ვიქტორ გაბისკირია - „მე, ვით იოთამ ზედგინიძე, ვერ ვიძინებდი“ ვიქტორ გაბისკირია - „მე, ვით იოთამ ზედგინიძე, ვერ ვიძინებდი“ />


  04:49:06     26-06-2012

ვიქტორ გაბისკირია - „მე, ვით იოთამ ზედგინიძე, ვერ ვიძინებდი“

a19459.jpg

ცნობილი პოეტი, მთარგმნელი და დრამატურგი ვიქტორ იპატის ძე გაბისკირია დაიბადა 1903 წლის 29 იანვარს ფოთში, მოსამსახურის ოჯახში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ლექსებს წერდა 1917 წლიდან. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1922 წელს გაზეთ „ბახტრიონში“. რედაქტორობდა ფოთის გაზეთ „პონტოს“ და ბათუმის ჟურნალ „ისპირს“. მისი პირველი წიგნი გამოვიდა 1929 წელს. 1939 წელს გამოსცა „ლექსების კრებული“, 1955 წელს „ერთომეული“. დაწერილი აქვს პოემები: „ქეთევან წამებული“, „შემთხვევა პიონერთა ბანაკში“, „ნონია მესხი“. ცნობილია მისი პიესები: „ლაქაშებს შორის“, „მათი ამბავი“, „უფსკრულთან“, „გურიის მთები დაუთოვია“ და სხვა... წერდა ლიტერატურულ წერილებს და ნარკვევებს. თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ბლოკის, მიცკევიჩის ნაწარმოებები.

ვიქტორ გაბისკირია გარდაიცვალა 1964 წლის 27 აგვისტოს. დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გთავაზობთ მის ორ შესანიშნავ ლექსს,“ძველ ლექსებს“ და „ძველი წიგნები“.“ძველ ლექსებს“  ალბათ ერთგვარი ნოსტალგიაა საკუთარი, ძველი ლექსებისადმი. „ძველი წიგნები“ კარგად გვიჩვენებს როგორი სულისკვეთებით იყო აღზრდილი ვიქტორ გაბისკირია ბავშვობაში. ალბათ, მამულიშვილები ბავშვობაში ძველი წიგნებით იყალიბებენ სამშობლოსადმი სიყვარულს...პოეტის აზრით, წიგნები მხოლოდ წიგნები კი არა, „წმინდა საქმის რელიქვიებია“. ორივე ლექსი გვიდასტურებს, რომ ვიქტორ გაბისკირია კარგი პოეტი გახლდათ და ნამდვილი მამულიშვილი.

ძველ ლექსებს

ნუ გგონიათ, რომ სამუდამოდ გადაგივიწყეთ,
ტყუილად ფიქრობთ, რომ წახვედით; სულ მთლად მომეშვით...
მე, ამ ბოლო დროს, როს მარტო ვარ, თქვენზე ფიქრს ვიწყებ,
ხშირად გპოულობთ ძველ ჟურნალში, ძველ ალბომებში.

ფერმკრთალნი ჩანხართ, ვერ უძლებდით დროთა სიმკაცრეს,
ზოგი თქვენგანი ძლივს უპყრია ქაღალდის ნახევს,
მაინც იმდენი ძალა გაქვთ, რომ ტოტს აკაციის
გულზე შემახებთ, ხან მოწყენილ ტბას დამანახვებთ.

მე მეზმანება იმ ძველ სახლთა შარაგზა, ხულა,
ხან დამანახვებთ ხის სამტრედეს, მიგდებულ დივანს...
დროგადასულო მეგობრებო, როცა გკითხულობთ,
ასე მგონია, მიტოვებულ სახლში დავდივარ!

1960

ძველი წიგნები

ჩემი ბავშვობის მეგობრებო, თქვენ გაგიმარჯოთ!...
მკვიდრნო ერთ მართალ ოჯახისა, ნესტიან ფოთის,
თქვენ ხომ მრავალჯერ შემახვედრეთ ილიას, მარჯორს,
ადამიანებს, რომელთაც მე გულით ვეტრფოდი.

თქვენ შემახვედრეთ მე სამშობლოს კლდეებს გულმაგრებს,
თქვენ დამანახეთ ქწართულ ყანის რუები, ძნები...
გმირებზე ფიქრით, ღამით ადრე ვწვებოდი, მაგრამ
მე, ვით იოთამ ზედგინიძე, ვერ ვიძინებდი.

ხშირად მხედავდით მთვარის შუქზე მთლად გაოცებულს,
თქვენი ტყვე ვიყავ, მე სხვა გზები არ მიძებნია...
ერთ საწყალ ყმაწვილს, თმააბურძგნულს და შეციებულს,
პატარა კახის ბანაკშიაც გამღვიძებია.

თქვენ ფურცლებს შორის ინახავდით იმ ყვავილთ დიდხანს,
მე რომ გიძღვნიდით და რომელსაც ჰქვია იები...
არა, წიგნები არ ხართ მხოლოდ, უფრო მეტნი ხართ,
ხართ წმინდა ფიქრთა, წმინდა საქმის რელიქვიები...

1962

0

ავტორი: