17:21:13     21-06-2012
სარაკეტო გემს, „დაღესტანს“, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ამზადებენ
რუსეთმა კასპიის ფლოტილიის წრთვნა დაიწყო. 18 ივნისს კასპიის ზღვაში 15 გემი და კატერი და 300 მეზღვაური გავიდა. სარდლობა მათი მანევრირების შესაძლებლობებს ამოწმებს.
აზერბაიჯანელმა ექსპერტმა ზარდუშტ ალიზადემ ამ სამხედრო სწავლებას კასპიის აუზის ქვეყნებისადმი მიმართული მოსკოვის გზავნილი უწოდა და განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში, როცა მთელი გეოპოლიტიკური და იმპერიალისტური პოლიტიკა, ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული საფარითაა მოცული, „რუსეთი კასპიის ზღვაში თავის ძალას აჩვენებს. ეს კი გზავნილია კასპიის აუზის ქვეყნებისთვის“ - განაცხადა მან.
ივლისის დასაწყისში, რუსეთის კასპიის ფლოტილია ახალ სარაკეტო გემს „დაღესტანს“ მიიღებს, რომელიც კასპიის ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ყველაზე ძლიერი გემი იქნება. ეს პირველი სერიული გემია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში, რომელსაც შეიარაღებაში აქვს უახლესი უნივერსალური სარაკეტო კომპლექსი „Калибр-НК“, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს მაღალწერტილოვანი რაკეტები 300 კილომეტრის სიშორეზე.
რუსი ექსპერტები ამასთან დაკავშირებით ერთ კითხვას სვამენ: რაში სჭირდება რუსეთს ასეთი გემის კასპიის ზღვაში გაგზავნა? ვინ არის იქ მოწინააღმდეგე?
ანალიტიკოსი ვლადიმერ სოტნიკოვი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში „დაღესტნისთვის“ ამოცანას ვერ ხედავს, ყოველ შემთხვევაში, ის თვით ირანის წინააღმდეგაც არ გამოდგება, თუკი საერთოდ, ირანსა და რუსეთს შორის საქმე კონფლიქტამდე მივა.
სოტნიკოვი მიიჩნევს, რომ „დაღესტანს“ ცენტრალურ აზიასა ან კავკასიაში ვითარების დაძაბვის მომენტისთვის გამოიყენებენ.
„კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისევ ბჟუტავს. მოდით, ვნახოთ, ვისზე შეიძლება იმოქმედოს ამ გემმა, რომელსაც რაკეტების გამოყენება მხოლოდ 300 კილომეტრის სიშორეზე შეუძლია? ირანზე შეტევა, ამ შესაძლებლობებით, უკვე დავადგინეთ, რომ სისულელეა. რაკეტები შეიძლება მიმართულ იქნას აზერბაიჯანისკენ 300 კილომეტრის სირღმეში და დაღესტნის საშუალებით საქართველოსკენ“ - ამბობს სოტნიკოვი.
სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი კი იხსენებს, რომ ინაუგურაციის შემდეგ პუტინის პირველი ვიზიტი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში, კრასნოდარის მხარის 393-ე ავიაბაზაზე განხორციელდა, სადაც უახლესი ავიატექნიკის ინსპექტირება ჩაატარა. ამის პარალელურად კი რუსეთის გენშტაბმა და შსს-მ „ქართულ რევანშიზმე“ დაიწყეს საუბარი, თბილისი ახალი ომისთვის მზადებაში, დასავლეთი კი მისი, როგორც პოტენციური „აგრესორის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.
ფელგენგაუერი ამბობს, რომ თუნდაც, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების გამო რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია გაგრძელდეს ისე, რომ სომხეთისკენ გზა არ ჰქონდეს და ამიტომ, სრულებით შესაძლებელია, მან კორიდორი მოითხოვოს ან მოთხოვნის გარეშეც თავად გაჭრას ეს კორიდორი საქართველოზე.
0