08:20:12     02-07-2012
The Sunday Times: სირიას თურქული თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსები დაეხმარნენ…
ბრიტანული The Sunday Times, სტატიაში, სათაურით „რუსეთს თითი ღილაკზე უდევს“, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქული გამანადგურებელი McDonnell Douglas F-4 Phantom II სირიამ რუსი ტექპერსონალის დახმარებით ჩამოაგდო, რითაც ნატო გააფრთხილა, რომ თავი შორს უნდა ეჭიროს სირიისგან.
რუსეთის ტექნიკურმა პერსონალმა საკვანძო როლი შეასრულა 10 დღის წინ სირიის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალების მიერ თურქული სამხედრო თვითმფრინავის განადგურების დროს - წერს გაზეთი.
გამოცემის ახლოაღმოსავლური წყარო ამბობს, რომ თურქული თვითმფრინავის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება წამებში მიიღეს და ეს სიგნალი იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, რომ სირიის სამოქალაქო ომში ჩარევა არ ღირს.
იმავე წყაროს ცნობით, რუსი სპეციალისტები ამ დრომდე დისლოცირებულნი არიან სირიის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების კონტროლის ცენტრებში.
როგორც Sunday Times წერს, რუსული შეიარაღების წყალობით, რომელსაც სირიას მოსკოვი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან აწვდის, ბაშარ ასადი - „არაბულ სამყაროში ვლადიმერ პუტინის უკანასკნელი მეგობარი“ - საკმაოდ, თანამედროვე ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემას ფლობს.
როგორც ცნობილია, თურქეთი ნატოსგან სირის სასაზღვრო ზონაში არასაფრენი ზონის გამოცხადებას ითხოვს. გაზეთის ანონიმი წყარო ამბობს, რომ ასეთ ზონად გამოცხადების ნებისმიერ მცდელობას, მსოფლიოში ანტისაჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სისტემა დაუპირისპირდება.
პარალელურად, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო ტექნიკის გარდა, რომელიც ანკარამ სასაზღვრო რაიონებში გადაისროლა, სირიის საზღვრის მიმართულებით აფრინდნენ გამანადგურებლებიც. ექვსი F-16-ს გაშვებას თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლობაც ადასტურებს. გამანადგურებლები საზღვრიდან 6,5 კილომეტრში განლაგდნენ.
თურქეთის ხელისუფლების განმარტებით, ეს საპასუხო ნაბიჯია, რადგან მანამდე, თურქული პროვინცია ხატაის სამხრეთით და პროვინცია მარდინის საზღვართან სირიის გამანადგურებლები დააფიქისრეს. თუმცაღა, მათ თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ. 0