„ნაცმოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეარჩია „ნაცმოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეარჩია />


  17:11:35     19-06-2012

„ნაცმოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეარჩია

a19259.jpg

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე გაიმართება, წინა საარჩევნო კამპანიას, ოფიციალურად, გახსნილად – ივლისის შუა რიცხვებში გამოაცხადებს. მანამდე კი, პარტიაში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, ამ საკითხზე, ხელისუფლება ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, მმართველი გუნდის მტკიცებით, საარჩევნო სიის პირველ ათეულში ახალი სახეები იქნებიან.

როგორც „პრესა.ჯი–ს“ სანდო წყარომ განუცხადა, ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი – მარიკა ვერულაშვილი იქნება, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა, თუმცა, მისი დაბადების ადგილი სწორედ, ყვარლის რაიონის სოფელი – ახალსოფელია.

ამას გარდა, ხელისუფლება კახეთში, კერძოდ, სიღნაღში, მაჟორიტარ კანდიდატად  – ლევან ბეჟაშვილის მიავლენს, რომელიც ამჟამად კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება აჭარას, „პრესა.ჯი–ს“ ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე შეარჩევს.

წყაროს ცნობით, ვარშალომიძის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ქობულეთის გამგებელი, გელა ცხომელიძე იქნება, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატატი – რობერტ ჩხაიძე, ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი  – კვლავ ანზორ  ბოლქვაძე იქნება,  ხოლო ხელვაჩაურში კვლავ  ასლან თავდგირიძე.

ამასთან, „პრესა.ჯი–სთვის“ ცნობილი გახდა, რომ ლენტეხის საარჩევნო ოლქის მოგებას მმართველი გუნდი ისევ გოგი ლიპარტელიანს ანდობს, ხოლო ამბროლაურის რაიონის მაჟორიტარობას კვლავ გოჩა ენუქიძეს.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული რეგიონების გარდა, მმართველი გუნდი იმერეთის მაჟორიტარებზეც ჩამოყალიბდა. წყაროს ინფორმაციით, ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატი – ქალაქის მერი, გიორგი თევდორაძე იქნება, ტყიბულში – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი, ვან -  დეპუტატი პაატა ლეჟავა, ხონი – აკაკი ბობოხიძე, თერჯოლაში -  თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ბუცხრიკიძე, ზესტაფონი – ამჟამად თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ბუცხრიკიძე, ხოლო სამტრედიაში   კომპანია „ვისოლის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე.

ამას გარდა, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო  პროკურორი, როლანდ ახალაია იქნება, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალიას მამაა.

რაც შეეხება დედაქალაქს, ხელისუფლებამ მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მასშტაბითაც უკვე შეარჩია.  „პრესა.ჯი–ს“ ინფორმაციით, სამგორში – კანდიდატად წარდენილი იქნება, ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი,  მთაწმინდაზე – არჩილ გეგენავა,  ჩუღურეთში – დეპუტატი ანდრო ალავიძე, კრწანისში  მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე – დავით საყვარელიძე, ხოლო ნაძალადევში – მერაბ სამადაშვილი,  ვაკეში – გიორგი კარბელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარ დეპუტატებად კენჭს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყრიან. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში კენჭს იყრიან – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაძე და სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს, მას პოლიტიკაში წასვლის შესახებ განცხადება ოფიციალურად ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა, ყოფილმა პროკურორმა თანამდებობა საკუთარი ნება–სურვილით უკვე  დატოვა და წინა საარჩევნო კამპანიასაც შეუდგა.

 „პრესა.ჯი“ იმითაც დაინტერესდა,  „ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველი ნომერი ვინ იქნება და საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, სიის პირველ ნომრად, ისევ დავით ბაქრაძის კანდიდატურას განიხილავენ.

0

ავტორი: