გურამ ასათიანის გარდაცვალების დღისადმი („პაოლო იაშვილი“, I ნაწილი) გურამ ასათიანის გარდაცვალების დღისადმი („პაოლო იაშვილი“, I ნაწილი) />


  09:00:42     28-06-2012

გურამ ასათიანის გარდაცვალების დღისადმი („პაოლო იაშვილი“, I ნაწილი)

a19535.jpg

1982 წლის 28 ივნისს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გურამ ასათიანი.

გურამ ასათიანის არა ერთი კრიტიკული წერილი თუ მონოგრაფიული გამოკვლევა ახსოვს ჩვენს მკითხველს, ქართული ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე თუ ცნობილ ქართველ პოეტებზე (გალაკტიონზე, ტიციანზე, პაოლოზე, გიორგი ლეონიძეზე, სიმონ ჩიქოვანზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე და სხვა.).

მომავალი ლიტერატორი დაიბადა 1928 წლის 12 აგვისტოს, ლევან ასათიანის ოჯახში. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1955 წლიდან აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს. 1963 წელს გამოვიდა მისი წერილების კრებული „პოეტები და პოეზია“. 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX საუკუნის განყოფილებას.

1969 წელს გამოვიდა გურამ ასათიანის „მერანი და მისი ავტორი“, რომელიც საფუძვლად დაედო 1974 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიას „ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე“. იმ დროსვე დაიბეჭდა ნაშრომები ალექსანდრე ყაზბეგისა და გიორგი ჭალადიდელის მოღვაწეობაზე კრებულში „ქართული ლიტერატურის XIX საუკუნის II ნახევრის ისტორია“. ამ ტომის რედაქტორი თავად გურამ ასათიანი გახლდათ. 1974 წელს მიანიჭეს საკავშირო I პრემია. 1975 წელს მონაწილეობდა აფრო-აზიის მწერალთა და ლიტერატორთა სიმპოზიუმში ფილიპინებზე, დედაქალაქ მანილაში, რომლის შესახებ გამოაქვეყნა წერილი „ფორტ სანტ-იაგოდან ხატინამდე".

1977 წელს გურამ ასათიანმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია უნივერსიტეტში თემაზე: „ევოლუცია ქართული პოეტური აზროვნებისა XIX საუკუნეში". 1978 წლიდან იყო ჟურნალ 'ლიტერატურნაია გრუზია"-ს მთავარი რედაქტორი. 1982 წლის აპრილში გამოქვეყნდა გახმაურებული წერილების კრებული - 'სათავეებთან" (რამდენიმე ცდა ქართული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების გასარკვევად).

გურამ ასათიანის გარდაცველების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ესეების კრებული - „თანამდევი სულები" (1983 წელი). სტატიათა კრებული „უკეთესს დროთათვის", 1985 წელს გამოვიდა. გურამ ასათიანის 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი 1988 წელს გამომცემლობა 'მერანმა" დაბეჭდა რჩეული ნაშრომების ერთტომეული 'საუკუნის პოეტები".

როგორც ვთქვით, გურამ ასათიანი არა ერთი საინტერესო გამოკვლევის თუ წერილის ავტორია. მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად პრესა გე-ს მკითხველს ვთავაზობ გავიხსენოთ მისი წერილის "პაოლო იაშვილის" დასაწყისი.

ხვალ, 29 ივნისს (ძველი სტილით)  პაოლო იაშვილის დაბადების დღეა. ამიტომ, ამ წერილის გამოქვეყნება ორმაგად უპრიანია... გაგრძელებას ხვალ შემოგთავაზებთ.

პაოლო იაშვილი

(I ნაწილი)

როდესაც პაოლო იაშვილი და მისი მეგობრები მოვიდნენ ქართულ მწერლობაში, ყველაფერი ირგვლივ თითქოს ქარიშხლისწინა დაძაბული დუმილით, მომავალი რღვევისა და გარდატეხის მღელვარე წინათგრძნობით იყო გამსჭვალული.

ამ ახალგაზრდა პოეტებს, რომელთაც მანამდე გაუგონარი კადნიერებით ხელყვეს ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ყველა ადრე ეჭვმიუტანელი ავტორიტეტი, ამ ახალი ლიტერატურული სკოლის მესვეურებს, ახალგაზრდა თავმომწონე პოეტებს, რომელთაგან უხუცესი ოცდახუთს არ იყო მიღწეული, მაშინ ყველაფერი ეჩვენებოდათ ძალზე ადვილად, უბრალოდ, იოლად მისაღწევად და, ამავე დროს, მათ წარმოდგენაში ყოველივე: ხელოვნება, გარემომცველი სინამდვილე, მთელი სამყარო აღბეჭდილი იყო რაღაც გამოუვალი, ტრაგიკული, საბედისწერო შინაგანი წინააღმდეგობის ნიშნით.

„ცისფერი ყანწები“, ისევე როგორც საერთოდ სიმბოლიზმი, წარმოადგენდა დეკადანსის ყველაზე მკაფიო, ყველაზე მწვავე გამოვლინებას XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პოეზიაში.
როგორც ცნობილია, დეკადანსი ნიშნავს დაცემას, ძირს დაქანებას, ქვევით დახრას. ასე ითარგმნება ეს სიტყვა ქართულ ენაზე. მაგრამ „დაცემა“ იყო მხოლოდ გარეგანი შედეგი, რეზულტატი რთული ფსიქოლოგიური პროცესისა, რაც იმ დროისათვის განიცადა ევროპულმა მწერლობამ. ხოლო მიზეზი და არსი ამ პროცესისა იყო დაღლილობა, სასოწარკვეთა, პერსპექტივის გრძნობის დაკარგვა.
დეკადენტური მწერლობა საქართველოშიც იყო გამოხატულება იმ საბედისწერო დაღლილობისა, რომლის უფლება ქართველ კაცს, სულ ერთია, პოეტი იქნებოდა ის, მეომარი თუ მიწის მუშა, არასოდეს არ ჰქონია და, ალბათ, არც არასოდეს ექნება.

რეაქციის წლებში „ცისფერყანწელებმა“ სცადეს, მათი აზრით, „მოძველებული“ იდეალებისთვის დაეპირისპირებინათ თავიანთი ახალი ესთეტიკურ-მოდერნისტული რწმენა ან, უფრო სწორად, ურწმუნოება, სკეპსისი, უიმედობით, მარაზმით, სამყაროს „მთვრალი ქაოსით“ ტკბობის ფილოსოფია.
ისინი აღტაცებაში მოჰყავდა კოსმიური კატასტროფის, აპოკალიფსის ცხენების ავისმეტყველი ჭიხვინის წინათგრძნობას, ისინი თვრებოდნენ სიმახინჯით, მწუხარებით…

ეს იყო თითქოს შეშლილთა ნადიმი შავი ჭირის დროს.

რასაკვირველია, ისეთი პოეტებისთვის, როგორიც პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და გიორგი ლეონიძე იყვნენ, დეკადენტობა მათთვის წარმოადგენდა თავისებურ თამაშს და ისინი იმ დროს პოპულარული ფრანგი მწერლის რემი დე გურმონის ცნობილი „ნიღაბთა წიგნის“ მიბაძვით ირჩევდნენ რაც შეიძლება უცნაურ ნიღბებს, რომლებსაც მათი ნამდვილი, ადამიანური სახე უნდა დაეფარა.
ქართველ მკითხველთა გაოცებულ აუდიტორიას ისინი მოევლინნენ არლეკინებისა და პიეროების სამოსელში, „უაილდის ყელსახვევებით“, შუა საუკუნეების ჯამბაზებივით ხელოვნურად გათეთრებული ღაწვებით.

ამ მკვიდრი ნიღბების ქვეშ იმალებოდა სიცოცხლით სავსე, ცხოვრებას, მოქმედებას მოწყურებული ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, უაღრესად მგრძნობიარე და ნიჭიერი ადამიანების დაუხარჯავი ენერგია და ტემპერამენტი.

ახლა ჩვენ ვიცით, რომ საკმარისი იყო კონკრეტული გარეგანი ბიძგი, რომ მათ სამუდამოდ ჩამოეწმინდათ სახიდან მოდერნიზმის ეს ჭრელი ფერ-უმარილი და ქართულ თანამედროვე პოეზიაში შესულიყვნენ თავიანთი უაღრესად წრფელი და თვითმყოფადი, ნამდვილად ორიგინალური ინდივიდუალობით. მაგრამ საჭიროა კიდევ ერთხელ ითქვას, რომ დეკადანსი მაინც შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა ქართულ პოეზიაში. იგი არ წარმოადგენდა მხოლოდ ეპიგონობის ნაყოფს.
ეს უცნაური ნიღბები, ეს ხელოვნური, არაბუნებრივი გრიმასები, რაღაცნაირად, თუნდაც ძალზე მიახლოებით, ძალზე პირობითად, მაინც გამოხატავდნენ ნამდვილი პოეტების ნამდვილ ტკივილებს, მათ არაგამოგონილ, მწვავე, მტკივნეულ შინაგან დრამას, ნამდვილი სიყვარულისა და შთაგონების ნიჭს.

როდესაც პაოლო იაშვილი წერს:
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები.
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

ამ სიტყვებს აღარ ესაჭიროება ზედმეტი მოწმობა მათში გამხელილი განცდის სიწრფელისა და სინამდვილის დასამტკიცებლად. ისინი თვითონ წარმოადგენენ ცოცხალ, ეჭვმიუტანელ, სისხლიან საბუთს იმ მართლაც შეგნებული თვითმკვლელობის მსგავსი აქტისა, რომლის ფასად პოეტი, თუ ის ნამდვილი პოეტია, უკვდავებაზე, მარადიულ სიცოცხლეზე აცხადებს თავის კანონიერ უფლებას.
ეს სასტიკი ჭეშმარიტება განსაკუთრებით ზუსტად გამოხატავს იმ აშკარა არათანაბარზომადობას, რომელიც არსებობს პაოლო იაშვილის შემოქმედებით პიროვნებასა და მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შორის.

თავის თანამედროვეთა, თანამოკალმეთა – ყველა იმ ადამიანთა მოწმობით, ვისაც ერთხელ მაინც რგებია მასთან სიახლოვე, – პაოლო იაშვილი სიცოცხლეში უხვად, უსასყიდლოდ, უზომოდ აფრქვევდა თავის გარშემო ძვირფას რითმებს, კაშკაშა პოეტურ სახეებს, მომხიბვლელ ღიმილს, მეგობრულ სითბოს, რაინდულ გულისთქმას, გონებამახვილობისა და ენამჭევრობის ნამდვილ ფეიერვერკებს, იმ იშვიათ მადლს, რომლითაც ის ბუნებამ ასე მრავალმხრივ დააჯილდოვა.
პაოლო იაშვილი იყო ნამდვილი ავთანდილი, სიმღერის, სიყვარულის ჟინით შეპყრობილი მშვენიერი რაინდი, რომელიც თავის გარშემო შეუნელებელ აღტაცებას ბადებდა განუმეორებელი პოეტური ეშხით, მოხდენილობით, სილამაზის თანდაყოლილი უტყუარი გრძნობით...

ახალი დროის მსოფლიო მწერლობამ იცის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმ იშვიათი ნიჭისა, რომელსაც პოეტურ იმპროვიზაციას უწოდებენ. როგორც ცნობილია, თავის დროს ადამ მიცკევიჩს განცვიფრებაში მოჰყავდა პუშკინი და სხვა რუსი პოეტები თავისი გენიალური ექსპრომტებით, რომელთა ჩაწერა, სამწუხაროდ, არავის მოფიქრებია. ჩვენს დროში, როდესაც შემოქმედების აქტი ასე მჭიდროდ დაუკავშირდა ლითონის კალმისტარს, რემინგტონს, სასტამბო დაზგას, პაოლო იაშვილი შუა საუკუნეების ბარდივით კვლავ განაგრძობდა შთაგონების წამიერი აფეთქებით ნაკარნახევ, თავისი უშუალობითა და სიმსუბუქით მომხიბვლელ, ლაღ და ძალდაუტანებელ სიმღერას.

ის იყო პოეტური იმპროვიზაციის შეუდარებელი ოსტატი ჩვენი დროის პროფესიონალ პოეტთა შორის და ამაზე აშკარად მეტყველებენ ის შემთხვევით შემორჩენილი, სამწუხაროდ, ძალზე მცირეოდენი ჩანაწერები, რომელთაც დღემდე მოაღწიეს.

აი, ფრაგმენტები ერთ-ერთი ასეთი პოეტური ტოსტიდან, რომლითაც მან 1920 წელს მიმართა სტუდენტურ სერობაზე მის პატივსაცემად შეკრებილ რამდენიმე ახალგაზრდას:

სტუდენტთა ოთახში სანთლებად ვენთებით,
სტირიან, ლოთობენ ჩვენი სტუდენტები.
სტუდენტთა ოთახში ცხოვრობენ ტყუპებად,
ზოგი ყვითელია, ზოგი იღუპება…
პური და ვაშლები, ქართული წიგნები,
გამხდარ მეგობრებთან დილამდე ვიქნებით,
იტირეთ, იმღერეთ, ძმებო და კარგებო,
დღეს თუ არ მოვკვდებით, ხვალ დაიკარგებით.

