მარიონეტების „ალიბი“ კვლავ ალასანიას განცხადებაა, - კრემლი „ქართული ტერორის“ თემას ააქტიურებს მარიონეტების „ალიბი“ კვლავ ალასანიას განცხადებაა, - კრემლი „ქართული ტერორის“ თემას ააქტიურებს />


  17:43:55     22-06-2012

მარიონეტების „ალიბი“ კვლავ ალასანიას განცხადებაა, - კრემლი „ქართული ტერორის“ თემას ააქტიურებს

a19363.jpg

რუსეთი, თავისი მარიონეტების საშუალებით, საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას აძლიერებს. რუსული სპეცსამსახურების ტექსტებით ალაპარაკებული ხიზრი ალდამოვის შემდეგ, საქართველოში ტერორისტების მზადებაზე ახლა სოხუმი საუბრობს. ერთი ხელწერის განცხადებები უკვე კამპანიურ სახეს იღებს. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭო და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთდროულად „ქართულ ტერორზე“ ალაპარაკდა. მათი „ალიბი“ კი ირაკლი ალასანიას ცნობილი განცხადებაა.

ამ დღეებში, ალექსანდრე ანქვაბმა გალის რაიონში „ვითარების გართულების“ საკითხზე თათბირი ჩაატარა. გადაწყვიტეს, რომ უახლოეს დღეებში ამ თემას ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას მიუძღვნიან. მანამდე კი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა კარგად ნაცნობ ტექტსებს იმეორებს:

მისი თქმით, გალში უმძიმესი ვითარებაა, ადგილი აქვს ტერაქტებს მილიციის თანამშრომელთა და ადმინისტრაციების წარმომადგენელთა წინააღმდეგ, არის მსხვერპლი, კლავენ ქართული ეროვნების ადამიანებს - სადემოსტრაციოდ, ძირითადად მათ, ვინც აფხაზეთის ხელისუფლებასთან  თანამშრომლობს... ლაკობა ამბობს, რომ „ყველა კვალი საქართველოს ტერიტორიაზე მიდის, საიდანაც ტერორისტული ჯგუფები იგზავნებიან“.

სოხუმს უკვე კარგა ხანია ასეთი ბრალდებებისთვის ერთგვარ „ალიბად“ აქვს ირაკლი ალასანიას ცნობილი განცხადება. ლაკობა ამჯერადაც ალასანიას ეყრდნობა და ამბობს, რომ „თავის დროზე ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებას იმაზე, რომ აფხაზეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე - სამეგრელოში, იქმნება თავისებური, სიკვდილის ესკადრონები, რომლებიც საქართველოს ოპოზიციურ ძალებთან ბრძოლაში შეიძლება იქნენ გამოყენებულები“.

ეს თემა არა მარტო სოხუმის მხრიდან მუსირებს. ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმაც განაცხადა, რომ  „საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონში გრძლდება ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციები... გაჩნდნენ რაღაც შეიარაღებული ფორმირებები. ამას ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ადასტურებენ...“.

ლაკობას კი კიდევ ერთი „სიახლე“ აქვს. ის ამტკიცებს, რომ თბილისი ციხეებიდან ათავისუფლებს „ტერორისტებს, რომლებიც შევარდნაძის დროს მოქმედებდნენ აფხაზეთში, მაგრამ სააკაშვილის მოსვლისთანავე დაიჭირეს, ახლა კი დროზე ადრე  ათავისუფლებენ“. გათავისუფლების შემდე, კი, თურმე, ეს ადამიანები „ჯგუფურ მომზადებას გადიან  ანაკლიის ცენტრში“:

„ამ ჯგუფებმა მომზადება გაიარეს ანაკლიაში, სპეციალურ ცენტრებში - ქართული სპეცსამსახურებისა და დასავლელი ინსტრუქტორების ეგიდით. მალე ეს ჯგუფები გამოჩნდებიან გალის რაიონში და განახორციელებენ დივერსიულ- ტერორისტულ აქტებს“ - ამტკიცებს სოხუმი.

მარიონეტების ბრალდებები, რომელიც რასაკვირველია, მოსკოვიდან მოდის, რუსული გეგმის წაკითხვის საშუალებას იძლევა. ლაკობა შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს და ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში, ხელისუფლება, აფხაზეთში ტერაქტების ჩადენას დაიწყებს. „...დესტაბილიზაციის მიზნით და ასევე იმიტომ, რომ მოახდინოს რუსი სამხედროებისა და აფხაზური ძალების პროვოცირება“.

ლაკობას პარალელურად „თემატურ“ განცხადებებს აკეთებს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ასევე გალის რაიონში „საქართველოს მიერ განახლებულ ტერორისტულ საქმიანობაზე“ იუწყება.

„ამ რაიონში ტერაქტების სტატისტიკა მოწმობს საქართველოს მიერ მიზანმიმართული კამპანიის წარმოებას აფხაზეთის ამ რაიონის მოსახლეობის დასაშინებლად. განსაკუთრებით მათ დასაშინებლად, ვინც აფხაზეთის კანონიერ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს“ - აცხადებს მარიონეტული საგარეო უწყება და პრინციპში, იგივე ტექსტს იმეორებს, რაზეც ლაკობამ ისაუბრა - „ანაკლიაში ტერორისტების მზადებისა“ და „გალში ტერაქტების“ შესახებ და რაც მთავარია, „ტერორისტულ ომს“ წინასწარმეტყველებს.

ტერორიზმის თემა, რომელიც ბოლო პერიოდში მოსკოვმა თბილისის წინააღმდეგ გაააქტიურა, რუსეთის მორიგი აგრესიული კამპანიისთვის აშკარად ნიადაგის შემზადებას ჰგავს.

0

ავტორი: