15:32:59     21-06-2012
რუსეთი, სოჭის ოლიმპიადის მშენებლობებზე, მონურ შრომას იყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა.
მოხსენების თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრეფიკინგის მსხვერპლი ამ დროისათვის 27 მილიონი ადმაიანია, 17 ქვეყანა კი აღნიშნულ სიტუაციას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაშიც აღმოაჩინა „მონათმფლობელობის“ ნიშნები. აუცილებელია აღინიშნოს, რომ რუსეთი ტრეფიკინგის მსხვერპლთ სოჭის მშენებლობებზე იყენებს.
მოხსენება სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა პირადად წარმოადგინა. დოკუმენტის ავტორებმა აღნიშნული სიტუაცია მსოფლიოს 186 ქვეყანაში შეაფასეს და იგი სამ კატეგორიად დაახარისხეს.
ქვეყნების პირველი კატეგორია 2000 წელს აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებულ მოთხოვნებს ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით 100 პროცენტით ასრულებს.
მესამე კატეგრიაში კი გაერთიანდა 17 ქვეყანა, რომლებიც ტრეფიკინგთან დაკავშირებულ პრობლემებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ. ამ ქვეყნებს, ყველაფერთან ერთად, ბრალად ედებათ არასრულწლოვნების სამხედრო ოპერაციებში ჩართვა და მათი წვრთნა სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად. ამ კატეგორიაში ექსპერტებმა გააერთიანეს: ირანი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლიბია, ალჟირი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და აფრიკის რამდენიმე ქვეყანა.
რუსეთი მერვე წელია რაც მეორე კატეგორიის ქვეყნებს მიეკუთვნება. ანუ ისეთ სახელმწიფოებს რომლებსაც ამ საკითხში დაკვირვება ესაჭიროებათ. რუსეთის ფედერაციაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება – მილიონზე მეტი ადამიანი იძულებულია მეტად რთულ პირობებში იმუშაოს. მათზე ძალასაც კი ხმარობენ და არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება. არ გააჩნიათ დოკუმენტები და არ აქვთ სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.
ადამიანების მონური შრომა, ძირითადად, მშენებლობებზე შეიმჩნევა. რუსეთის ფედერაცია მათ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის განკუთვნილ მშენებლობებზე იყენებს. ყველაფერთან ერთად, რუსეთის ფედერაციაში სექსუალური ექსპლუატაციის მაღალი დონეც შეიმჩნევა. ამერიკის შეერთებული შტატები კი ქვეყნის მმართველობას აღნიშნული საკითხის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
0