. . . . . . . . . . .

ღმერთო, დაეხმარე და დააბინავე!
ოთახში გვეწვევა ხელის დამკრეფელი
ქაშვეთი, სიტყვები და მატარებელი.*
(* ამოწერილია ლევან ასათიანის უბის წიგნაკიდან).

პაოლო იაშვილის ზოგიერთ დასტამბულ ნაწარმოებშიც არის ნიშნები პოეტური იმპროვიზაციის უშუალო აღბეჭდვისა. მის ლექსებს იშვიათად აქვთ მყარი ლირიკული არქიტექტონიკა, ლირიკული თემის განვითარება აქ იშვიათად ემორჩილება რაიმე წინასწარ გააზრებულ სქემას.

წმინდა შთაგონებას აქ დაკისრებული აქვს მაქსიმუმი და იგი უტყუარი მეგზურივით მიუყვება პოეტს ზოგჯერ ძალზე რთული მეტაფორული ასოციაციების ტევრში და, რაც მთავარია, ძალიან ხშირად ინტუიციით აგნებს ყველაზე სწორ და ზუსტ გზებს.

პაოლო იაშვილის ზოგიერთი ადრინდელი ლექსი ჰაერში გაქვავებულ შადრევანს მოგვაგონებს და ჩვენ დღემდე განცვიფრებული შევცქერით სივრცეში აღბეჭდილ პოეტის სულის ამ ცოცხალ ფეთქვას.
მართალია, პაოლო იაშვილს სიმბოლისტურ პერიოდში დაწერილი აქვს არაერთი ლექსი ზუსტი ვერსიფიკაციული ფორმითაც, მაგრამ აქაც ეს მყარი, დაკანონებული ფორმები გაცოცხლებულია შინაგანი თრთოლვით, უხვად დაღვრილი ვნებით და სულის სიჩვილით…

ასეა დაწერილი, მაგალითად, მისი ცნობილი ტრიპტიხი, განსაკუთრებით ვერლენისადმი მიძღვნილი II სონეტი.

საჭიროა ითქვას, რომ თუმცა „ცისფერყანწელები“, განსაკუთრებით თავიანთ ადრინდელ ლექსებში, თაყვანს სცემდნენ ოსკარ უაილდის ესთეტიზმს და პასიური მჭვრეტელობის, არტისტული დენდიზმის, ჩვეულებრივი, პროზაული სინამდვილისადმი გულგრილობის მანიფესტებით გამოდიოდნენ, მაგრამ ისინი სინამდვილეში არასოდეს არ ჩაკეტილან ე.წ. სპილოს ძვლის კოშკში, არ გამიჯნულან სავსებით და საბოლოოდ თავისი დროისაგან.

პაოლო იაშვილის სიმბოლისტურ ლირიკაში ჩვენ ვხვდებით უაღრესად მძაფრ, მკაფიო ანაბეჭდებს იმ საშინელებისა, იმ რეალური კოშმარებისა, რომლებიც ძველ სამყაროს მისი აღსასრულის ჟამს მოევლინნენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავად არის გამოხატული ეპოქის ეს ტრაგიკული განცდა ვერჰარნისადმი მიძღვნილ სონეტში:

სახრჩობელები, კვამლი, სისხლი, სახე ქურდული,
მშიერთა ურდო, რკინის კვნესა, მზის დაბნელება…
ვერჰარნ! ვიხრჩობით ცეცხლის ზღვაში, რა გვეშველება!
ოცნება ოხრავს, ვით ფრინველი ფრთადასუდრული.

პაოლო იაშვილმა თავისი თვალით ნახა არა მხოლოდ დეკადენტებისა და ესთეტების მექა – პარიზი თავისი განთქმული არტისტული კაფეებით: „როტონდით“ და „კლოზერი დე ლილათი“, იგი პირისპირ აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომის ხანძარში გახვეულ ევროპასთან. ეს შემზარავი სურათები სამუდამოდ აღიბეჭდნენ მის შეგნებაში და თავისებური ელფერი მისცეს მთელ მის ადრინდელ ლირიკას.

ლექსში „ევროპა“, რომელიც წარმოადგენს ნაწყვეტს პაოლო იაშვილის ლირიკული ავტობიოგრაფიიდან, იმპერიალისტური ომის კოშმარები, ეპოქალური ძვრები, „თაობათა გადაშენება“ განცდილია ღრმა შინაგანი დრამატიზმით. ამ ლექსს განსაკუთრებით განუმეორებელ ინტიმურ ელფერს აძლევს მისი უკანასკნელი სტროფი, სადაც ევროპის მთელი ეს სისხლიანი ქაოსი, ეს გრანდიოზული სასაკლაოს სურათი შევსებულია ერთი, თითქოს უმნიშვნელო, წვრილმანი, მაგრამ, ამავე დროს, საოცრად ადამიანური, ცოცხალი შტრიხით.

გამოვექეცი ევროპის ქაოსს,
დანგრეულ რეიმსის ტაძარს,
უზარმაზარ ტანკების ქშენას,
რეინის ირგვლივ თაობათა გადაშენებას.
ვიგონებ მართლა ჟრუანტელით
ლამანშის სრუტეს,
იქ ჩალაგებულ ატლანტიკის ანთებულ გემებს,
შოტლანდიაში ვნახე თეთრი ძროხების ჯოგი
და გავიღიმე ვით ნახევრად გაგიჟებულმა,
გამოვექეცი ევროპის წარღვნას…
პარიზში დამრჩა ერთი საფლავი,
ლეგიონის ორდენის წევრი,
აღმოსავლეთში განთქმული გმირი,
და ქუთაისში გადამტანი რევოლუციის,
მკვდარი მარნასთან,
პერლაშეზზე განსვენებული
ბუჭუტა აბაშიძე.

პოეტების იმ თაობას, რომლის შეგნება ნამდვილად მოწამლული იყო არა მხოლოდ ბოდლერის „ბოროტების ყვავილების“ სურნელით, არამედ თავისი დროის „კვამლით, სისხლით და შხამითაც“, უკვე აღარ შეეძლო მიბრუნება კლასიკური პოეზიის ნათელ სახეებთან, რომანტიკულ იდილიებთან. იმ ძველ პოეტურ სამყაროსთან, რომელზეც გალაკტიონ ტაბიძე ამბობდა: „მოჰქონდათ წინათ პასტორალები“…

პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“, რომელიც ესენინის ცნობილ ლექსზე –  „Aმყტსრ სთიეპმ“ – ხუთი წლით ადრე არის დაწერილი, წარმოადგენს ძველ, იდილიურ საქართველოსთან გამოთხოვებას.

ძველი სამყარო: წინაპართა მყუდრო სამყოფელი, ქვიტკირის მარნები, ბზის განიავება, მართალი ბათმანი – აქ დანახულია ქალაქის მტვრიანი, ვნებით გახელებული ქუჩებიდან, სრულიად ახალი ფსიქოლოგიის, ახალი სულიერი წყობის ადამიანის თვალით.

„ცისფერყანწელები“, პირველნი ქართულ მწერლობაში, შეეცადნენ პოეზიაში ე.წ. ურბანისტული მსოფლშეგრძნების შეტანას.

ამ თვალსაზრისით, პაოლო იაშვილის ლექსი „ფარშევანგები ქალაქში“ წარმოადგენს თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთ პირველ ლირიკულ პეიზაჟს XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

სიცხიანი, ჰალუცინაციებით აბოდებული ქალაქი, სადაც ლურჯი ჰაერი დამსხვრეული შუშის მტვერივით ელავს, სადაც სნეული ძაღლები ქუჩებში ყრიან და თვალებახვეული ცხენები მკერდს იხევენ რკინის სვეტებზე, პაოლო იაშვილს წარმოუდგებოდა მისტიკურ კოცონად, რომელშიც უმწეო მშვენიერ ფრინველებთან ერთად სამუდამოდ იწვოდნენ პოეტის წმიდათაწმიდა ილუზიებიც, და ეს სისხლიანი სასაკლაო, როგორც მთვრალ ხარს, ისე იზიდავდა პოეტის შთაგონებას.

რასაკვირველია, ეს იყო სიმბოლისტის თვალით დანახული ქალაქი, უფრო ირეალური, ვიდრე ნამდვილი, მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ესთეტის მიერ შეთხზული ლამაზი ბუტაფორია.

