09:24:16     29-06-2012
თაღლითებმა, ნაზარბაევი, რუსეთში რეზიდენციის გარეშე დატოვეს

რუსეთის შსს მოსკოვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები იძიებენ საქმეს, რომელიც ჩისტიე პრუდის ბულვარზე მდებარე შენობის ნაწილის უკანონოდ შეძენას ეხება. არადა, ეს შენობა მთავრობათშორისი შეთანხმების საფუძველზე ყაზახეთის საელჩოსთვის იყო განკუთვნილი. სავარაუდოდ, თაღლითთა ქმედებების შედეგად ყაზახეთის დიპლომატიურმა მისიამ 120 მილიონი რუბლი და ამას გარდა რუსეთის დედაქალაქის ცენტრში ნურსულთან ნაზარბაევის რეზიდენციის განთავსების შესაძლებლობაც დაკარგა.
სკანდალური ისტორია რუსეთში ყაზახეთის მაშინდელი ელჩის, ახლა იგი უკრაინაშია ელჩად), ზაურბეკ ტურისბეკოვის 2011 წლის ოქტომბერში რუსეთის შს სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან მებრძოლი სამმართველოსთვის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
განცხადებაში ელჩი აღნიშნავდა, რომ ვიღაც თაღლითები უკანონოდ დაეპატრონენ ჩისტიე პრუდის ბულვარის 1ა–ში მდებარე შენობის სასარდაფე ნაგებობას.
ეს მე–20 საუკუნის დასაწყისში აგებული ძველი სახლი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყაზახეთის საელჩოს უნდა გადასცემოდა. როცა დიპმისიისთვის მისიგადაცემის დრო დადგა, გამოირკვა, რომ სარდაფი კაფე „ოსეტინსკიე პიროგის“ უკავია, ხოლო თავად შენობა სხვა, მესამე პირების საკუთრებაშია.
შსს–ს შემოწმებამ ელჩის სარჩელში მოყვანილი ფაქტი დაადასტურა. როგორც გამოირკვა, 2011 წლის 25 იანვარს მოსკოველმა, ოლეგ ჩერკასოვმა, რომელიც მოსკოვის მთავრობასთან არსებულ უძრავი ქონების ფირმა „ლიკომ–ცენრტში“ მუშაობს, ზემოთ დასახელებული სახლის ერთ–ერთი მცხოვრებისგან 75 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი შეიძინა. ამის შემდეგ იმავე ჩერკასოვმა, ოპერმუშაკთა მონაცემებით, გაყალბებული დოკუმენტებით მიმართა „როსტეხინვენტარიზაციას“ და უკვე 642 კვ.მ. ფართზე ტექნიკური დოკუმენტაცია მიიღო. შემდეგ მან უკვე არასაცხოვრებელ სასარდაფე ნაგებობაზე საკუთრების უფლებაც გაიფორმა.
როგორც შემდგომში გამოირკვა ჩერკასოვი საბინაო სფეროში საკმაოდ გათვითცნობიერებული პიროვნება აღმოჩნდა და მის სახელზე კიდევ ასი მსგავსი გარიგება მოიძიეს. საქმე ამჟამად წარმოებაშია, მაგრამ იგი კერძო პიროვნების, ანუ ჩერკასოვის სახელზე კი არა, რატომღაც მხოლოდ ფაქტზეა აღძრული. ამ საქმეში ასევე ჩართულნი არიან მოსკოვის შს სამმართველოს მაღალჩინოსნებიც, რომლებსაც, სავარუდოდ, ამ გარიგების გამო 3 მილიონი რუბლი აქვთ აღებული. ახლა ისინი ქრთამის აღებას კატეგორიულად უარყოფენ და საქმის განხილვას ყოველნაირად ამუხრუჭებენ. თან ყაზახეთის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელზე ამ საქმის გამო თავდასხმაც მოხდა.
ჯერჯერობით, საქმე აღძრულია თაღლითობის ფაქტზე და მიმდინარეობს გამოძიება. როდის დასრულდება იგი, არავინ იცის. ეტყობა, საქმეში ძალზე გავლენიანი პირები არიან გარეულნი.
0