21:41:17     30-06-2012
პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობასა და პროგრამაზე იმსჯელებს

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა მინისტრი - ვანო მერაბიშვილი წარადგინა, რომელმაც ამ თანანმდებობაზე ნიკა გილაური ჩაანაცვლა. ყოფილი ძალოვანი მინისტრი 2 ივლისს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის ახალ შემადგენლობასა და ახალ პროგრამას წარუდგენს. შესაბამისად, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი თუ ვინ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი და ასევე დასაქმების სახელმწიფო მინისტრი, რომლის თანამდებობის შექმნის შესახებაც ცნობილი დღეს გახდა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობაში დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება და ჩამოყალიბდება დასაქმების ახალი პროგრამა თავისი პრიორიტეტებით.
პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეფასებით, ორშაბათს მის მიერ წარმოდგენილ გეგმაში, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დაგეგმილი რეფორმები იქნება გაწერილი.
„ეს ახალი თანამდებობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩემი მთავარი მიზანი იქნება ძალიან კონკრეტული - მეტი სარგებელი ხალხს. საქართველოში დრო დადგა, რომ ყველა მიღწევის შედეგი უშუალოდ, თითოეულმა ქართველმა იგრძნოს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს შსს-ში, თითოეულ პოლიციელს, დიდი მადლობა მათ, თავდადებული შრომისა და ბრძოლისათვის. ვაპირებ ორშაბათსვე წარვადგინო ახალი გეგმა, სადაც გაწერილი იქნება ზუსტად, თანმიმდევრობით, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ დღეს, ხვალ, მომავალ წელს და კიდევ ბევრი წლის განმავლობაში, რომლის მთავარი ლეიტმოტივი იქნება სამი პრინციპი - დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. საქართველოში არის ძალიან ბევრი უმუშევარი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათ დასაქმების საშუალება მიცეთ. მე მიყვარს ქართული სოფელი და ჩემს გუნდთან ერთად გავაძლიერებ ქართულ სოფელს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს, საპარლამენტო უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს.
როგორც პრესა.ჯი-ს მმართველი გუნდის წევრმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა ძალიან ეფექტურად იმუშავებს.
როგორც მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, „ინტერნეტ.ჯი“-ს წერეთელმა განუცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებები ძალიან პოზიტიურად განხორციელდა.
მისი შეფასებით, მერაბიშვილი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული მინისტრია. წერეთლი მერაბიშვილის წარმარტებულ მუშაობას ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირებს.
„მისი ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა ახალციხის პროექტი. ასევე ჩვენ ვნახეთ - კრიზისული სიტუაციები და „აგვისტოს ომი“, სადაც მერაბიშვილმა ნაყოფიერად იმუშავა. მას აქვს კარგი გამოცდილება როგორც საპარლამენტო დონეზე, ასევე სხვა სააპახუხისმგებლო პოსტებზე“, - დასძინა მან.
მართალია, პარლამენტმა მუშაობა ოფიციალურად გუშინ დაამთავრა, მაგრამ ვინაიდან, პრემიერ-მინისტრის შეცვლის დროს ახალ მინისტრთა კაბინეტსა და ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე ფორმატში გააგრძელებს. ამისთვის კი, უწყებას უფლებას ქვეყნის პრეზიდენტი დართავს. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციით, მთავრობის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ერთი კვირის ვადაში პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა წარუდგინოს და პარლამენტი თავის მხრივ, ახალ მთავრობას ერთ კვირაში განიხილავს და დაამტკიცებს.
0