„მაგნიტსკის სიის“ პასუხად, რუსეთი ასიმეტრიული ზომებით იმუქრება „მაგნიტსკის სიის“ პასუხად, რუსეთი ასიმეტრიული ზომებით იმუქრება />


  13:53:32     27-06-2012

„მაგნიტსკის სიის“ პასუხად, რუსეთი ასიმეტრიული ზომებით იმუქრება

a19516.jpg

„მაგნიტისკის სია“ უფრო და უფრო რეალური ხდება. აშშ-ის სენატის საერთაშორისო კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი გუშინ ერთხმად დაამტკიცა.  თუკი დოკუმენტს კონგრესის ორივე პალატა დაუჭერს მხარს, კომპანია Hermitage capital management-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან კავშირის მქონე რუს ჩინოვნიკებს სანქციები მოელით. ეს იქნება სავიზო სანქციები და მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ვიზების ანულირება მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი კანონის მიღებამდე იქნება გაცემული. სავიზო სანქციების გარდა კანონპროექტით გათვალისწინებულია ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ რუს ჩინოვნიკთათვის ამერიკულ ბანკებში არსებული ანგარიშების გაყინვაც.

მოსკოვი, როგორც მოსალოდნელი იყო, სენატის კომიტეტში დოკუმენტისადმი მხარდაჭერის გამოცხადებამ უკიდურესად გააღიზიანა. რუსეთი დიდი ხანია კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კონტრზომებით იმქურება. საგარეო ასქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა სენატის კომიტეტის გადაწყვეტილებას და მოსკოვის მხრიდან არაადექვატური პასუხებით დაიმუქრა. მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ „მოსკოვის პასუხი აუცილებლად სიმეტრიული არ იქნება“.

„ეს არ არის ჩვენი არჩევანი, პასუხი შეიძლება სიმეტრიულიც იყოს და არა მარტო ასიმეტრიული. სიმეტრიული იქნება, მაგრამ სხვა ზომებსაც მივმართავთ“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მანამდე კი თავად ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში რუსეთიც თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავდა „ენ რაოდენობის“ ამერიკელს.

აჟიოტაჟია რუსეთის დუმაშიც. პირველმა ვიცე-სპიკერმა, კომუნისტმა ივან მელნიკოვმა საპასუხო ზომად „ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა“ მოითხოვა. კერძოდ, მელნიკოვის თქმით მოსკოვმა აღარ უნდა განიხილოს თავის ტერიტორიაზე  ნატოს სატრანზიტო პუნქტის გახსნის საკითხი, რადგან „ეს ყველაფერი პირდაპირ ეხება აშშ-ს“.

რუსი საზოგადო მოღვაწე ელენა პამფილოვა ირონიით უყურებს რუსეთის მუქარას - რუსეთის საპასუხო ზომები, მისი თქმით, კომიკური იქნება და ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანს შეერთებულ შტატებს. მისი თქმით, უკეთესია, ახლა მოსკოვი იმით დაკავდეს, რომ არსებითად გაარკვიოს - რომელი თანამდებობის პირები არიან გარეულები ამ მკვლელობაში.

ამასობაში სენატორი ჯონ მაკკეინი სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას მოითხოვს. მაკკეინმა წერილი გაუგზავნა ბარაკ ობამას, რომელშიც ის მოითხოვს, რომ  „მაგნიტსკის სიის“ ფიგურანტებს დამატებითი სანქციები დაუწესონ. სენატორი ეჭვობს, რომ რუსი ჩინოვნიკები საშიში ტრანსნაციონალური - „კლუევსკის დაჯგუფების“ წევრები არიან, რომლებიც ფულის გათეთრებით, გამოძალვითა და ძარცვით არიან დაკავებულები და ამდენად ობამას მიერვე ხელმოწერილი განკარგულებით შესაბამისად, ასეთი დაჯგუფებების წევრთა მიმართ, შესაძლოა იგივე სანქციები დაწესდეს, რასაც ტერორისტების წინააღმდეგ იყენებენ. გარდა ამისა, მაკკეინი არ გამორიცხავს, რომ მაგნიტსკის მკვლელობაში ამ „ბანდის“ მიერ ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული იყო.

დიმიტრი კლუევი უკვე არარსებული „უნივერსალური შემნახველი ბანკის“ მფლობელი იყო, რომლის ანგარიშზეც, როგორც თავის დროზე Hermitage capital ამტკიცებდა, გადაირიცხა 5, 4 მილიარდი დოლარი - რუსეთის ბიუჯეტიუდან მოპარული ფული, რასაც კომპანიამ „რუსეთის უახლეს ისტორიაში უმსხვილესი გაუხსენლი დანაშაული“ უწოდა. მისი იურისტი სერგეი მაგნიტსკი კი საგამოძიებო იზოლატორში მას შემდეგ მოხვდა, რაც ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა მიმართ ჩვენებები მისცა და საბოლოოდ, შეეწირა კიდეც ამ საქმეს. ის 2008 წელს გადასახადებისგან თავის არიდებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, 2009 წელს კი გარდაიცვალა. მაგნიტსკის სიკვდილმა დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. მისი ახლობლები, ადვოკატები, უფლებადამცველები, ამტკიცებენ, რომ ის ფაქტობრივად მოკლეს, რადგან შეგნებულად ამყოფებდნენ არასათანადო პირობებში და შეგნებულად აღუკვეთეს სამედიცინო დახმარების მიღების უფლება.

0

ავტორი: