20:53:57     23-06-2012
ექსპერტების თქმით, ყარაბაღის კონფლიქტს საინფორმაციო ომი აღვივებს
საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის ევროპული პროგრამების ხელმძღვანელის, საბინა ფრეიზერის დასკვნით, არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები, რომელთა დროსაც მინიმუმ, 10 ჯარისკაცი დაიღუპა, ომში გადაიზარდოს.
ექსპერტის განცხადებით, მართალია, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი უახლოეს პერსპექტივაში ომს არ გეგმავენ, მაგრამ ფაქტია, რომ დაპირისპირების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი სუსტია, ფაქტობრივად, არ არსებობს მონიტორინგი. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები კი შეიძლება სრულიად შემთხვევით, მხარეების საპასუხო მოქმედებების შედეგად დაიწყოს.
ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანი ყოფილ საბჭოთა კავშირში ნავთობის მწარმოებელი რიგით მესამე ქვეყანაა. მან დიდი სახსრები ჩადო არმიის მშენებლობაში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან იარაღს იძენდა ისრაელისგან. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს კი არაერთხელ განუცხადებია, რომ აზერბაიჯანი იტოვებს ძალის გამოყენების უფლებას, თუკი მშვიდობიანი მოლაპარაკებები აშშ-ს, საფრანგეთისა და რუსეთის მონაწილეობით შედეგს არ გამოიღებს.
„თუ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები განახლდება, ეს ხანგრძლივი ომი იქნება, რადგანაც არც ერთ მხარეს მეორე მხარეზე დიდი უპირატესობა არ აქვს. ასევე გაურკვეველია, როგორ რეაგირებას მოახდენენ რუსეთი და თურქეთი“ - განაცხადა ფრეიზერმა. ის ამბობს, რომ რუსეთი, რომელსაც სამხედრო ბაზა აქვს გიუმრში, ვალდებული იქნება სომხეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს, რადგანაც ორივენი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრები არიან. აზერბაიჯანი კი მჭიდრო ეთნიკურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაშია თურქეთთან და გადაწყვეტილებას თურქეთიც მიიღებს.
მართალია დაპირისპირებულ მხარეებს შორის თვის დასაწყისში წარმოქმნილი დაძაბულობა მინელდა, მაგრამ საზღვარზე სროლების შესახებ თითქმის ყოველდღიურად იუწყებიან.
რამდენიმე დღის წინ, დაპირისპირების ხაზზე, მონიტორინგი ჩაატარა ეუთომ და როგორც თავად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ამ პროცესმა ინცინდენტების გარეშე ჩაიარა. საერთაშორისო ორგანიზაციას სროლების ფაქტი არ დაუფიქსირებია. მიუხედავად ამისა, მანამდეც და მას შემდეგაც, ორი მხარე სტაბილურად, ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. ეუთოს მონიტორინგიც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.
გამონაკლისი არც წუხანდელი ღამე იყო. ბაქო და სტეპანაკერტი ისევ ურთიერთბრალდებებს აყენებენ. არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის არმიის მონაცემებით, გასულ კვირას აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 400-ჯერ დაარღვია. განხორციელდა 1500 გასროლა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან. თუმცა „ჩვენ ზავის რეჟიმი არ დაგვირღვევია“ - იუწყება ყარაბაღის მხარე.
თავის მხრივ, ანალოგიური ბრალდება აქვს აზერბაიჯანს. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით წუხელ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით სომხეთის რაიონებიდან ისროდნენ. ანალოგიური ხდებოდა წინა დღე-ღამეების განმავლობაშიც. ბაქო საპასუხო სროლების შესახებაც იუწყება.
18 ივნისს კი დაღუპულთა შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანსაც და ყარაბაღის თავდაცვის არმიასაც თითო სამხედრო მოუკლეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლა საშიშროება საინფორმაციო „ფრონტიდან“ უფრო მოდის, ვიდრე თავად დაპირისპირების ხაზიდან, რაც თავისუფლად შეიძლება იქცეს მორიგი შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზად. მათი თქმით, ყარაბაღის პრობლემას ახლა საინფორმაციო ომი აღვივებს.
0