21:18:40     28-06-2012
მიმინოშვილის მტკიცებით, მის ორგანიზაციას ივანიშვილი არ დააფინანსებს

მართალია არასამთავრობო სექტორს უძღვნა თავი, მაგრამ მეოცნებე ივანიშვილის ვირტუალურ მთავრობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრად განიხილება. ამბობს, რომ ჯერ არც ოფისი აქვს და არც - ფინანსები... თუმცა, ქალბატონი მიმინოშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დიმიტრი შაშკინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მაინც აფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას - „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია“.
ქალბატონი მიმინოშვილი, წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყო, მაგრამ სკამის დაკარგვიდან ზუსტად ორ დღეში გახდა პირწავარდნილი ოპოზიციონერი, რომელიც „შუშის კოლბის რაინდს“ სასახლეში ეახლა და მწუხარე გამომეტყველებით აუწყა განათლების სფეროში არსებული „განუკითხაობის“ შესახებ...
„პრესა.ჯი“: თქვენ დააფუძნეთ „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია“, აქვს თუ არა ორგანიზაციას ოფისი?
მაია მიმინოშვილი: ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ სოროსის ფონდში ვაპირებთ ამის შესახებ წინადადების შეტანას ორგანიზაციების განვითარების თაობაზე და იმედია გვექნება ოფისი. სოროსის ფონდი დაგვპირდა დროებით შეგვიფაროს. თუმცა ეს არ არის ოფისი, საკუთარი ოფისია საჭირო.
- იქნება თუ არა გაჭვირვალე ფინანსები, რომელიც შემოვა თქვენს არასამთავრობო ორგანიზაციაში?
- ფინანსები აუცილებლად იქნება გამჭვირვალე... ეს ჩვენს ინტერესებშიც არის. ჩვენ ვაპირებთ 4 ივლისამდე სოროსის ფონდში განცხადების შეტანას გრანტზე, ასევე USAID-ში და ევრაზიის ფონდში. როგორც კი მოვიპოვებთ გრანტს, ეს იქნება ასახული ჩვენს ანგარიშში და ყველას ექნება საშუალება ნახოს ფინანსების წარმომავლობა.
- თანამდებობიდან გათავისუფლებიდან მეორე დღეს შეხვდით ბიძინა ივანიშვილს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს თქვენი და თქვენი კოლეგების მიმართ სიმპათია არ დაუმალავს. შესაძლოა თუ არ თქვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილიც იყოს?
- არ დაფინასდება ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ და ამის გადამოწმება შეიძლება ძალიან მარტივად...
- თუ ივანიშვილი გამოთქვამს სურვილს დაგეხმაროთ ფინანსურად, მიიღებთ ამ დახმარებას?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ მივმართავთ მხოლოდ საერთაშორისო ფონდებს და ჩამოვთვალე... გვყავს ასევე უცხოელი პარტნიორები, რომლებმაც ჩვენთან მუშაობის სურვილი გამოთქვეს. ეს იქნება უკვე მეორე ნაბიჯი...
- ივანიშვილის ფულზე უარს იტყვით?
- ...ნახვამდის
0