ეს ლექსი დაწერილია ოცი წლის ჭაბუკის ხელით და მასში, მიუხედავად დეკადენტის განურჩეველი, ინდიფერენტული პოზისა, ნამდვილად ისმის, თავგამეტებით კივის, მოწყალებას ითხოვს ქალაქის მტვერში წაქცეული ბავშვის ჭრილობა.

„ცისფერყანწელები“ სინამდვილეში იყვნენ სწორედ ის გულჩვილი, გასული საუკუნის იდილიებზე გაზრდილი ბავშვები, რომლებიც ახალმა საუკუნემ დიდი ქალაქის ქუჩებში გამოყარა და რომელნიც ამაოდ ცდილობდნენ ჭრელი ქაღალდის ნიღბებში დაემალათ თავიანთი შიში და ძრწოლა ამ უცნობი სინამდვილის წინაშე.

ესენი იყვნენ ადრე დაბერებული, წამებული ბავშვები, რომლებიც სულის სიღრმეში ატარებდნენ სიყვარულის, ალერსის, სათნოების მწვავე მოთხოვნილებას.

შემთხვევითი არ არის, რომ პაოლო იაშვილს ქართული სიმბოლიზმის წინამორბედთაგან ყველაზე მეტად ხიბლავდა არა „ოქროპირი“ მალარმე და არც „დორიან გრეის პორტრეტის“ არისტოკრატიული სნობიზმით გულშეჯავშნული ავტორი, არამედ „ღარიბი ვერლენი“, სათნოების ამაოდ მაძიებელი, დიდი ქალაქის ჯვარზე გაკრული გულუბრყვილო რაინდი.

ვერლენს ციოდა, დადიოდა გაუპარსავი,
უნდოდა საწყალს ბედის კვალი რომ შეეცვალა.
მას ღვთისმშობელი შეუყვარდა ობოლ დასავით,
და შველა სთხოვა, როცა ღამის ჯვარზე ეწვალა.

კოლაუ ნადირაძისადმი მიძღვნილ ამ მშვენიერ ლექსში იგრძნობა ის არამოჩვენებითი, წრფელი თანაგრძნობა და სიბრალული შორეული თანამოძმისადმი, რაც ნამდვილად დიდბუნებოვანი შემოქმედის თვისებას შეადგენს.

ქართველი სიმბოლისტების მწვავე შინაგანი ტრაგედიის მიზეზი იყო ის, რომ ისინი სულიერად ძალზე შეუიარაღებელნი აღმოჩნდნენ თავისი დროის რთული და სასტიკი კონფლიქტების წინაშე.
მათ სურდათ ამ მახინჯ სინამდვილეზე მაღლა დამდგარიყვნენ, საბოლოოდ გაეწყვიტათ კავშირი მასთან და ამის გამო უნებურად მოსწყდნენ არა მხოლოდ თავის დროს, არამედ მყარ ეროვნულ ნიადაგსაც.

ისინი აღმოჩნდნენ ნამდვილი საყრდენი წერტილების გარეშე, რეალური მიზნების, პერსპექტივების, ჭეშმარიტი იდეალების გარეშე. მათ დაკარგეს მიწის რეალობის გრძნობა და მთვარეულებივით გაჰყვნენ იმ გზას, რომელიც უფსკრულის პირას მიდიოდა.

საჭირო იყო გარდამტეხი ისტორიული ძვრების ზემოქმედება, რომ მათ საბოლოოდ მიეგნოთ თავიანთი დაკარგული ფესვებისათვის, მტკიცედ დამდგარიყვნენ ეროვნულ ნიადაგზე და ქართველი ხალხის ბედ-იღბალთან, მის სულიერ ცხოვრებასთან აღედგინათ კავშირი.

საბედნიეროდ, პაოლო იაშვილს, ისევე როგორც მის ყოფილ ლიტერატურულ თანამებრძოლთა უმრავლესობას, ეყო სულიერი სიმტკიცე და ნებისყოფა, რათა თავი დაეღწია დეკადენტური მისტიკის ჰიპნოზისაგან.

ეს გამოფხიზლების პროცესი არ ყოფილა უმტკივნეულო, რადგან იგი წარმოადგენდა არა სინამდვილესთან უბრალო შეგუების, ბიოლოგიური შეთვისების აქტს, არამედ მისი გაგების, მისი შინაგანი არსის განჭვრეტისა და რწმუნების გულწრფელ ცდას.

ეს იყო მათი სულიერი ძალების მკაცრი გამოცდა, და მათ შეძლეს დაემტკიცებინათ თავიანთი შინაგანი სიმრთელე და სიცოცხლისუნარიანობა, თავიანთი ერთგულება სიცოცხლისადმი, ქართული მიწისა და მზისადმი, საქართველოს აწმყოსა და მომავლისადმი.

აღსანიშნავია, რომ პაოლო იაშვილის შემოქმედებაში, ისევე როგორც ტიციან ტაბიძესთან, სიმბოლისტური გატაცებებისგან თავის დაღწევისა და მიწასთან დაბრუნების თემა დაკავშირებული იყო არა მხოლოდ მოქალაქეობრივი სიმამაცის, არამედ საერთოდ ადამიანური, მამაკაცური სიძლიერის, შეუპოვრობის, ვაჟკაცობის მოტივთან.

„ცისფერყანწელებმა“ თვითონვე იგრძნეს, რომ ესთეტიკური სნობიზმი, სინამდვილისგან გამიჯვნის თუ გაქცევის ცდა წარმოადგენდა ქართული პოეზიისათვის დამახასიათებელი, საერთოდ, ქართველი კაცის შეგნებაში, სისხლში და ხორცში გამჯდარი შეუპოვარი სულისკვეთებისადმი სამარცხვინო ღალატს.

ეს წუთიერი შეკრთომა მათ მიიჩნიეს ქართველი პოეტისათვის მიუტევებელ სიმხდალედ და მკაცრად, უშეღავათოდ გადააფასეს ყველაფერი, რაც ადრე მათი ავადმყოფური შთაგონების საგანს წარმოადგენდა.

და თუ ტიციან ტაბიძე წერდა:

შერცხვეს ვაჟკაცი, თუ ამ მზეს ხედავს
და სიკვდილს კიდევ შეუშინდება!

პაოლო იაშვილსაც აღმოაჩნდა იმდენი სულიერი მხნეობა, რომ თავისი ახალი ლექსებისთვის შესაფერისი კილო მოეძებნა:

როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.

ეს იყო გუწრფელი სურვილი, ამაღლებული, რაინდული ზრახვა პოეტისა, რომელმაც მთელი არსებით იგრძნო საკუთარი მოწოდებისა და საქმის განუყოფელი ერთიანობა ერის ცხოვრებასთან, მის სულიერ ყოფასთან და გულისთქმასთან.

გასინჯე ცეცხლის ღადარში
სიმაგრე ლექსად თქმულისა! –

წერდა პაოლო იაშვილი 1934 წელს, რადგან ამ დროს მან უკვე იწამა პოეტის მაღალი დანიშნულება, მისი პასუხისმგებლობა ერის, სამშობლოს, დროის წინაშე.

ლექსში „პოეტის საქმე“ ეს წმიდათაწმიდა ვალი შემოქმედისა ასე უბრალოდ და მკაფიოდ არის ფორმულირებული პოეტის მიერ:

ჩემო ქვეყანავ, დამსვი პოეტად,
შენი შრომის და მიწის საქებად
და რაც კი ძალა მომეპოვება,
მინდა ლექსებად გადმოლაგება.

პაოლო იაშვილმა პოეტის ნამდვილი გატაცებით უმღერა საქართველოს, თბილისს, სამგორს, ქუთაისს, კოლხიდის პირველ მოსახლეებს, რიონის ახალ კალაპოტს, „სამას არგვეთელს“, ზემოურ რთველს, მალთაყვას. მან მიუძღვნა წრფელი პოეტური განცდით გამთბარი ლექსები ოვანეს თუმანიანს, უკრაინელი ქალის სიმღერას, ესპანეთის გმირ ხალხს.

თავისი ლექსით, სიტყვით, საქმით იგი ყველგან განასახიერებდა ცხოვრებისადმი, შენებისადმი, განახლებისადმი თავდავიწყებულ სიყვარულს, აღტაცებას, შრომისა და შემოქმედების ხალისს.
არც ერთ ქართველ პოეტს არ რგებია იმდენი სიყვარული და აღტაცება, რომლითაც პაოლო იაშვილის პიროვნებისადმი იყვნენ გამსჭვალული XX საუკუნის მთელი რიგი გამოჩენილი მოღვაწენი და მხატვრები უცხოეთში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში.

0

ავტორი: