19:55:30     26-06-2012
მანანა კობახიძისა და "ინფო 9"-ის გასტრონომიული ოცნება (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო მედიას უპირისპირდება და აცხადებს, რომ ჭეშმარიტი ჟურნალისტები მხოლოდ ოლიგარქზე მუშაობენ. „ქართული ოცნების“ ყველა ბრიფინგი და პრესკონფერენცია ქართული ჟურნალისტიკის დაკნინებით სრულდება.
როგორც „არავინ არის უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა“, ისე „არცერთი მედია საშუალება არ არის, ისე "მიუკერძოებელი და ობიექტური", როგორც „მეცხრე არხი“ და "ინფო 9". მივყვეთ ქრონოლოგიას და ვიდეო–მასალას. ბოლოს კი, დასკვნები თავად გააკეთეთ.
"კოპლებიანი" მანანა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დუშეთში მოსახლეობას შეხვდნენ. ბიძინას მეხოტბეებს, ამ შეხვედრებზე, თან ახლდათ „ინფო 9–ის“ გადამღები ჯგუფი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მეოცნებე პოლიტიკოსებმა და "ინფო 9"-ს ჟურნალისტებმა ერთერთ რესტორანში შეიარეს და გვარიანი სმა-ჭამა გააჩაღეს. დუშეთის სოფლებში სიარულით დაღლილ პოლიტიკოსებს თუ მოშივდათ, ამაში კრიმინალური არაფერია. მაგრამ, საინტერესოა, რამდენად თავსდება ჟურნალისტურ სტანდარტებში, ჟურნალისტების ღრეობა პოლიტიკურ ძალასთან ერთად?
როცა პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს შორის დისტანცია არ არსებობს, როცა ჟურნალისტი პოლიტიკოსს ჭიქას უჭახუნებს, სად ივლება ზღვარი მიუკერძოებლობას და ბიძინასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ - „ჩაშკა ლოჟკობას“ შორის?
ვფიქრობთ, ამ კადრების შემდეგ, ოლიგარქი ფრთხილად ისაუბრებს სხვა მედია საშუალებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს უპასუხოს კითხვას: როცა "ინფო 9"-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ლუბა ელიაშვილის ჟურნალისტი პირში მწვანილებგამოტენილი, პერანგგადაღეღილი ფამილარულად ებაასება „ქართული ოცნების“ წევრებს, რამდენად ობიექტური, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი იქნება მასალის გაშუქებისას?
მოკლედ, კამერის გამოჩენამ „მეოცნებეთა“ სუფრაზე არეულობა შეიტანა. კოპლებიან კაბაში გამოწყობილ მანანა კობახიძეს, ლამის ხაჭაპური გადასცდა, როცა ჰკითხეს, თუ რომელი იყო ინფო 9–ის ჟურნალისტი.
ბიძინას „ხელის ბიჭებმა“ და ორმა „ხელის გოგომაც“ (მანანა კობახიძე და მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის ნაცნობი, უცხო „მეოცნებე“ ქალბატონი), კამათი იმაზე დაიწყეს, რომ იქ მხოლოდ პოლიტიკოსები ისხდნენ.
მიტოვებული "ნივა"
„მეცხრე არხის და ინფო 9-ის მანქანამ ჩაიარა, წავიდა“ - ჩაილაპარა ერთერთმა მათგანმა. არადა კადრში კარგად ჩანს „ინფო 9“-ის კუთვნილი თეთრი ფერის ნივა, სახელმწიფო ნომრით EIE 238. მეტიც, "ინფო 9"-ს" კუთვნილი ავტომობილი პოლიტიკოსების ავტომობილებთან ერთად იდგა სოფლის რესტორანთან.
მეოცნებეები აშკარად გაღიზიანდნენ და ყიჟინით შეეცადნენ გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლას. რამდენიმე ხნის შემდეგ, მათ მგლოვიარე სახეებით დატოვეს რესტორანი და მანქანებისკენ გაემართნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეთანხმებულად, ყველამ გვერდი აუარა „ინფო 9"-ის თეთრ ნივას.
მოულოდნელად, იქვე გაჩნდა ლურჯი ფერის „სუბარუც“, სახელმწიფო ნომრით EIE 039. თეთრ ნივასაც და გამოძახებულ ლურჯ „სუბარუსაც“ ერთი და იგივე სერია აქვთ - EIE.
ამხანაგი ჯანგირაშვილი
კადრში ჩანს შუახნის მამაკაცი, რომელიც რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ მწვანე „ოპელში“ ჩაჯდა. მამაკაცი რამდენჯერმე გამოჩნდება ამ ვიდეოში, როცა „მეოცნებეები“ ავტომობილებით ტოვებენ ტერიტორიას. აქვე რჩება „ინფო 9“-ის ლოგოიანი თეთრი "ნივაც".
ვინ წაიყვანს „დემოკრატიის ოაზისი ტელევიზიისა და სააგენტოს“ კუთვნილ ავტომობილს? გვიან ღამით, რესტორანს მიუახლოვდა რამდენიმე ავტომანქანა. ერთერთი მათგანიდან კი, კონსპირაციულად გადმოვიდა ის მამაკაცი, რომელიც მანანა კობახიძესთან და სხვა ბიძინისტებთან ერთად იკმაყოფილებდა გასტრონომიულ მოთხოვნებს რესტორანში.
ღამით უკან მობრუნებულ ბიძინისტს პერანგი გამოეცვალა და უკუნეთ სიბნელეში მუქი სათვალეც გაეკეთებინა. ალბათ იმ იმედით, რომ ვერ იცნობდნენ.
მისდა სამწუხაროდ, ორსახოვანი „იანუსი“ იცნეს. მეტიც, ეს პიროვნება გახლავთ ამირან ჯანგირაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ნინო ბურჯანაძის პირწავარდნილი აქტივისტი იყო. იგი ბურჯანაძის მიტინგების დროს ტელევიზიასთან იდგა და „ბელა ჩაოს“ მღეროდა..
რამდენად შეიძლება ველოდოთ ამ ჟურნალისტებისგან ობიექტურობას? თუ ამაში დასაძრახი არაფერია, რატომ დატოვეს ტელევიზიის კუთვნილი ნივა ქუჩაში? რა საჭირო იყო, შუაღამისას, კონსპირაციულად ნივის გაყვანა აღნიშნული ტერიტორიიდან?
და ბოლოს, ვინ არის ამხანაგი ამირან ჯანგირაშვილი... თუ მუქ სათვალეს მოიხსნიან, „მეოცნებეები“ ამ კითხვებზე პასუხს არათუ გაიგებენ, დაინახავენ კიდეც. ასე რომ, ბიძინა, მოხსენი მაგ საბრალო ადამიანებს მუქი სათვალე და დაანახე შენი ნამდვილი, "ობიექტური" სახე.