საერთაშორისო ბაზარზე, რუსულ იარაღზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება საერთაშორისო ბაზარზე, რუსულ იარაღზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება />


  08:52:38     03-07-2012

საერთაშორისო ბაზარზე, რუსულ იარაღზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება

a19655.jpg

რუსეთი შეიარაღების ექსპორტის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის სხდომაზე. მისი მონაცემებით, სამხედრო პროდუქციის გაყიდვა რუსეთში ბოლო ექვსი წლის მანძილზე ორჯერ გაიზარდა და წლიურმა მოგებამ 13 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა ბოლო პერიოდში  რომ გაყიდვების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო, ამაზე გაჩუმება ამჯობინა.

პუტინმა მოიყვანა ასევე მსოფლიო პრობლემათა კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემები, რომლის თანახმადაც იარაღის ექსპორტის მსოფლიო მოცულობის 24 % რუსეთზე მოდის. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ მაჩვენებლით მაინც ჩამორჩება. აშშ–ის წილი ამ მონაცემში 30 %–ს შეადგენს, რითაც უდაო ლიდერია. თანაც ამერიკული იარაღის ხარისხი რუსულს საგრძნობლად აღემატება. შემდეგ უკვე მოდიან გერმანია და საფრანგეთი შესაბამისად 9 და 8 %–ით.

როგორც თავად პუტინმა აღნიშნა ამ სფეროში კონკურენცია ძალზე მაღალია და ამიტომ მას მეორე ადგილზე გასვლა რუსეთის დიდ წარმატებად მიაჩნია. თუმცა ამერიკასთან ახლოსაც რომ ვერ მივა ჯერჯერობით, არც ამაზე ამბობს არაფერს.

„რუსეთს დროის მიერ გამოცდილი ყველაზე რთული მაღალტექნოლოგიური სამხედრო ტექნიკის პირველი კლასის მწარმოებლის რეპუტაცია აქვს. ჩვენ ყოველთვის მკაცრად ვასრულებთ ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს. განუხრელად მივყვებით იარაღის გაუვრცელებლობისა და შეიარაღების რეჟიმებზე კონტროლის საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს“, – განაცხადა პუტინმა.

თუმცა, სიტყვაც არ დაუძრავს იმაზე, თუ რატომ არ ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას ბაშარ ასადის რეჟიმისადმი შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის შესახებ, ასევე არც იმაზე უთქვამს რამე, თუ რატომ აიარაღებს თუნდაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატისულ რეჟიმებს. არადა, სწორედ საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე სთხოვენ მას ამ ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ის კი ამის სანაცვლოდ აქ შეიარაღებას აძლიერებს.

სამაგიეროდ პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამხედრო ტექნიკით მომსახურების ბაზარი აქტიურად ვითარდება. „ეს ძალზე მომგებიანი ბაზარია და მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება, – აღნიშნა პუტინმა. კერძოდ, გასულ წელს მხოლოდ იარაღის სათადარიგო ნაწილების საზღვარგარეთ გაყიდვით რუსეთმა საკუთარი ბიუჯეტი 2,5 მილიარდი დოლარით შეავსო.

ასე რომ რუსეთი მაინც სხვების სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდება. თუმცა საბედნიეროდ იქ იარაღის ექსპორტის შემცირება კიდევ უფრო მოსალოდნელია, რადგანაც, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა სათანადო კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდიან. შესაბამისად მათი გამოშვებული შეიარაღებაც მაღალი ხარისხით ვერ დაიკვეხნის და იგივე ამერიკულ, გერმანულ ან ფრანგულ ანალოგებს საგრძნობლად ჩამორჩება. ამიტომაც მათზე მოთხოვნა სულ უფრო ნაკლებია.

0

ავტორი: