11:56:12     03-07-2012
ძალოვან უწყებებს ბაჩო ახალაია და დიმიტრი შაშკინი უხელმძღვანელებენ

განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უკვე ცნობილია. მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებით, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი არის – ბაჩო ახალაია, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი – დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე, ხოლო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კობა სუბელიანის ნაცვლად, მომავალში – დალი ხომერიკი უხელმძღვანელებს.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა და ბიუროს სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატების შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ირაკლი გორდუაძემ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს, დღეს მთავრობის ახალი პროგრამაც – „უფრო მეტი სარგებელი ხალხს“ წარედგინა, რომელიც შვიდ გვერდიანია და მასში ძირითად პრიორიტეტებად – დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა არის წარმოდგენილი.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის, გია ხუროშვილის შეფასებით, ეს პროგრამა მთავრობის ამბიციური განაცხადია, მაგრამ განხორციელებადი გეგმაა.
რაც შეეხება პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის პარლამენტში სტუმრობას, ყოფილი ძალოვანი მინისტრი დღეს, პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებში შეხვედრებს გამართავს და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ ბიუროს სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ, მიმდინარე კვირას, საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რის შემდეგაც პარასკევის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატები ახალ მინისტრთა შემადგენლობასა და პროგრამას დაამტკიცებენ.
კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში. ამასთან, პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. პრეზიდენტის მიერ აცილების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის გათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.
რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, პრემიერ–მინისტრის თანანმდებობაზე ნიკა გილაური შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, გასული კვირის შაბათს შეცვალა. ამასთან, დასაქმების მინისტრის აპარატი შეიქმნა, რომელსაც ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს.
პარლამენტმა საგაზაფხულო სესია 29 ივნისს რიგგარეშე სხდომით დახურა, მაგრამ სამთავრობო ცვლილებების დასამტკიცებლად მუშაობას ისევ რიგგარეშე ფორმატში განაგრძობს.
0