17:25:22     27-06-2012
სოჭში ოლიმპიადა არ ჩატარდება, რუსეთი საქართველოსთან კონფლიქტს აპირებს

ემზადება თუ არა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტპორტალზე, ჟურნალისტ ევგენი ტიტოვის მიერ გამოქვეყნებული ჭორების საფუძველზეც შეიძლება. დიახ, ჭორების, რომელიც ტიტოვმა სოჭში შეაგროვა და რომელზეც დიდი ხანია, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ღიად და დარწმუნებით საუბრობს.
სოჭში ბევრ თემაზე ჭორაობენ, განსაკუთრებით კი 2014 წლის ოლიმპიადაზე და რაც ჩვენთვის ამ შემთხვევაშია საინტერესო, ამ ოლიმპიადასთან საქართველოს კავშირზე, რასაც ტიტოვის მიერ მოყვანილ ჩამონათვალში №1 ჭორის ადგილი აქვს მინიჭებული. ეს ჭორი კი ასეთია:
ოლიმპიადა არ ჩატარდება, რადგან ფული მოპარულია. ამის გამო მოწყობილი იქნება ლოკალური კონფლიქტი ან ტერაქტი აფხაზეთისა და საქართველოს „საზღვარზე“. რუსეთი განაცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ოლიმპიადის სტუმრებს და ამიტომ იტყვის, რომ მისი ჩატარება არ შეიძლება - ყვებიან ჭორიკანა სოჭელები.
ჭორი ჭორია, მაგრამ ზუსტად იმავეს ლაპარაკობენ რუსი ექსპერტებიც. მაგალითად, შავი ზღვა-კასპიის რეგიონის ინსტიტუტის დირექტორი სერგეი ზახაროვი, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს, რომ „სოჭის ოლიმპიადა არ იქნება“ და ამის მიზეზად საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილს ასახელებს.
ამჯერად უკვე მის „ექსპერტულ დასკვნას“ ასეთი ლოგიკა აქვს: დასავლეთს არ სურს ამ ოლიმპიადის ჩატარება; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიზეზებს ეძებს; სააკაშვილს მილიარდი გადაუხადეს, რომ პუტინის მიერ დაგეგმილი ოლიმპიადა ჩაშალოს; ის წარმატებით ართმევს თავს ამ დავალების შესრულებას, განსაკუთრებით ჩერქეზთა გენოციდის თემის მანიპულირებით, რა მიმართულებითაც, ზახაროვის თქმით, რუსეთს საინფორმაციო ომი წაგებული აქვს...
ზახაროვი რუსული სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ხიზრი ალდამოვისგან ნახსენებ „პანკისური ჯამაათისა“ და „საქართველოს მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ტერაქტების თემასაც“ იშველიებს მეტი „ეფექტის“ შესაქმნელად, მაგრამ ამბობს, რომ ეს „ჯამაათები“ და „ტერატქები“ არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც ჩერქეზთა საკითხის გააქტიურებით იქნება შესაძლებელი.
ბოლოს კი დასძენს, რომ იძულებულია ერთი ინფორმაციაც გაახმაუროს: „ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე დასტური უკვე მიიღო სამხრეთ კორეამ. რუსეთს რომ კარგად ჰქონდეს საქმე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, ასეთი რამ არ მოხდებოდა“.
ზახაროვის განცხადებამდე კი იყო „ხმაურიანი წარმატებული ოპერაცია“ აფხაზეთში „აფხაზური ჯამაათის“ აღმოჩენისა და სოჭის ოლიმპიადისთვის დაგეგმილი ტერაქტების აღკვეთის შესახებ, რომელთან კავშირშიც საქართველო დაადანაშაულეს. ნიშანდობლივია, რომ ეს განცხადება პუტინის ინაუგურაციისთანავე გაკეთდა, როცა პრეზიდენტის რანგში თავისი პირველივე გასვლა პუტინმა სოჭში მოაწყო, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ლიდერებს შეხვდა; იყო სეპარატისული რეჟიმის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო დივერსიულ-ტერორისტულ ჯგუფებს ამზადებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვითარების დესტაბილიზაციისთვის და ამ ტერორს უკვე ეწევა კიდეც, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და დაეთანხმა; იყო ალდამოვის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამალებული სამზადისი მიმდინარეობს რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად... 0