთის წარმომადგენლის მიერ ჩატარებულ აგიტაცია-პროპაგანდას იმის შესახებ, რომ ასამბლეის წევრები უნდა დაფიქრდნენ და არ უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მიერ შეთავაზებულ რეზოლუციის პროექტს. ვიტალი პანკინი აცხადებდა, რომ რეგიონში ახლა „სხვა გეოპოლიტიკური ვითარებაა“ შექმნილი, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს.
ტუვალუსა და ვანუატუს აღნიშნული პოზიცია იმიტომაც გახდა მოულოდნელი, რომ ეს ის სახელმწიფოებია, რომლებიც წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცნენ მაშინ, როცა მოსკოვთან ითანამშრომლეს და სეპარატისტული სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა რუსული ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონების სანაცვლოდ აღიარეს.
სახელმწიფოების სიაში კი, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რუსეთთან ერთად აღმოჩნდნენ სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმა, სუდანი, ზიმბაბვე, სირია, შრი-კანკა, ვიეტნამი, სერბეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ, რომელმაც, როგორც ჩანს, იოლად ვერ გადაუსვა ხაზი აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ, რუსეთის მიერ გადახდილ 50 მილიონ დოლარს.
როგორც ცნობილია, გუშინ მხარდაჭერილი დოკუმენტით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა ჟენევის დისკუსიების მონაწილე მხარეებს გააქტიურონ ძალისხმევა მყარი მშვიდობის დასამყარებლად, შეთანხმდნენ ნდობის გამყარების უფრო ეფექტურ ზომებში და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რათა საკუთარ სახლებში დაბრუნებულ დევნილებს ცხოვრების ღირსეული საშუალება მიეცეთ. რეზოლუცია ასევე გულისხმობს დევნილთა დაბრუნების გრაფიკის შედგენას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას.
0