14:31:18     30-06-2012
ლავროვი და კლინტონი ვერ შეთანხმდნენ: მოსკოვი ბაშარ ასადს არ თმობს
სანკტ-პეტერბურგში, დახურულ კარს მიღმა, სირიის საკითხზე გამართული ერთსაათიანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს პირველი შეხვედრა იყო, როცა რუსულმა მხარემ „ურთიერთგაგების“ თვალსაზრისით კმაყოფილება გამოხატა.
სერგეი ლავროვმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ უსმენდა „გამოცდილ პოლიტიკოსს, დიპლომატს, რომელმაც თქვა, რომ ესმის ჩვენი პოზიცია და ჩვენც იგივე ვუპასუხეთ“.
ამ შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სირიასთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის კვლავ რჩება სერიოზული უთანხმოება.
როგორც ცნობილია, ამერიკული მხარე ჟენევაში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე კოფი ანანის ახალი ინიციატივის მხარდაჭერას მოითხოვს, რომელიც სირიაში „თანხმობის მთავრობის“ შექმნას ითვალსწინებს. ამ მთავრობაში შევლენ, როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა მასში ადგილი არ გამოინახება ისეთი პერსონებისთვის, რომლებიც ორივე მხარის გაღიზიანებას იწვევენ და ხელს უწყობენ არასტაბილურობას.
ანანის გეგმის ეს ეპიზოდი ფაქტობრივად ბაშარ ასადს გულისხმობს, რაზეც მოსკოვი არ თანხმდება და აღნიშნული ფორმულირების შეცვლას ან ამოღებას მოითხოვს. ლავროვმაც სწორედ ამასთან დაკავშირებით კლინტონთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ სირიაში გარე ჩარევის შედეგად ხელისუფლების ცვლილებას. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ჟენევაში სირიის საკითხზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს:
„ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ კარგი შანსი გვაქვს საერთო შეხების წერტილები მოვნახოთ, რათა მოვნიშნოთ სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ მობილიზება მოვახდინოთ ყველა გარე მოთამაშისა იმისთვის, რათა შეიქმნას აუცილებელი პირობები კოფი ანანის გეგმის შესასრულებლად, რაც სირიის ყველა მხარემ უნდა გააკეთოს“ - განაცხადა ლავროვმა და ხაზი გაუსვა თავის შთაბეჭდილებას: სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას მას იმედი მიეცა, რომ ვაშინგტონის პოზიციაში ცვლილებაა:
„მე ვიგრძენი ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი ულტიმატუმი არ გაჟღერებულა, არ თქმულა არცერთი სიტყვა იმაზე, რომ ის ქაღალდი, რომელიც ახლა განიხილება (ჟენევაში), ხელშეუხებელია“.
მიუხედავად ამისა, ექსპერტები არ ვარაუდობენ, რომ ჟენევის შეხვედრა სირიის საკითხზე რაიმე „გარღვევას“ მოიტანს. როგორც სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, მხარეებს შორის კვლავ არსებობს საკითხები, რომლებიც სირთულეებსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, მაგრამ კოფი ანანისადმი პატივისცემის გამო აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები მაინც შეეცდებიან ჟენევის მოლაპარაკებებზე შედეგებს მიაღწიონ - იუწყება რადიო “თავისუფლება”.
სირია-თურქეთის საზღვართან კი უკვე რამდენიმე დღეა სამხედრო ტექნიკის მობილიზებაა დაწყებული.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ანკარამ საზღვრისპირა რაიონებში სამხედრო ტექნიკა განათავსა, საზღვრისპირა ზონაში ტანკების მობილიზება დაიწყო სირიამაც. სირიის შეიარაღებული ძალების ტანკები თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრშია განთავსებული. ამის შესახებ სირიის ოპოზიციის გენერალმა მუსტაფა ალ-შეიხმა განაცხადა. გენერლის თქმით, ტანკებს თურქეთთან საზღვრის გასწვრივ ჩააყენებენ ან შეტევას მიიტანენ იქვე განლაგებულ დასახლებულ პუნქტებზე, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.
0