წითელ მოედანზე ხელისუფლების კრიტიკა, ფსიქიატრიულში იძულებით მკურნალობას იწვევს წითელ მოედანზე ხელისუფლების კრიტიკა, ფსიქიატრიულში იძულებით მკურნალობას იწვევს />


  10:01:58     30-06-2012

წითელ მოედანზე ხელისუფლების კრიტიკა, ფსიქიატრიულში იძულებით მკურნალობას იწვევს

a19588.jpg

უკრაინული მედია საკუთარ მოქალაქეზე წუხს, რომელიც მოსკოვში წითელ მოედანზე რუსეთის ხელისუფლების ლანძღვის გამო დააკავეს და ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.

რუსული გაზეთები დაკავებულის ვინაობას არ ასახელებენ. უცნობია, მართლაც იყო ეს ადამიანი სულიერად ავადმყოფი თუ ახალი სასჯელი შეეხო: ხელისუფლების ლანძღვისთვის იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულში.

44 წლის უკრაინელმა, სიმფეროპოლის მკვიდრმა, წითელ მოედანზე ჯერ ლენინის მავზოლეუმს ესროლა ლუდის ორი ბოთლი, მერე კი რუსეთის ხელისუფლების ლანძღვა დაიწყო.  პოლიციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ექიმების ბრიგადამ „პაციენტი“ შეშლილად სცნო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

განსხვავებული პოლიტიკური და არა მარტო პოლიტიკური შეხედულებების გამო ფსიქიატრიულში მოთავსება რუსეთში უკვე აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ კარელიაში, ბლოგერი მაქსიმ ეფიმოვი ფსიქიატრიულ კლინიკაში სასამართლოს ძალით იმის გამო მოათავსეს, რომ ეკლესია გააკრიტიკა. მან დაწერა: „კარელია დაიღალა მღვდლებისგან“. ეფიმოვმა მცირე ხანი დაჰყო ფსიქიატრიულში, თუმცა როცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, კარელიის უმაღლესმა სასამართლომ მისი ქვემდგომის გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ და უკანონოდ სცნო და გააუქმა.

ფსიქიატრიულის თემა ცოტა ხნის წინ აქტუალური იყო რუსეთის პატრიარქის განცხადებაშიც, რომელიც მან პირველი არხის ეთერით გააკეთა და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ეკლესიას აკრიტიკებენ, სულიერად ავადმყოფები არიან და განკურნებას საჭიროებენ.

არც ხელისუფლებისა და არც ეკლესიის კრიტიკაზე არც კი უფიქრია  კიდევ ერთი ისტორიის გმირს, ამჯერად ჩუვაშელ 35 წლის ქალს, რომელიც ასევე წითელ მოედანზე გამოცხადდა, პატარა ხალიჩა გაშალა და რუსეთის მეორედ მოსვლისგან გადასარჩენად სულების გამოძახება დაიწყო. ისიც, რაღა თქმა უნდა, უფრო ოპერატიულად, ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.

სიმბოლურია, რომ სწორედ იმ დღეს რუსეთის პრეზიდენტის მისაღების წინ (როგორც ჩანს, შენობასთან) პიკეტს მართავდა მოსკოველი პენსიონერი ანატოლი მეერსონი. 73 წლის მამაკაცი სახელმწიფოსგან მოითხოვდა: „შეწყდეს მოსკოველების „ფსიხუშკებით“ დაშინება“.

ბოლო პერიოდში წითელი მოედანი ასეთი არაერთი ისტორიის არენად იქცა. მაგალითად, მარტის თვეში იქ დიმიტრი მედვედევიც დააკავეს, რომელსაც თავზე „მიგალკა“ ჰქონდა შემოდგმული და გამვლელებს ართობდა. ისიც ფსიქიატრიულში გააქანეს.

მაგრამ მარტო თავზე „მიგალკაშემოდგმულები“ კი არა, წითელი მოედნიდან ფსიქიატრიულში ისინიც მიჰყავთ, ვინც, ვთქვათ, კრემლის ბინადრებთან შეხვედრას მოითხოვს.

მაგალითად, იანვარში წითელ მოედნაზე დააკავეს 27 წლის ახალგაზრდა, რომელიც პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრას ითხოვდა. პრეზიდენტს არა, მაგრამ ფსიქიატრებს შეახვედრეს. ისევე როგორც, ერთი წლის წინ ნოგინსკელი მამაკაცი. ისიც ამტკიცებდა, რომ აუდიენცია აქვს დანიშნული ვლადიმერ პუტინთან, რომელიც მის შესახვედრად, ეს-ესაა კიბეზე უნდა დაშვებულიყო.

წითელი მოედანი იმდენად გადაიტვირთა ფსიქიატრიულის პოტენციური პაციენტებით, რომ ზოგიერთმა რუსულმა გაზეთმა კითხვაზე, - „რატომ იზიდავს არაადექვატურ ადამიანებს კრემლი?“ ექსპერტების აზრის მოსმენა გადაწყვიტა.
ზურაბ კეკელიძემ განაცხადა, რომ არ აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ფსიქიატრიულ დახმარებას უწევენ ადამიანებს, რომლებსაც კრემლის რაიონში აკავებენ. სერგეი ივანენკომ კი დარწმუნებით აღნიშნა, რომ არაადექვატურები - მხოლოდ კრემლის სპეციფიკა არ არის.

0

ავტორი: