21:54:10     01-07-2012
აქცია ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა და ბერას მორიგი კონცერტი მცხეთაში...

ივანიშვილის „მეოცნებეების“ აქცია „სამცხე–მთიანეთში“ უკვე ტრადიციად ქცეული სტილით წარიმართა: დედაქალაქიდან ორგანიზებულად ჩაყვანილი აქტივისტები, გაურკვეველი „საფრთხისგან“ დასაცავად, ტყვიაგაუმტარი მინით აღჭურვილი ტრიბუნა, „ოცნებისტების“ მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფა და რაღა თქმა უნდა, ბერას კონცერტი – ეს კომპონენტები არც დღევანდელ აქციას დაკლებია.
მიუხედავად მცდელობისა, რომ დაანონსებულ მიტინგზე მისული ხალხის რაოდენობა რაც შეიძლება მაქსიმალურად წარმოჩინათ, თვით ოლიგარქის ინტერნეტ–„პიარშჩიკებმაც“ ვერ შეძლეს სოციალურ ქსელებზე ისეთი ფოტოების გავრცელება, სადაც ეს მოხერხდებოდა. ფაქტია, რომ დღევანდელი აქციაც „ქართული ოცნების“ აქტივისტების ქალაქგარეთ მორიგი გასეირნების დემონსტრირება იყო.
ოლიგარქის სიტყვაც არაფრით განსხვავდებოდა სხვა მისი ანალოგიური გამოსვლებისგან: არანაირი კონკრეტიკა, არანაირი სამოქმედო გეგმა, მხოლოდ ტრაფარეტული ფრაზები, წინასწარ დაწერილი უფერული ტექსტი და ახალშეძენილი ჩვევა: მუშტების მოუქნელი ტრიალი ტრიბუნაზე...
მილიარდერმა დღეს მცხეთა–მთიანეთის მაჟორიტარები დაასახელა და თავისი უცნაური სიყვარული შევარდნაძისდროინდელი, ნაფტალინმიყრილი კადრებისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა: თიანეთში მაჟორიტარობისათვის ზაქარია ქუცნაშვილი იბრძოლებს, ხოლო მცხეთაში ბიძინას დიდი მეგობარი და ფავორიტი – ირაკლი ტრიპოლსკი.
მცირერიცხოვანი და ხანმოკლე მიტინგი, მილიარდერის რეპერი ვაჟიშვილის ახალი სიმღერის პრეზენტაციით დასრულდა, ინტერნეტ–მომხმარებლებისათვის კი დღეს ივანიშვილი ალბათ კიდევ ერთ ალბომს დაამატებს „ფეისბუქზე“. მოკლედ, ოლგარქს შეუძლია ჩათვალოს, რომ დღევანდელი მისია შესრულებულია და ამის შემდეგ, საქართველოს რომელიმე რეგიონში, თბილისელი „მეოცნებეების“ მორიგი გასეირნებისათვის მოემზადოს...
0