17:31:09     02-07-2012
ვანო მერაბიშვილმა მთავრობის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა და გეგმის შესრულებაზე პირობა დადო

ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა მთავრობის ახალი 4 წლის სამოქმედო გეგმა, გლდანში, მშენებარე პროფესიულ სასწავლებელთან, რამდენიმე საათის წინ წარადგინა. მერაბიშვილის განცხადებით, ის პირადად აპირებს შეებრძოლოს უმუშევრობას ისე, როგორც ებრძოდა კრიმინალს და კორუფციას წლების განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობის მთავარი გამოწვევა უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. „მე მინდა, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად შევცვალო ვითარება ამ მიმართულებით“- აღნიშნა მერაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტებსაც ასახელებს. ეს იქნება ჯანდაცვის სისტემა და სოფლის მეურნეობა. როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, მთავრობას სამოქმედო გეგმაში გაწერილია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა.
„გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საქართველოს ბიუჯეტმა 3 მილიარდი ლარი გამოყოს 4 წლის განმავლობაში. ეს თანხა მოხმარდება იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დაზღვეული. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სოციალურად დაუცველი ფენების დაზღვევას, ყველა დევნილის დაზღვევას, ყველა პენსიონერი და სკოლამდელი ასაკის ბავშვი პირველი სექტემბრიდან იქნება დაზღვეული, ასევე დაზღვეული იქნება ყველა პოლიციელი, სამხედრო. ყველას შეუნარჩუნდება დაზღვევა“- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
წინა წლების მსგავსად, მთავრობის სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლის მეურნეობის განვითარებას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებაში 4 მილიარდ ლარს ჩადებს. აქცენტი კი სასოფლო სამეურნეო საწარმოების აშენებაზე, ასევე ტექნიკის შეძენასა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების კეთილმოწყობაზე კეთდება.
„ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ 500 სასოფლო-სამეურნეო საწარმოს აშენებას ან ხელისშეწყობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩემი ამოცანაა, რომ საქართველოში მინიმუმ 90 000 ჰექტარი მიწა დამატებით იქნას მორწყული და გაფართოვდეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დასავლეთ საქართველოში ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ 35 000 ჰექტარი მიწა გამოვტაცოთ ჭაობს და გავხადოთ ხელსაყრელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. ჩემი ამოცანა და მიზანია მომდევნო 4 წლის განმავლობაში გავაორმაგოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაოდენობა. ჩვენ თუ შევძელით ეს, მივიღებთ იმას, რომ ქართველი გლეხი გაძლიერდება, რაც გამოიწვევს ქართული სოფლის გაძლიერებას, ხოლო ქართული სოფლის გაძლიერება ქალაქის და სახელმწიფოს გაძლიერების საფუძველია“- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ვაუჩერი და გადაწყვეტილება, თუ რაში გამოიყენებენ სახელმწიფოს მიერ მიღებულ თანხას.
„ ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ათას ლარიანი ვაუჩერით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტების შეძენა, ბავშვებისთვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა. გლეხებმა შეძლონ სასუქების, საწვავის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, რათა ნებისმიერ დროს ადამიანს ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ თუ მას გარკვეულ მომენტში დაუდგა პრობლემა, რომელიც არ არის ასახული ჩვენი მთავრობის საერთო გეგმაში, მას ჰქონდეს გარანტია, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს“- განმარტა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
ვანო მერაბიშვილი სამოქმედო გეგმას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დღის მეორე ნახევარში წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენასთან ერთად, ვანო მერაბიშვილმა დღეს დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პაატა ტრაპაიძე წარადგინა.
0