რუსეთში, ე.წ. ქართველი „კანონიერი ქურდები“, ისევ ქმნიან ან აფუჭებენ „ამინდს“ რუსეთში, ე.წ. ქართველი „კანონიერი ქურდები“, ისევ ქმნიან ან აფუჭებენ „ამინდს“ />


  17:22:06     20-06-2012

რუსეთში, ე.წ. ქართველი „კანონიერი ქურდები“, ისევ ქმნიან ან აფუჭებენ „ამინდს“

a19291.jpg

რუსეთის დანაშაულებრივ სამყაროში ახალი კრიმინალური გარჩევა-გადანაწილების დიდი ტალღის დაწყებაზე მიუთითებენ. ამის მიზეზი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის თამაზ ფიფიას გარდაცვალებაა, რომელიც, როგორც ამბობენ, კრიმინალურ სამყაროში კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას ახერხებდა და „კრიმინალურ ომებს“ აკავებდა.

თამაზ ფიფია, იგივე „თამაზ სუხუმსკი“ მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობდა და როგორც პორტალი „პრესტუპნაია როსია“ წერს, ქველმოქმედებით იყო დაკავებული. ის 12 ივნისს მიუნხენის კლინიკაში 56 წლის ასაკში ღვიძლის მძიმე დაავადებით  გარდაიცვალა.

ფიფია ხოვანის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას 20 ე.წ. კანონიერი ქურდი ესწრებოდა. ამის შემდეგ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიმინალურ კლანებს შორის კონფლიქტის ფონზე, „თამაზ სუხუმსკის“ გარდაცვალებამ, შესაძლოა, დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვიოს და  არა მხოლოდ რუსეთში, არამედ დსთ-ის მთელს ტერიტორიაზე.

გალელი თამაზ ფიფია ციხეში პირველად 1976 წელს აღმოჩნდა. ამის შემდეგ ის კიდევ ორჯერაა ნასამართლევი.

90-იან წლებში, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, ფიფია მოსკოვში წავიდა, სადაც სოხუმის დანაშაულებრივი კლანის ცნობილი წარმომადგენლები საკმაოდ კომფორტულად მოეწყვნენ. 1993 წელს ფიფია ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც ის ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა, თუმცა მაინც რჩებოდა ქურდული სამყაროს აქტიურ წევრად და ე.წ. ქურდულ შეკრებებზე საზღვარგარეთაც კი დადიოდა.

მალე ფიფია არალეგალურიდან ლეგალურ საქმიანობაზე გადავიდა და როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, კანონმორჩილი გახდა. მან წარმატებებს მიაღწია კომერციაში, რის პარალელურადაც, სულ უფრო მეტად ემიჯნებოდა თავის „მოძმეებს“, რომლებსაც ძველი ცხოვრების წესი არ შეუცვლიათ.

2006 წელს, მოსკოვში, ახალ არბატზე მდებარე ფიფიას რესტორან „გენაცვალეში“ ქუთაისელი „კანონიერი ქურდის“ ბადრი კოღუაშვილის ცოლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. შუა ქეიფის დროს მათ სუფრასთან რესტორნის დირექტორი - ფიფიას შვილი მივიდა და სტუმრებს დაშლა სთხოვა. ბანკეტზე მყოფმა გია უგლავამ, მეტსახელად „ტახიმ“ მას უთხრა, რომ ის „კანონიერი ქურდია“ და მაშინ დატოვებს რესტორანს, როცა საჭიროდ ჩათვლის. ამის შემდეგ  ფიფიას შვილმა მამას დაურეკა, რომელმაც მას უთხრა, რომ გია უგლავას, ასეთ „კანონიერ ქურდს“ ის არ იცნობდა. ამიტომ მამასთან საუბრის შემდეგ ფიფია-უმცროსმა „ტახის“ თვითმარქვია უწოდა.

ამის შემდეგ უგლავა და მასთან ერთად მყოფი ქურდი კახა ფარფალია ფიფიას შვილს დაესხნენ თავს და ცემა დაუწყეს. მან კი  ტელეფონით რესტორანში დაახლოებით 50 ჩეჩენი მოიხმო, რომლებმაც უგლავასა და ფარფალიას ძვალ-რბილი გაუერთიანეს. ამ ამბავთან დაკავშირებული გარჩევისას თამაზ ფიფიამ თქვა, რომ მისი შვილი სწორად მოიქცა და რომ ამის შემდეგ ის აღარ არის „კანონიერი ქურდი“. ხოლო იმის გამო, რომ ტიტულოვან სოხუმელთა საერთო რიცხოვნობა არ დარღვეულიყო, ფიფიამ თავის ნაცვლად ქურდად 31 წლის ლევან აბულაძე გაამწესა...

0

ავტორი: