Foreign Policy: პუტინი  „კგბ“–ს ტაქტიკით ებრძვის ოპოზიციას... Foreign Policy: პუტინი „კგბ“–ს ტაქტიკით ებრძვის ოპოზიციას... />


  07:37:34     20-06-2012

Foreign Policy: პუტინი „კგბ“–ს ტაქტიკით ებრძვის ოპოზიციას...

a19263.jpg

გამოცემა Foreign Policy დაინტერესდა, როგორ წარიმართა ცნობილი საბჭოთა „კაგებეშნიკების“ ბედი და აღმოაჩინა, რომ ყველაზე წარმატებული „ჩეკისტი“ ვლადიმერ პუტინია, რომელმაც კარიერის მწვერვალებს მიაღწია. ასეთი აღმასვლა კი მართლაც უჩვეულოა, რადგან პუტინის არანაკლებად ცნობილ ჯაშუშ კოლეგებს, ძირითადად, არ გაუმართლათ. და ისინი, ზოგი რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს, ზოგი კი დღემდე შიშით აგრძელებს ცხოვრებას.

Foreign Policy ასეთი „კაგებეშნიკების“ ბიოგრაფიებს აქვეყნებს და მათ შორის პირველი ვლადიმერ პუტინია, რომელიც 15 წლის განმავლობაში იყო „კგბ“-ს აგენტი, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა.

ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის შესწავლის შემდეგ ის „კგბ“-ს რიგებში შევიდა და ძირითადად, ქალაქში ჩასულ უცხოელებს ზვერავდა. 1980-იან წლებში კი აღმოსავლეთ გერმანიაში გადავიდა, სადაც მისი ამოცანა იყო გამოევლინა, რისთვის მიდიოდნენ პროფესორები, ჟურნალისტები თუ სხვა საინტერესო პირები აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, და ასევე, ეგრეთ წოდებული „ვერბოვკის“ შემდეგ მათთვის დავალება მიეცა - მოეპარათ დასავლური ინტელექტი და ტექნოლოგიები.

„კგბ“-ში 15-წლიანი მუშაობის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ ვიცე-პოლკოვნიკის წოდების მიღება შეძლო. იმ პერიოდის ინტერვიუებში, რომლებიც იშვიათი იყო, ის ამბობდა, რომ არც სურდა მაღალი თანამდებობა სპეცსამსახურში, რადგან მოსკოვში გადაბარგება მისთვის არ იყო მიმზიდველი.

გერმანიიდან დაბრუნებული პუტინი უნივერსიტეტის ასისტენტად მუშაობდა, რაც რეალურად „კგბ“-ში საიდუმლო მუშაობის გადასაფარად ხდებოდა. ხოლო როცა უკვე სანკტ-პეტერბურგის მერიაში ანატოლი სობჩაკის ასისტენტად დაიწყო მუშაობა, ძველ სამსახურს მართლაც ჩამოშორდა. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ის მისი მეთოდების ერთგულად დარჩა, რაც მისი როგორც პრემიერობის, ისე პრეზიდენტობის პერიოდში ვლინდება.

პუტინი „კგბ“-ს ტაქტიკით ებრძვის ოპოზიციას, ხოლო როგორც ერთ-ერთმა რუსმა მწერალმა Washington Post-ს  უთხრა, პუტინი „სტანდარტული“ „კაგებეშნიკია“ და „თუკი მოდის თოვლი, მას თავისუფლად შეუძლია გითხრათ, რომ მზე ანათებს“.

პუტინის „კგბ“-ს მეთოდებმა თავად ჯაშუშებიც შეიწირა. ამის ნათელი მაგალითი კი ალექსანდრე ლიტვინენკო გახდა, რომელიც რადიაქტიული ნივთიერებით მოწამლეს. სხვათა შორის, ამ მეთოდების კარგი ცოდნა პუტინმა დაუფარავად გამოავლინა, როცა აშშ-ში წარმოქმნილი ჯაშუშურის სკანდალის „გმირები“ რუსეთში იქნენ დეპორტირებულნი, მათ შორის, ცნობილი ან ჩაპმანი. მაშინ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მოღალატეები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ. ისინი, ამთავრებენ, როგორც წესი, ან ლოთობის გამო, ან ნარკოტიკებისგან, ან ღობის ძირში. აი, ცოტა ხნის წინ დაახლოებით ასე დაასრულა ერთ-ერთმა თავისი არსებობა“.

პუტინს ყოფილი კოლეგები აშკარად არ უყვარს. გენერალ-მაიორ ოლეგ კალუგინს, რომელმაც „კგბ“-ს თავი 1990 წელს დაანება და ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტში პედაგოგად დაიწყო მუშაობა, 2004 წელს რუსეთში სამშობლოს ღალატი დააბრალეს და დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჩამოართვეს სამხედრო წოდება, პერსონალური პენსია და საბჭოთა კავშირის 22 სახელმწიფო ჯილდო. ამის მიზეზი კალუგინის მიერ გამოცემული წიგნი გახდა - „პირველი მთავარი განყოფილება. ჩემი 32 წელი დასავლეთის წინააღმდეგ დაზვერვასა და ჯაშუშობაში“. კალუგინი, ასევე უარს არ ამბობდა მედიასთან ურთიერთობებზე და ჟურნალისტებთან და სხვადასხვა სასამართლო პროცესებზე „კგბ“-ს აგენტების წინააღმდეგ ჩვენებებსაც იძლეოდა.

0

ავტორი: