08:21:56     25-06-2012
გალაკტიონის „აკაკის ლანდი“
ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში, 1891 წელს. 1900 წელს გალაკტიონი ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.
სასულიერო სემინარიაში შეუდგა ხელნაწერი ჟურნალის - „შუქის“ გამოცემას. გალაკტიონმა სემინარია მალევე მიატოვა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. მიზეზი მისი ხელმოკლეობა გახლდათ, სიღარიბე.
თედო ჟორდანიამ დააწყებინა მუშაობა შორაპნის მაზრის სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. ფარცხნალი, ხარაგაულიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. სოფლის შუაში, კვირაცხოვლობის ეკლესიის ეზოში იდგა სოფლის სკოლა.
ამ დროს მომავალი მეფე პოეზიისა სულ ახალგაზრდა გახლდათ. როგორც ვთქვით, გალაკტიონი დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს. მაშასადამე იმ დროს 19 წლისა იქნებოდა. ახალგაზრდა გალაკტიონისადმი სოფლის მაცხოვრებლები და მოწაფეები პატივისცემით განიმსჭვალნენ. სკოლაში მართავდა ლიტერატურულ შეხვედრებს. მისი მოწაფეები კითხულობდნენ ლექსებს. გალაკტიონის მასწავლებლად მოღვაწეობის განცდები და მნიშვნელობა გადმოცემულია ლექსში "პირველი ენკენისთვე":
... "ხალხო ბედკრულო! მე მიჭირავს ხელში სანთელი,
არ შეუდრკება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!
იმ სანთლის პოვნას განუსჯელად სიცოცხლე მივე,
ვერას დააკლებს უგნურთ მტრობა, შიმშილ-სიცივე!
მე ვიტყვი სიტყვას, მე გაგითბობთ შეცივებულ გულს,
დეე, თან მდევდეს მკაცრი ხვედრი, თქვენს მარად ერთგულს!
თქვენ აღგამაღლებსთ ჩემი ზრუნვა თბილი და წრფელი,
არ შეუდრკება საშინელს ხვედრს მასწავლებელი!.."
ლექსი დაიბეჭდა ჟურნალ "განათლებაში" 1911 წელს (№ 7). ამ ლექსის მიხედვით, როგორც ამბობს იოსებ ლორთქიფანიძე, გალაკტიონი მასწავლებლობას სერიოზულად უდგებოდა, თუმცა ძნელად და "საძაგელ საქმედ" მიაჩნდა. მასწავლებლობა ხომ ურთულესი პროფესიაა. ალბათ, როგორც დღეს, პედაგოგობა მაშინაც უმადური და დაუფასებელი საქმე იყო, თუმცა ძალიან პრესტიჟული და პატრიოტული.
პოეტი მერე იგონებდა: "როცა სემინარიიდან გამოვედი, სადგურ ხარაგაულის ახლო, ერთ პატარა სოფელში, მასწავლებლის ადგილი მომცეს. კვირა-უქმე დღეებში სოფლის სადგურზე ჩამოვდიოდი, აქ თავს იყრიდნენ ჩემი ამხანაგი მასწავლებლები... საღამოობით თფილისიდან მატარებელი ჩამოივლიდა და ისეც ერთგვარ სიამოვნებას გვგვრიდა. სრულიად მოულოდნელად რომელიმე ნაცნობი გადმოვიდოდა მატარებლიდან... მოგვიტანდა თბილისის ამბებს, გვეტყოდა რამეს ნაცნობების შესახებ.…
ერთხელ დიდხანს ვიდექით სადგურზე... ვსაუბრობდით, ვიცინოდით... მატარებელი მოვიდა, ჯგუფი ახალგაზრდა ქალებისა იდგა და მგზავრებს ათვალიერებდა. ამ დროს მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია. კუპედან ღმერთივით გადმოიხედა ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ოლიმპიურად ამაყი სახის მქონე მოხუცმა...
- აკაკი! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.
ელექტრონის ძალასავით იმოქმედა ამ სიტყვამ ყველაზე. ერთხანად გაშეშებულნი ვიდექით. მე თვალებით ვჭამდი ამ სახეს. აკაკიმ წაიკითხა სადგურის შენობაზე მიკრული სახელწოდება და ფანჯარა ისევ დახურა. ვხედავდი, რომ იგი დინჯათ გადაეშვა სავარძელში. ყველანი ამ კუპესაკენ გაექანნენ... ბევრმა მატარებელში შესვლაც მოინდომა. დაიკივლა ამ დროს მატარებელმა, მისცეს მესამე ზარი და მატარებელი გუგუნით გაექანა სიპივით დალესილ რელსებზე. დიდხანს დაყრუებულივით ვიდექი".
ამ ეპიზოდიდან კარგად ჩანს, როგორი დიდი სიყვარულით იყო განმსჭვალული ქართველობა აკაკისადმი. ჩანს გალაკტიონის დამოკიდებულებაც დიდი პოეტისადმი. რა იცოდა აკაკიმ, რომ მისი მემკვიდრე იდგა იქ, უბრალი სკოლის მასწავლებელი...
აკაკის სახე ყოველთვის აღაფრთოვანებდა აკაკის ქნარის თუ ჩანგურის მემკვიდრეს.
აკაკის ლანდი
მდუმარე მხარეს შორი მთებისას
დაჰხარის ღამე და ანდამატი.
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!
თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ელავდა ელვის ელვა-ციმციმით
და მოხიბლული იყო მთიები
დიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.
მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩუმი
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
აღელვებული ელიზიუმი.
გრძნობოდა თანაბარ მოახლოებას
განცვიფრებული და დიდი მთები,
შეუცნობ-ხშირი შრიალით შეკრთა
მშობლიური ტყის მწვანე ზვირთები
მაშინ ბავშვივით მიჩუმდა შქერი,
შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა, -
მხოლოდ გრიალმა გზა მრავალფერი
ნაპერწკლის დროშით ააელფერა,
და საიდუმლო შუქით შემოსა
მიწყნარებული გზა იშვიათი: -
ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის
მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი.
ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანთელი,
დავიწყებული ხატის მახლობლად.
იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
ჩვენი სიზმრების სიდიადეში
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.
არ მოგვაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს
მისი, პოეტის, მაღლით ანთება.
კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება!