10:35:21     23-06-2012
ზვიად გამსახურდია ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის შესახებ
1767 წლის 22 ივნისს, პოსტდამში დაიბადა დიდი გერმანელი ენათმეცნიერი, ესთეტიკოსი, ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე ვილჰელმ ფრაიჰერ ფონ ჰუმბოლდტი (Friedrich Wilhelm Christian Karl Ferdinand Freiherr von Humboldt).
ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის მშობლები ვილჰელმისა და მისი ძმის, ალექსანდრეს განათლებისთვის არაფერს იშურებდნენ. ვილჰელმი სწავლობდა ფრანკფურტის (ოდერის) და ჰეთინგენის უნივერისტეტებში. მეცნიერებით გატაცებულს, აინტერესებდა პოლიტიკა, საზოგადეოებრივი ცხოვრება და ლიტერატურა.
1789 წელს თავის მასწავლებელ კამპესთან ერთად გაემგზავრა პარიზში, რათა „ფრანგული დესპოტიზმის დაკრძალვა” ენახა. შემდგომში სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთდამოკიდებულებას უძღვნა წიგნი. იგი ცდილობდა, განესაზღვრა ადამიანის ყველაზე უფრო ხელსაყრელი მდგომარეობა სახელმწიფოში. ცენზურამ მისი ნაშრომის გამოქვეყნება არ დაუშვა. გამოიცა მხოლოდ 1851 წელს.
1790 წლიდან მიმოწერა ჰქონდა შილერთან, მერე კი გოეთესაც დაუმეგობრდა და მასთანაც ჰქონდა მიმოწერა. მათი მიმოწერა გამოცემულია და მნიშვნელოვან მასალად და ისტორიულ დოკუმენტად ითვლება. ახალგაზრდობიდანვე გაითქვა სახელი, როგორც ფრიად განათლებულმა პიროვნებამ. 1791 წელს დაქორწინდა კაროლინა ფონ დაჰეროდენზე. მისი ცოლი ძალიან განათლებული და კეთილშობილი ქალი იყო. მათი სალონი სახელგანთქმულად იქცა მთელს ევროპაში.
1801-1810 წლებში იყო პრუსიის რეზიდენტი პაპის კარზე; სარწმუნოებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი. პრუსიის საშინაო საქმეთა ერთ-ერთი მინისტრი (1819). ჰუმბოლდტმა კარგად შეისწავლა მრავალი ენა. მისი ძირითადი ნაშრომია "ადამიანური ენების აგებულების სხვადასხვაობისა და კაცობრიობის გონითს განვითარებაზე მისი გავლენის შესახებ", რომელიც სამტომიანი გამოკვლევის ("კავი ენის შესახებ კუნძულ იავაზე", 1836, 1838, 1839) შესავალს წარმოადგენს.
ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელი უკვდავია არა მარტო გერმანიაში და მთელს მსოფლიოში. მან განახორციელა საგიმნაზიო განათლების სისტემა პრუსიაში. ის გახლდათ ბერლინის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1809). ზოგადი ენათმეცნიერებისა და ენის ფილოსოფიის ფუძემდებელი. გერმანული ჰუმანიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.
დიდი მეცნიერი, მოაზროვნე და მოღვაწე გარდაიცვალა 1835 წლის 8 აპრილს, ბერლინთან ახლოს.
გერონტი ქიქოძის აზრით: "პირველად ჰუმბოლტმა დაინახა ნათლად ძველი ფილოლოგიის სისუსტე და ნაკლოვანება და დაამტკიცა, რომ ენა არი არა მარტო შედეგი აზროვნების, არამედ მისი მიზეზიც, ”რომ იგი უწინარეს ყოვლისა არი არა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული იარაღი, რომელიც მზად არი ყოველმხრივ მოსახმარად, არამედ თვით იმ სულიერ მოქმედებაში მდგომარეობს, რომელიც მას შეუწყვეტლად ჰქმნის”.
ჰუმბოლდტის ნაშრომებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის. მის იდეებს ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ეხმაურებოდა.
ჰუმბოლდტი ჩვენი სიამაყის გამოვლენაცაა. მაშინ, როდესაც რუსი „ერთმორწმუნე მღვდელმსახურები“ ქართულს „ძაღლების ენას“ უწოდებდნენ, როდესაც უძველეს ქართულ ეკლესიაში ქართული წირვა-ლოცვა იკრძალებოდა და დანაშაულად ითვლებოდა, დიდი ენათმეცნიერი ვილჰელმ ჰუმბოლდტი ქართული ენის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობდა.
