16:25:18     22-06-2012
დავით ბაქრაძე: საქართველოში პოლიტიკური კორუფციის დაბრუნებას არ დავუშვებთ

საქართველოს ხელისუფლება, საარჩევნო პერიოდში, საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპის შემოღებას თანხმდება. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო გარანტიებზე მუშაობს, რომლის თანახმად, სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა გაიზარდება.
სპიკერის შეფასებით, საარჩევნო პერიოდში, ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით, ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა უნდა მოხდეს. მისი თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა – არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
„ქართული კანონდებლობა თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ მაღალ სტანდარტს უკვე აწესებს, მაგრამ ჩვენი სურვილია – ეს სტანდარტი და ქართული დემოკრატია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. უფრო კონკრეტულად ეს გულისხმობს წინადადებებს, რომ საარჩევნო პერიოდში, ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა – ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით მოხდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს შეეხება ყველა სატელევიზიო არხს და ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს მისაღებს თუ მიუღებელს და საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, შესაძლოა, კითხვა გაჩნდეს, თუ რატომ გამოდის ხელისუფლება ამ ინიციატივით საარჩევნო პერიოდში.
„პასუხი ძალიან მარტივია. ზოგადად საკაბელო მაუწყებელს და სატელევიზიო მაუწყებელს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება ეს კერძო, კომერციული მოლაპარაკება გახლავთ. ეს არის ორი კერძო ბიზნეს სუბიექტის ერთმანეთთან მოლაპარაკება – რა პირობებით და რა ფასად მოხდება ამა თუ იმ არხის ჩართვა ამა თუ იმ კაბელში, ამიტომ სახელმწიფო, ბუნებრივია, კერძო ბიზნეს ურთიერთობებში მინიმალურად უნდა ერეოდეს, მაგრამ საარჩევნო პერიოდი თავისი შინაარსით ძალიან სპეციფიური გახლავთ. ეს არის პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობასა და ინფორმაციის თავისუფლებას“, – დასძინა მან.
მისი თქმით, ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს კვალიფიციური სუბიექტებისათვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის სახით, როცა აღნიშნულ ვალდებულებას, ტელევიზიებს კანონი საარჩევნო პერიოდში ანიჭებს.
„ამ პრეცედენტის გაგრძელებაა ის, რაზეც ვსაუბრობ, თუმცა ბევრად უფრო მასშტაბური იმიტომ, რომ ხალხს ექნება არა ცალკეული პოლიტიკოსების ან პარტიების, არამედ მთელი სატელევიზიო არხების წვდომის და ნახვის საშუალება. ეს შეეხება საარჩევნო პერიოდს – პერიოდს, როდესაც ინფორმაციული გახსნილობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩვენი სურვილი და მოტივაცია ამ ინიციტივაზე მზაობის დროს გახლავთ ის, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე იყოს მთლიანად გახსნილი, ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ხალხთან საკუთარი სათქმელის მიტანის საშუალება და რაც მთავარია, ქართველ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი, ღირსეული არჩევანის გაკეთების საშუალება – არჩევანის, რომელიც დგას თავისუფლებაზე და არა შეზღუდვაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბაქრაძემ ამ საკითხის გარდა, ყურადღება „გლობალ TV“-ის გარშემო შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საქართველოში კორუფცია დამარცხებულია და ხელისუფლება არ დავუშვებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კორუფცია დაბრუნდეს და არჩევნების მოგების მცდელობა ქართველი ხალხის ყიდვის ილუზიით მოხდეს.
„ამიტომ, რასაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, ეს არის ნამდვილი სიტყვის თავისუფლება და ის ქართველი ხალხის ინფორმირებულ არჩევანს იმსახურებს. ეს ინფორმირებული არჩევანი იქნება არა იმიტომ, რომ ვიღაცა სამადლოდ საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გამო, უფასო ანტენებს იყიდის და დაარიგებს, არამედ იმის გამო, რომ ქართული სახელმწიფო და დემოკრატია ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის განვითარებასა და სიტყვის თავისუფლება ზრუნავს. ისევ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ხდება არა იმის გამო, რომ ვიღაცა ამის გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის და ხალხისთვის დასამადლებლად ცდილობს, არამედ იმის გამო, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესია საქართველოში იყოს თავისუფალი და დემოკრატიული გარემო“, – აცხადებს სპიკერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპის შემოღების ინიციატივით, კამპანია „ეს შენ გეხება“ გამოვიდა. საკითხზე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონსულტაციები პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან გამართეს, თუმცა უმრავლესობამ პროექტი არ მოიწონა, იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა. პარლამენტის უარის შემდეგ, კამპანიამ მასთ ქერის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირების მიზნით, მოსახლეობაში 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების გადაწყვეტილება მიიღო, რისი უფლებაც მათ პარლამენტის საპროცედუროს სკაითხთა კომიტეტმა გუშინ დართო.
0