16:21:20     03-07-2012
ჩრდილოეთ კავკასიაში „რობინ ჰუდები“ გამოჩნდნენ...
დაღესტნელ ძალოვანთა შიში რომ რესპუბლიკაში არაკონტროლირებადი ანტივაჰაბიტური შეიარაღებული დაჯგუფება გაჩნდებოდა, გამართლდა. კბილებამდე შეიარაღებულმა ნიღბოსანთა დაჯგუფებამ ინტერნეტით მოუწოდა ბანდიტებს დანებულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მათ ყველა მხარდამჭერებთან და ასევე ქონებასთან ერთად განადგურებას დაჰპირდნენ.
მიმართვის ადრესატი დაღესტნის ყიზილიურტის რაიონის ე.წ. ამირი, ტემირბეკოვია. რესპუბლიკის შსს–ში მოხალისე მხარდამჭერთა გამოჩენით ძალზე შეშფოთებულნი არიან და სკანდალური ვიდეოჩანაწერის ავტორთა გამოვლენას ცდილობენ.
ანტი ვაჰაბიტების ვიდეომიმართვა 30 ივნისს YouTube–ზე გამოქვეყნდა. სამწუთიან ჩანაწერში სიბნელეში მდგარი, კამუფლიაჟში გამოწყობილი შავნიღბოსანი მამაკაცები იარაღით ხელში არიან გამოსახულნი. ვიდეოზე მინაწერს თუ დავუჯერებთ, ეს ხალხი სახალხო ლაშქარს წარმოადგენს და მათი რაზმის სახელწოდებაა „რობინ ჰუდები“. ისინი აცხადებენ, რომ ყიზილიურტსა და მის რაიონში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან.
ვიდეოზე გამოსახული მამაკაცი ხრიწიანი ხმითა და დამახასიათებელი კავკასიური აქცენტით ტემირბეკოვს მიმართავს:
„ტემირბეკ, მშიშარა ტურავ! მოგმართავთ ყიზილიურტისა და რაიონის მცხოვრებნი. ჩვენ ვაპირებთ ჩვენს სოფლებში მილიციისა და „ფეესბეს“ დახმარების გარეშე წესრიგი დავამყაროთ, რადგანაც ისინი ამას ვერ ახერხებენ.
დაღესტნის შს სამმართველოს ინფორმაციით, ვიდეომიმართვის დღეს რესპუბლიკურმა პოლიციამ სოფელ მაცეევკას მახლობლად ტყეში საზაფხულო ბანაკი აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ ყიზილიურტის ბანდას ეკუთნოდა, მაგრამ მათ ძალავანთა მისამართით რამდენჯერმე გასროლის შემდეგ ამ ადგილის დატოვება მოასწრეს. კარვებში მხოლოდ იარაღი და ექსტრემისტული შინაარსის ლიტერატურა იპოვეს.
რაც შეეხებათ„რობინ ჰუდებს“, მათ თქმით, ისინი ყველა „ბოევიკს“ იცნობენ და მათ განადგურებას გეგმავენ, თუ არ დანებდებიან. ამასთან, ისინი ირწმუნებიან, რომ ქალებსა და ბავშვებს, ასევე „ბოევიკთა“ ოჯახის წევრებს ხელს არ ახლებენ.
0