ОДКБ-ს სამხედროები, კავკასიის რეგიონში კოლექტიური ძალების გამოყენებაზე ივარჯიშებენ ОДКБ-ს სამხედროები, კავკასიის რეგიონში კოლექტიური ძალების გამოყენებაზე ივარჯიშებენ />


  08:35:56     27-06-2012

ОДКБ-ს სამხედროები, კავკასიის რეგიონში კოლექტიური ძალების გამოყენებაზე ივარჯიშებენ

a19497.jpg

რუსეთის მიერ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წრთვნების „კავკაზ 2012“-ის პარალელურად, შემოდგომაზევე იწყება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) ფარგლებში დაგეგმილი ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების წრთვნაც.

 „ურთიერთქმედება 2012“-ის თემა „კავკასიის რეგიონში ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალებისა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების გამოყენებაა“. წრთვნა სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. მთელს ამ პროცესს სომხეთის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს.

ОДКБ-ს გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა წრთვნების დეტალების შესათანხმებლად უკვე ჩავიდა ერევანში, სადაც სომხეთის პრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა.

ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების პირადი შემადგენლობა 20 ათას ითვლის, საიდანაც ნახევარი რუსი სამხედრო მოსამსახურეები არიან. ОДКБ-ს სამხედრო კომპონენტი შედგება შენაერთებისა და დანაყოფებისგან, რომლებიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან - იუწყება სომხური მედია.

წრთვნების სამხედრო-პოლიტიკური ეტაპი კი უკვე დაიწყო.  ერევანში უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რომელზეც სომხეთის ირგვლივ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაზე და მომავალ სავარაუდო ნაბიჯებზეც იმსჯელეს - წერს სააგენტო „რეგნუმი“. რა თქმა უნდა, საბჭოს სხდომის შედეგები საჯარო ინფორმაცია არ გამხდარა. თუმცა სააგენტო დასძენს, რომ შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმართონ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში საზღვარზე გართულებული სიტუაციის ფონზე, გამომწვევად გაიჟღერა ОДКБ-ს ხელმძღვანელის ნიკოლაი ბოირდიუჟას განცხადებებმა. მან ინტერვიუ მისცა სომხეთის პირველ არხს, სადაც აღნიშნა, რომ სომხეთს, როგორც ორგანიზაციის წევრს, აქვს უფლება დახმარებისათვის მიმართოს ОДКБ-ს, მათ შორის, სამხედრო დახმარებისთისაც - დააზუსტა ბორდიუჟამ და ისიც დასძინა, რომ ჯერჯერობით, სომხეთის წევრობა ამ ორგანიზაციაში აზერბაიჯანისთვის შემაკავებელი ფაქტორია და ამდენად, რაიმე სხვა ძალების ჩართვა ამ დაპირისპირებაში მიზანშეწონილი არ არის.

ბორდიუჟას თქმით, ОДКБ არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. ხოლო თუ მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, ანუ სომხეთს დახმარება დასჭირდება, „ჩვენი პრეზიდენტები გააანალიზებენ ვითარებას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“ - განაცხადა ბორდიუჟამ.

ОДКБ სამხედრო-პოლიტიკური კავშირია, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ორგანიზაციას, როგორც წესი, მოსკოვი თავისი ინტერესების განხორციელებისთვის ინსტრუმენტად იყენებს.

0

ავტორი: