რუსეთმა აღიარა: გემ „ალაედს“,  სირიაში საბრძოლო ვერტმფრენები მიჰქონდა რუსეთმა აღიარა: გემ „ალაედს“, სირიაში საბრძოლო ვერტმფრენები მიჰქონდა />


  11:08:26     22-06-2012

რუსეთმა აღიარა: გემ „ალაედს“, სირიაში საბრძოლო ვერტმფრენები მიჰქონდა

a19354.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად აღიარა, რომ გემ „ალაედს“, რომელიც ბრიტანეთის ნაპირებთან გააჩერეს, სირიაში საბრძოლო ვერტმფრენები მიჰქონდა.
ამის შესახებ,  სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. თუმცა აღნიშნა, რომ ვერტმფრენები „დაშლილი“ იყო და თანაც,  მისი თქმით, მი-25-ები, ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებთან ერთად, რომელსაც ასევე აწვდიან ბაშარ ასადს,  არ არის ის იარაღი, რომლის გამოყენებაც სირიის რეჟიმს, თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ შეუძლია, რამდენადაც ლუკაშევიჩის თქმით, ეს ცალსახად  „საგარეო თავდასხმის მოსაგერიებელი“ საშუალებებია.

BBC-ს რუსულ სამსახურთან საუბარში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ნაციონალური საზღვაო საინფორმაციო ცენტრი ყურადღებით ადევნებდა თვალს „ალაედის“ მარშრუტს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გემზე იარაღი იყო. ხოლო როცა  მისი საეჭვო ტვირთის შესახებ ინფორმაცია უკვე საჯაროდ გავრცელდა, გემი შეეცადა, არ მოხვედრილიყო ევროკავშირის ტერიტორიულ წყლებში და საბოლოოდ, არა დანიშნულების ადგილზე, არამედ, ისევ უკან - რუსეთისკენ გაცურა.
ეს დღეს ლუკაშევიჩმაც დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ „ალაედი“ მურმანსკისკენ მიემართება და იქ 23 ივნისს ჩავა.

გემი, რომლის მფლობელსაც აცნობეს, რომ ბრიტანეთმა მას დაზღვევა გააუქმა, კურასაოს დროშის ქვეშ ცურავდა. და იმის გამო, რომ დაკავება აეცილებინა თავიდან, მიღებულ იქნა მურმანსკის პორტში შესვლის გადაწყვეტილება - განმარტა ლუკაშევიჩმა და დასძინა რომ მურმანსკში გემი კურასაოს დროშას უკვე რუსული დროშით შეიცვლის. ხოლო რა იქნება ამის შემდეგ, ანუ, ისევ აიღებს თუ არა გეზს სირიისკენ „ალაედი“, ლუკაშევიჩს აღარ დაუკონკრეტებია.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭომ და აშშ-მა სირიისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დააწესეს. რუსეთი ამის წინააღმდეგია, მაგრამ მაინც იმართლებს თავს, რომ ასადს მხოლოდ თავდაცვის საშუალებებს აწვდის.

„ალაედმა“ ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ ბრიტანეთი მისი სპეცრაზმის ძალებით დაკავებასაც აპირებდა. თუმცა, ბოლოს, დაზღვევის გაუქმებით გაცილებით მარტივი გამოსავალი გამონახა. ამ დაზღვევის გარეშე გემს, პრაქტიკულად, არცერთ პორტში შესვლის უფლება აღარ აქვს.

როცა გემთმფლობელ რუსულ კომპანია „ფემკოს“ დაზღვევის გაუქმების შესახებ აცნობეს, მათ დაიწყეს იმის მტკიცება, რომ გემი კომერციულ რეისს წესების დაცვით ასრულებდა, პარალელურად კი ოფიციალური მოსკოვი რაიმე საეჭვო მანევრებსა და ტვირთებზე გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებდა.

მაგრამ საბოლოოდ, ეჭვები, აღმოჩნდა, რომ მართებული იყო. გემმა კი, რომლის ტვირთზეც მოსკოვი არაფერს ამბობდა, რუსეთში დაბრუნება არჩია. სწორედ ამის შემდეგ აღიარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომ „ალაედის“ ბორტზე საბრძოლო ვერტმფრენები მი-25-ები იყო. თუმცა დააზუსტეს, რომ არა ახალი, არამედ სირიის მიერ წლების წინ შეძენილი, რომლებიც რუსეთში სარემონტოდ იყო ჩატანილი და ახლა მათ უკან დაბრუნებას აპირებდნენ.  მოსკოვი არ აკონკრეტებს, დროშაშეცვლილი და მი-25-ებით დატვირთული გემი ისევ აპირებს თუ არა სირიისკენ წასვლას.
0

ავტორი: