10:37:52     30-06-2012
იოსებ დავითაშვილი - „ჩვენი ივერი“
1850 წლის 1 ივლისს სოფელ გარდატენში, ატენის ხეობაში, დაიბადა ქართველი პოეტი იოსებ სიმონის ძე დავითაშვილი.
იოსებ დავითაშვილი დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ისედაც ღარიბი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა. სწავლას მოწყურებული თვითგანვითარებას მისდევდა. როცა მომავალი პოეტი წამოიზარდა, დურგლობა შეისწავლა და თბილისში დასახლდა. ჯერ რუბცოვის სადურგლო ქარხანაში მუშაობდა, მერე კერძო შეკვეთებს ასრულებდა. სამუშაოს მუდმივ ძიებაში შემოიარა მთელი საქართველო, თან ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აგროვებდა.
1876 წელს იოსებ დავითაშვილმა დაიწყო მუშაობა ზეიცერის სადურგლო ქარხანაში. თუმცა 1878 წელს ქარხნის მუშების გაფიცვაში მონაწილეობისათვის სამუშაო დაკარგა.
1886 წელს გადავიდა თელავში საცხოვრებლად. მისი პირველი ლექსების კრებული "სტვირი" დაიბეჭდა 1880 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ყმა გლეხის შვილი იყო, ობოლი და ღატაკი, თვითნასწავლმა გლეხმა შეძლო და ბევრს აჯობა, მდიდრებისა და წარჩინებულების შვილებს, განათლებითაც, ნიჭითაც და პატრიოტიზმითაც. თანაც, ეს ყველაფერი მოახერხა თავისი საკმაოდ მოკლე ცხოვრების მანძილზე - იოსებ დავითაშვილის გარდაიცვალა 1887 წლის 13 მარტს, 37 წლის ასაკში.
1941 წელს პოეტის ნეშტი გადაასვენეს თელავის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.
მისი შემოქმედება გამსჭვალულია პატრიოტიზმით და უბრალო, ჩაგრული ადამიანების ბედისა და ინტერესების წარმოჩენით. პოეტის უშუალო და გულწრფელმა შემოქმედებამ მის სიცოცხლეშივე მიიპყრო განათლებული და შეგნებული საზოგადოების ყურადღება. ზოგიერთი მისი ლექსი სიმღერად იქცა ("სამშობლო"; "მუშის სიმღერა"; "ბედის წყარო" და სხვა). ძალიან საინტერესოა, რომ მისი პირველი ბიოგრაფი თვით დიდი ილია იყო.
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობ გავიხსენოთ იოსებ დავითაშვილის ლექსი „ჩვენი ივერი“.
ჩვენი ივერი
ჩვენი ივერი, ბედნიერი, სამოთხის ფერი,
შიგ ხალხი მყოფი მშრომელი და გულისხმიერი.
სულით უმანკო, გულით უხვი, ყოვლად ძლიერი,
ღმერთის მოყვარე, უწყინარი, ქართველი ერი...
დროთა ბრუნვისგან არს სნეული, ჩვენი ივერი!
მაგრამ მოელის დრო კაცური, დრო მშვენიერი;
ვეღარ დაჩაგროს დღეს რომ სჩაგრავს ჭკუით მშიერი,
ძუნწი ვაჭარი, ქურდ-ბაცაცა, ფულით ძლიერი.
სასწვრით და დავთრით ეს ჩვენი მტერი,
ჯერ მაცდურ ხელით და მერე ენით,
საწყლებს რომ აგვდის ზურგებზე მტვერი...
მათ დაგვასუსტეს, არ გვაძევს ფერი...
ვალში წაგვართვეს სულყველაფერი:
სიმინდი, პური, შვრია და ქერი...
ყურში ჩაგვძახის ჩვენი ივერი:
ადექით, შვილნო, მამულის გმირნო, თქვენია ჯერი...
ხალხს დრო აღვიძებს ახლის მომტანი, დრო ბედნიერი...
გულით ნათელი, სულით უმანკო, ერთობას მღერი,
კეთილის მდომი, კეთილის მყოფი, ბოროტის მტერი,
ცოცხლდება ერი, თავს ედგმის ჭერი მას მშვენიერი,
მონათ ნამყოფსა, კეთილ ნაყოფსა, ეძლევა ფერი.
შენ, მაცხოვარო, ჩვენ, მაცხოვარო,
შენს მაგალითს სდევს დღეს შენი ერი!..
გთხოვთ, დაუმარცხო აწ მისი მტერი...
რომ გვესმას მარად მშვიდი და წყნარი
რუსთველის ქნარის ხმა, ის ნეტარი;
პყრობილ ჩაგრულებს გაეღოს კარი,
შუქმა მოიცვას სულ მთა და ბარი...
1880 წ., 10 აპრილი.
ტფილისი.