14:19:45     03-07-2012
ლუკაშენკომ შვილს ტახტი „წაართვა“, ხალხს კი შთააგონა, რომ ახალი ტიპის დამოუკიდებლობას აშენებს

მას შემდეგ, რაც ვენესუელაში ვიზიტის დროს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 20-25 წლის შემდეგ პრეზიდენტობას თავის უმცროს ვაჟს, კოლიას გადააბარებდა, ათი დღეც კი არ გასულა.
ამ განცხადების შემდეგ, 7 წლის ბიჭუნა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ნაზიარებია საპრეზიდენტო ცხოვრებას, რადგან მამის მუდმივი თანამგზავრია, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და უგო ჩავესთან გამართული ცნობილი შეხვედრის შემდეგ, ლამის, მამაზე ხშირად იყო ნახსენები უცხოურ ბეჭდვით თუ ინტერნეტ-გამოცემებში.
ლუკაშენკოს, როგორც ჩანს, შვილის ასეთი გადაჭარბებული პოპულარობა არც თუ ესიამოვნა და როგორ საჯაროდაც გადააბარა მას ტახტი, ისე საჯაროდ ჩამოართვა კიდეც.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ბელორუსის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას მინსკში, საზეიმო შეკრების დროს განაცხადა.
„არანაირი ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემა არ მოხდება“ - განაცხადა ლუკაშენკომ და თავის მართლება დაიწყო:
„მერამდენედ ვამბობ ისე, რომ თავს არ ვიმართლებ: ჩემი შვილებს მამის გამო ყელში აქვთ ამოსული პრეზიდენტობა“ - განაცხადა მან და გაკვირვება გამოხატა იმ „ჭორებთან“ დაკავშირებით, რომლის თანახმადაც „ლუკაშენკო სამუდამო და სამარადჟამოა“.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე ბელორუსის პრტეზიდენტმა საკუთარი „მილიარდიანი ქონების შესახებ ჭორის“ შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არანაირი საზღვარგარეთ გატანილი მილიარდები არ აქვს. თანაც დაარიგა თანამემამულეები, რომ ასეთი ხმების დაყრა ქვეყნის იმიჯს აფუჭებს:
„ჩვენი ქვეყანა - პატიოსნებისა და სამართლიანობის კუნძულია. ასე აფასებენ მას არა მარტო რესპუბლიკის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც“ - შთააგონა პრეზიდენტმა მსმენელებს.
ლუკაშენკო იმაშიც არწმუნებდა მოსახლეობას, რომ მას არა იზოლაციის, არამედ ახალი ტიპის დამოუკიდებლობისა და ინტეგრაციის კურსი აქვს აღებული მას შემდეგ, რაც „ღმერთმა შთააგონა“:
„შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა შთაგვაგონა და ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
0