ვისლავა შიმბორსკა - დიდი პოლონელი პოეტი, მთარგმნელი... ვისლავა შიმბორსკა - დიდი პოლონელი პოეტი, მთარგმნელი... />


  08:53:39     03-07-2012

ვისლავა შიმბორსკა - დიდი პოლონელი პოეტი, მთარგმნელი...

a19656.jpg

1923 წლის 2 ივლისს დაიბადა დიდი პოლონელი პოეტი ქალი, 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ვისლავა შიმბორსკა (Wisława Szymborska).

1931 წლიდან მისი ოჯახი კრაკოვში ცხოვრობდა. 1945-1948 წლებში სწავლობდა პოლონურ ლიტერატურასა და სოციოლოგიას იაგელონის უნივერსიტეტში. თუმცა უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია. 1953-1981 წლებში მუშაობდა კრაკოვის გაზეთში «Życie Literackie» („ლიტერატურული ცხოვრება“).

მისი პირველი ლექსი, „Szukam słowa“ („ვეძებ სიტყვას“) დაიბეჭდა 1945 წლის მარტში გაზეთ «Dziennik Polski» („პოლონური ჟურნალი“). პოეტის ლექსების პირველი კრებული „Dlatego żyjemy“ („ამისთვის ვცხოვრობთ“) გამოიცა 1952 წელს.

1996 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში: „პოეზიისათვის, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით აღწერს ისტორიულ და ბიოლოგიურ მოვლენებს ადამიანური რეალობის კონტექსტში“.

პოლონურ ენაზე თარგმნიდა ფრანგული პოეზიის ნიმუშებს.

ვისლავა შიმბორსკა გარდაიცვალა 2012 წლის 1 თებერვალს, კრაკოვში.

გთავაზობთ მის ლექსს „როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია“, რომელიც თარგმნა გია ჯოხაძემ.

როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია

(თარგმნა გია ჯოხაძემ)

ბოლოს და ბოლოს, რას გთხოვენ ასეთს?
განცხადებას და ბიოგრაფიას.

 სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად,
 თავს რაც გადაგხდა, უმოკლესად უნდა აღწერო.

 აქ საჭიროა მხოლოდ ფაქტები,
 ხედების ნაცვლად - მისამართები,
 მოგონებათა სანაცვლოდ კი - მხოლოდ ზუსტი წელი და რიცხვი.

 მთელი სიყვარულიდან მხოლოდ კანონიერი ქორწინება უნდა დატოვო,
 ბავშვებისგან კი, მარტო ისინი - ვინც დაბადება მოახერხა.

 უმთავრესი მარტო ის არის, ვინც შენ გიცნობს და არა ის, შენ იცნობ ვისაც.
 მოგზაურობა - მხოლოდ საზღვარგარეთ.
 თუ იყავი რაღაცის წევრი, აინტერესებთ, სახელდობრ - რისი
 და არა ის - რატომ იყავი.
 ჯილდოც ასეა - მთავარია, რომ დაგაჯილდოეს და არა - რისთვის.

 ისე დაწერე, თითქოს სიტყვაც კი არ გეთქვას შენი თავისთვის,
 არამედ მხოლოდ მის გარშემო გევლოს და გევლოს.

 სიტყვა არ დაძრა კატებსა და ჭკვიან ძაღლებზე, ჭრელ ფრინველებზე,
 ტკბილ სიზმრებსა და მეგობრებზე.

 უნდა აღნიშნო რაღაცის ფასი და არასდროს - ფასეულობა,
 მიუთითო უნდა სახელი და არასოდეს - შინაარსი.
 შენგან ითხოვენ ფეხსაცმლის ნომერს, და არა იმას, საით წავიდა,
 ის, რამაც შენგან გამოაღწია.

 უნდა დაურთო ფოტოსურათი, ზედ რომ ნათლად ჩანდეს ყურები -
 ყურების ფორმას უფრო დიდი აზრი ეძლევა,
 ვიდრე იმას, რაც მათ მოესმით.

 და მაინც, რა მოესმით ასეთი ყურებს?
 ფურცლისმცოხნელი მანქანის გრგვინვა..

0

ავტორი: