ფრანც კაფკას გარდაცვალების დღისადმი („პატარა იგავი“) ფრანც კაფკას გარდაცვალების დღისადმი („პატარა იგავი“) />


  08:55:35     03-07-2012

ფრანც კაფკას გარდაცვალების დღისადმი („პატარა იგავი“)

a19657.jpg

1924 წლის 3 ივნისს, 40 წლის ასაკში, გარდაიცვალა დიდი გერმანულენოვანი მწერალი ფრანც კაფკა (Franz Kafka).

ფრანც კაფკა წარმოშობით ებრაელი გახლდათ, დაიბადა პრაღაში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, 1883 წლის 3 ივლისს. მამამისი ჰერმან კაფკა ჩეხურენოვანი ებრაელი იყო, ვაჭარი. დედა იულია (ქალიშვილობის გვარი ლევი) გერმანულენოვანი გახლდათ. ოჯახში ჰყავდათ სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი. ფრანცი უფროსი იყო. მაგრამ ორი ვაჟი ოჯახმა მცირეწლოვნობის ასაკში დაკარგა (ფრანცის სამივე და საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს).
 
1889–1893 წლებში პატარა ფრანცი სწავლობდა დაწყებით სკოლაში. შემდეგ გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. მერე სწავლობდა პრაღის უნივერსიტეტში. მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი. დაიწყო მუშაობა სადაზღვევო ფირმაში.
 
სწავლის პერიოდში გატაცებული იყო ლიტერატურით, თეატრით. გამოირჩეოდა კარგი ხასიათით და იუმორით. მაგრამ, ბავშვობიდან ოჯახში ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა. დესპოტმა მამამისმა შვილი დააკომპლექსა თავისი სიმკაცრით. ერთხელ პატარას თურმე სურდა გამოთამაშებოდა მამას და სითბოს გამოსახატავად ძილის წინ, უკვე ლოგინში დაწოლილმა, წყალი მოითხოვა. მამამ ხელი სტაცა ფეხებში და სიცივეში აივანზე გაათრია...

მთელი ცხოვრება იტანჯებოდა მამისადმი შიშით. იქნებ ამან გამოიწვია საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვა, კომპლექსები და სხვა... წერდა გერმანულ ენაზე, თუმცა ჩეხურიც ძალიან კარგად იცოდა. ებრაულ თემში მისი რეალიზება არ მოხდა (მხოლოდ გვიან გაეცნო ებრაულ კულტურას, იუდაიზმს), არც გერმანელი იყო მთლიანად, (არც ავსტრიელი), არც ჩეხებთან ჰქონდა გახსნილი ურთიერთობა. არ გაუმართლა, ვერ შექმნა ოჯახი...
 
მისმა კომპლექსებმა ხელი შეუშალა მისი ადამიანური ცხოვრების მოწყობას,  განვითარებას, თუმცა, როგორც მკვლევარები ამბობენ, ხელი შეუწყო მისი განსაკუთრებული ლიტერატურის შექმნას.
 
ისედაც სუსტი ფრანცი 1917 წელს დაავადდა ჭლექით. აწუხებდა სხვა სისუსტებიც. 1922 წელს იძულებული გახდა პენსიაზე გასულიყო. როგორც ვთქვით, გარდაიცვალა 1924 წლის 3 ივნისს, ვენასთან ახლოს მდებარე სანატორიუმში.
 
სოცოცხლეში ფრანც კაფკას მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოები გამოქვეყნდა. სიკვდილის წინ ფრანცმა თავის მეგობარს, მწერალს, ფილოსოფოსს, პუბლიცისტს, მაქს ბროდს სთხოვა დაეწვა მისი ყველა ნაწარმოები. მაგრამ მკითხველთა საბედნიეროდ მეგობარმა არ შეასრულა ეს თხოვნა, შემოინახა მისი შედევრები და გამოაქვეყნა. განადგურდა მხოლოს ფრანც კაფკას რამდენიმე ნაწარმოების ხელნაწერი, რომელიც მის სატრფოს ჰქონდა. ქალმა დაწვა ისინი, თუმცა ყველა მაინც ვერ გაიმეტა.
 
კრიტიკოსები ცდილობდნენ გაერკვიათ რა არის კაფკას ნაწარმოებების მამოძრავებელი (მოდერნიზმი, "მაგიური რეალიზმი", მითოლოგია, ეგზისტენციალიზმი, იუდაიზმის ძირები, თუ მისი შემოქმედება აიხსნება ფროიდის ფქიქოანალიზით, იქნებ მისი ნაწარმოებები ღმერთის მეტაფიზიკური ძიებაა...).

პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ფრანც კაფკას მინიატურას „პატარა იგავი“ (Kleine Fabe), რომელიც თარგმნა თორნიკე გიჯაშვილმა. იგავი დაიწერა 1920 წელს.
 
პატარა იგავი

(თარგმნა თორნიკე გიჯაშვილმა)
                 
- ეჰ, - თქვა თაგვმა, - სამყარო ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიწროვდება. თავიდან, ის ისეთი ფართო იყო, შიშს მგვრიდა. გავრბოდი და ბედნიერი ვიყავი, რომ ბოლოს და ბოლოს, სადღაც შორს, დავინახე კედლის მარჯვენა და მარცხენა მხარე, მაგრამ ეს გრძელი კედლები ისეთი სისწრაფით უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, რომ ეს ესაა მივირბინე უკანასკნელ ოთახამდე, რომ იქ, კუთხეში დგას ხაფანგი, რომელშიც შეიძლება გავება.

- შენ მხოლოდ სირბილის მიმართულება უნდა შეგეცვალა, - თქვა კატამ და შესანსლა თაგვი. 

0

ავტორი: