21:29:20     20-06-2012
„ნორდ-ოსტის“ ტრაგედიისას გამოყენებულ გაზის ფორმულას, „ფსბ“ დღემდე მალავს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა საჩივრების განხილვის შედეგად იქნა მიღებული, ძალაში შევიდა. რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში, დუბროვკას თეატრალურ ცენტრში მომხდარი ტერაქტისა და ხელისუფლების მიერ ჩატარებული მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას დაღუპული ყველა პირის სიკვდილის გარემოება უნდა გამოიძიოს.
სარჩელი სტრასბურგში 64 ადამიანს ჰქონდა შეტანილი. ისინი არიან ყოფილი მძევლები და „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიისას დაღუპულთა ნათესავები. ტრაგედია დუბროვკაზე 2002 წელს მოხდა, როცა თეატრალურ კომპლექსში სპექტაკლი „ნორდ-ოსტი“ მიმდინარეობდა. ამ დროს შენობაში 40 ტერორისტი შეიჭრა, რომლებმაც მაყურებლები მძევლებად აიყვანეს - სულ შენობაში მყოფი 912 ადამიანი. მათ შორის, ქალები და ბავშვები. ეს ჩეჩნების დაჯგუფება იყო, რომელიც ძალადობრივი აქტით რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლას და ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიღწევას ცდილობდა.
სამი დღე-ღამის განმავლობაში, ეს ადამიანები ტერორისტთა ტყვეები იყვნენ. სამი დღის შემდეგ კი ხელისუფლებამ შენობაზე შტურმის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შედეგადაც ტერორისტებთან ერთად მძევლებიც გაანადგურეს, - 139 ადამიანი, მათ შორის, 10 ბავშვი. გარდა ამისა, სპეცოპერაციისას გამოიყენეს დღემდე უცნობი გაზი, რომლის ფორმულაც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია და რომლის ზემოქმედების შედეგადაც ასევე დაიღუპნენ ადამიანები.
„ტრაგედიის მსხვერპლთ არ გაუწიეს ადექვატური სამედიცინო დახმარება „ფსბ“-ს მიერ უცნობი გაზის გამოყენების შემდეგ, რის გამოც დაიღუპნენ არა მარტო ტერორისტები, არამედ მძევალთა დიდი რაოდენობა, გარდა ამისა, არ ჩატარებულა მომხდარის ეფექტური გამოძიება, რითად რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუძემდებლური პრინციპები“ - თვლიან სტრასბურგში.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს დაზარალებულებისთვის კომპენსაციის სახით საბოლოო ჯამში მილიონ 300 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამ თანხის გადახდა 3 წლის ვადაში უნდა მოხდეს. თუ კომპენსაციის გადახდა აღნიშნულ პერიოდში არ მოხდება, მას პროცენტები დაემატება.
აღსანიშნავია, რომ სტრატსბურგის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით არ ითხოვს თავად ტერაქტის ფაქტის გამოძიებას. საუბარია ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისა და შტურმის გამოძიებაზე.
რუსეთის „ფსბ“-მ არ გაამხილა გაზის ფორმულა (რომელიც ბოევიკების ნეიტრალიზებისთვის გამოიყენა), მათ შორის, არ გაუმხილა არც გამოძიების ეროვნულ ორგანოებს. ასევე არ დადგენილა, რამდენი ექიმი იყო შტურმის დღეს იმ საავადმყოფოებში, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას.
გამოძიებას არ დაუდგენია იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ კოორდინაციას ექიმების, მაშველებისა და სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებას შემთხვევის ადგილზე. ასევე არ დადგენილა, რატომ დაიწყო მძევლების ევაკუაცია შტურმის დაწყებიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ - ეს ის საკითხებია, რაც ერთ-ერთი ადვოკატის თქმით ევროპის სასამართლოსთვის გაუგებარია და რისი გარკვევაც სტრასბურგმა რუსეთს დაავალა. 0