20:25:06     03-07-2012
მოსკოვში რომან დუმბაძის მკვლელები დააკავეს…

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გენერალ რომან დუმბაძის მკვლელების დაკავების შესახებ იუწყება. საგამოძიებო ორგანო აცხადებს, რომ დააკავეს დანაშაულის უშუალო შემსრულებლები, - დაქირავებული მკვლელები, რომლებიც საქართველოდან არიან. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ამ დროისათვის მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
„ამ დროისათვის შეიარაღებული ჯგუფის სამ წევრთან, რომლებიც საქართველოდან არიან, აუცილებელი საგამოძიებო პროცედურები ტარდება“ - განაცხადეს საგამოძიებო კომიტეტში. გამოძიება უახლოეს პერიოდში აპირებს ბრალის წაყენებას. უკვე ჩატარდა ჩხრეკა დაკავებულთა საცხოვრებელ მისამართებზეც.
„გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეები, რომლებიც დაქირავებულები იყვნენ, სხვა რიგ, მოსკოვის რაიონში მომხდარ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებთანაც არიან კავშირში“ - იტყობინება გამოძიება.
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები გენერალ დუმბაძის მკვლელობისთანავე ამტკიცებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა შეკვეთილ მკვლელობას. გაზეთი „იზვესტია“ კი იუწყებოდა, რომ გამოძიება მუშაობდა ვერსიაზე, რომლის თანახმადაც დუმბაძეს „შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურები გაუსწორდნენ“, თუმცა ამ ვერსიას ვერ უთავსებდნენ ფაქტს, თუ რატომ დათანხმდა მაშინ ქართული მხარე დუმბაძის გაცვლაში და რატომ გადასცა ის რუსეთს. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, დუმბაძე, შესაძლოა, ტარიელ ონიანის კლანის მსხვერპლი გახდა.
შეგახსენებთ, რომან დუმბაძე მოსკოვში, რუბლიოვკის გზატკეცილზე 21 მაისს მოკლეს.
ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რუსეთში 2008 წლის შემდეგ ცხოვრობდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ აჭარაში განვითარებული მოვლენების დროს რომან დუმბაძემ უარი თქვა დამორჩილებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანებებს და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ასლან აბაშიძის ბრძანებებს შეასრულებდა. ის 2006 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა, დუმბაძის აგვისტოს ომის დროს დატყვევებულ ქართველ სამხედროებზე გაცვლა ითხოვა. გენერალი, ენგურის ხიდიდან, სადაც გაცვლა შედგა, პირადად რუსმა გენერალმა ბორისოვმა წაიყვანა. 2010 წელს, რომან დუმბაძეს რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეობა მისცა.
0