ზვიად გამსახურდია ამბობდა:
„დიდი კამპანია იყო გაჩაღებული ქართველი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის წინააღმდეგ. აგრეთვე მიჩქმალულია დასავლეთის ისეთი დიდი მეცნიერების გამოკვლევები იბერთა ეთნოგენეზისის სფეროში, როგორიც არის ვილჰელმ ჰუმბოლდტი და სხვანი. ეს იმის გამო ხდებოდა, მეგობრებო, რომ სურდათ ქართველი ერისათვის შთაენერგათ არასრულფასოვნების კომპლექსი. საბჭოთა მეცნიერებამ, კერძოდ მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებმა, შექმნეს თეორია იმის შესახებ (არსებობს სტალინის თეორია ამასთან დაკავშირებით), რომ თურმე ქართველი ერი, როგორც ასეთი, შეიქმნა და ჩამოყალიბდა ერად მეცხრამეტე საუკუნეში, რომ მანამდე იგი თურმე არც ერი ყოფილა და არც არსებობდა. მეცხრამეტე საუკუნეში შემოვიდა ჩვენში კაპიტალიზმი და ვითომდაც ამან განაპირობა ქართველი ერის ერად ქცევა. ეს არის მარქსისტული თეორია, რომელიც დღემდე ბატონობს და რომელიც ზოგიერთ ჩვენს მეცნიერს დღემდე ვერ მოუცილებია თავიდან და კვლავ ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ეს ყველაფერი ისახავდა შორს მიმავალ მიზნებს.
სინამდვილეში როგორია ვითარება ქართველთა ეთნოგენეზისთან დაკავშირებით? მეოცე საუკუნეში ჩვენი მეცნიერების დიდი კორიფეების აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის მიერ გამოკვლეული იქნა გენეტიკური ძირები ქართული მოდგმისა, ქართველი ერისა და გამოტანილი იქნა შემდეგი დასკვნები, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ორთოდოქსული საბჭოთა მეცნიერება. ამავე დროს, როგორც მოგახსენეთ, მიჩქმალული იყო დიდი გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევები. რაში მდგომარეობს ამ გამოკვლევათა არსი და რად არ ვითარდება თანამედროვე ეთნოლოგიური, ენათმეცნიერული კვლევა ამ მიმართულებით?
საქმე ის გახლავთ, რომ ვილჰელმ ჰუმბოლდტი მისმა გამოკვლევებმა ბასკური ენის სფეროში და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის ვინაობის კვლევის ვფეროში მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ ევროპის: პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა. მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი-ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა. იმ მოდგმის აღსანიშნავად, რომელიც იდენტურია ტერმინისა კავკასიური რასსა, არის აგრეთვე ტერმინები: პალეოკავკასიური რასსა, ანუ უძველესი კავკასიური რასსა, უძველესი მედიტერიანული რასსა, რაც ურთიერთის იდენტურია. საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, აგრეთვე, მცირე აზიაში და პალესტინაში. ეს არის გავრცელების არეთლი იმ პროტოიბერიული მოდგმისა, რომელსაც ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევების მიხედვით ჰქონდა მრავალი განშტოება. ენა ამ მოდგმისა, ამ რასსისა იყო ერთი ძირითადი, რომელსაც ჰქონდა მრავალი დიალექტური განშტოება და თუ ეს ენაკავები ღებულობდნენ ცალკე ენების ხასიათს, ისინი იყვნენ მონათესავენი და ვითარდებოდნენ
როგორც ურთიერთმონათესავე ენები. ამიტომ დამკვიდრდა ტერმინი პროტოიბერიული, რომელთანაც არის დაკაშირებული უცველესი მოსახლეობა, როგორც მოგახსენეთ, პირინეებისა, იტალიისა, კერძოდ, ბასკური, ლუზიტანური, ტურდეტანული, ეტრუსკული, პელაზგური და სხვა, რასაც ნიკო მარრის შტუდიებით დაემატა მცირე აზიაში, მესოპოტამიაში უძველესი იბერიული ტომების-სუმერების ენის გამოკვლევა და, აგრეთვე, დიდი ქართველი მეცნიერის მიხეილ წერეთლის გამოკვლეული გენეტიური ნათესაობა სუმერულსა და თანამედროვე ქართულს შორის“ (საქართველოს სულიერი მისია, ლექცია წაკითხული „იდრიატის“ ფესტივალზე თბილისში 1990 წლის 2 მაისს).
ჰუმბოლდტის შეხედულებებს დღესაც აქვთ დიდი მნიშვნელობა. ასეთებია: საკომუნიკაციო და ექსპრესიული ფუნქციების აღიარება და ამასთან დაკავშირებით ენის ფიზიკური მხარის მნიშვნელობის განსაზღვრა; ენაში კოლექტიური და ინდივიდუალური საწყისების დაპირისპირება; ენის მიჩნევა სისტემად; ენის აღიარება არა მზამზარეულ წარმონაქმნად (ერგონ), არამედ წარმოქმნად. შემოქმედებად (ენერგეია) და სხვა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენათა მორფოლოგიის კლასიფიკაციის დამუშავებაში. ჰუმბოლდტის თეორიის ზოგიერთ დებულებას ემყარება თანამედროვე ენათმეცნიერების 2 მიმდინარეობა: ნეოჰუმბოლდტიანელობა ევროპაში და ეთნოლინგვისტიკა აშშ-ში.
მეცნიერების თქმით: ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი გენიალურად ჩასწვდა ბუნებრივი ენის არსს ფილოსოფიური თვალსაზრისით, რომელსაც ერის სული და გული უწოდა.
0