აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის მუდმივ მოვალეებად აქციეს აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის მუდმივ მოვალეებად აქციეს />


  09:20:58     20-06-2012

აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის მუდმივ მოვალეებად აქციეს

a19277.jpg

რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის რკინიგზის რეაბილიტაციისათვის 2010 წელს გამოყოფილი კრედიტი სოხუმში სკანდალის მიზეზი ხდება. კრედიტი, რომელიც მარიონეტულმა რეჟიმმა თავისი „პარლამენტის“ უჩუმრად, ყველა წესის დარღვევითა და ყალბი დოკუმენტით დასტყუა მოსკოვს, სად წავიდა, არავინ იცის. ამ ფულით არც რკინიგზა გარემონტებულა. სამაგიეროდ, ახლა რუსეთი “მეგობარი აფხაზეთისგან” კრედიტის პროცენტებში დაბრუნებას ითხოვს.

„აფხაზური აფიორის“ ავტორებმა თავიდანვე იზრუნეს და შეთანხმება ამ კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით „საიდუმლო ინფორმაციათა“ რიგს მიაკუთვნეს. მაგრამ კრედიტს საიდუმლოდ ნამდვილად ვერ დააბრუნებენ. ეს თანხა აფხაზეთის ბიუჯეტში უნდა აისახოს, რომელიც, თავის მხრივ, ამ დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით „ჭურში მჯდარმა პარლამენტმა“ უნდა დაამტკიცოს. სწორედ აქ გაირკვა ყველაფერი.

2 მილიარდი რუბლის კრედიტის გამოყოფაზე შეთანხმებას ხელი 2010 წელს მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, ის ძალაში შედიოდა მხარეების მიერ რატიფიცირების პროცედურების  ჩატარებისთანავე. თუმცა აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში „პარლამენტს“ ეს პროცედურა არ ჩაუტარებია. მას თვალითაც არ უნახავს დოკუმენტი.  კი მაგრამ, თუკი შეთანხმების რატიფიცირება არ მომხდარა, როგორ მიიღო აფხაზეთმა კრედიტი? მოსკოვში ყალბი დოკუმენტი გაიგზავნა, რომ აფხაზეთის „პარლამენტმა“ რატიფიცირება მოახდინა. ანუ ადგილი ჰქონდა აფიორას, რასაც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროც ვერ უარყოფს და ადასტურებს, რომ მოსკოვს რატიფიკაციის დამადასტურებელი ნოტა 2011 წელს გაეგზავნა.

სკანდალი უფრო და უფრო მწვავდება. კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში აფხაზეთს საკმაოდ მაღალი პროცენტის გადახდა მოუწევს. ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლითაც რამდენიმე ჩინოვნიკმა მოითბო ხელი, ხალხმა უნდა ზღოს. კრედიტის დაფარვა, ეჭვსგარეშეა, რომ მოსახლეობის ხარჯზე მოხდება და ეს ადამიანების მუდმივ მოვალეებად ქცევას ნიშნავს. ეჭვსგარეშეა ისიც, რომ რუსეთი ამ ფულს სოხუმს არ აჩუქებს.

სწორედ ამ სკანდალის ფართო მასებამდე მიტანის მცდელობის გამო ოპოზიციური გაზეთის „ნუჟნაიას“ მორიგი ნომერი სტამბამ არ დაბეჭდა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება სტამბის თვითშემოქმედება ვერ იქნებოდა და ის ზევიდან მოდის. თანაც, სტატიაში, რომელსაც „ნუჟნაია“ ამ თემას უძღვნიდა, მინიშნებულია, რომ მაშინ, კრედიტის გამოყოფის ანუ აფიორის დატრიალების პერიოდში, ანქვაბი ასევე „ზევით“ იყო - ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და ძნელი დასაჯერებელია, რომ მანაც არ იცოდა ჩადენილი დანაშაულის შესახებ. გაზეთის მიმართ ცენზურამ სკანდალს უფრო მეტი სიმწვავე შესძინა. „ნუჟნაიას“ რედაქტორი იზიდა ჭანია მარიონეტული რეჟიმის ლიდერს მოუწოდებს, ხმა ამოიღოს, თუკი, რა თქმა უნდა, „პრეზიდენტად და არა რუსულ-აფხაზური ერთობლივი საწარმოს ზავხოზად გრძნობს თავს“.
0

ავტორი: