08:42:03     19-06-2012
გიორგი ქუჩიშვილის „ავტოპორტრეტი“ და სიმღერა
პოეტი და პროზაიკოსი გიორგი ანდუყაფარის ძე ჩხეიძე (ქუჩიშვილი) დაიბადა 1886 წლის 17 (ახალი სტილით 30) ოქტომბერს თელავის მაზრის სოფელ რუისპირში.
მომავალ პოეტს მამა ადრე გარდაცვლია. 1894 წელს პატარა გიორგი ნათესავს ტფილისში წამოუყვანია, ვითომდა სასწავლებელში მოსაწყობად, სინამდვილეში კი შინამოსამსახურის მოვალეობას ასრულებინებდა. დედამ ეს რომ გაიგო, ბავშვი კვლავ სოფელში დააბრუნა. შემდეგ გიორგის დედა, სალომე შვილებთან ერთად ტფილისში გადმოსახლებულა, რათა ბავშვებისათვის კარგი განათლება მიეცა.
გიორგი ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში მოაწყვეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, სწავლის ფულის გადაუხდელობის გამო სასწავლებლიდან გამორიცხეს. ამის შემდეგ მოჯამაგირედ მუშაობდა ჯერ ბაყალთან, მერე მენახშირესთან. მოახერხა და მოეწყო თბილისის ბოტანიკურ ბაღთან არსებულ პრაქტიკულ საბალანსო ორწლიან სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა. სასწავლებელში 1898 წელს დაარსდა მოსწავლეთა არალეგალურ-მარქსისტული წრე, რომლის წევრი გიორგიც იყო. მალე გიორგი ჩხეიძე მუკუზანში წავიდა და საუფლისწულო მამულში დაიწყო მუშაობა. მაგრამ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოღვაწეობისთვის სამუშაოდან გაათავისუფლეს და კვლავ ტფილისში დაბრუნდა.
1906 წელს მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა არალეგალურ ჟურნალში „მახვილი“.
1914 წელს გამოვიდა გიორგი ქუჩიშვილის ორი წიგნი - ლექსებისა და მოთხრობების კრებულები. მეფის რუსეთის თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო ლექსებისა და მოქმედებების გამო 1914 წელს პოეტი დააპატიმრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში ჩასვეს.
იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
გიორგი ქუჩიშვილს ჰქონდა მძიმე ცხოვრება. მისი ინტერესი მომართული იყო ღატაკი ადამიანების ბედისადმი. წერდა საბავშვო ლექსებსაც. გადაღებულია ფილმში „უკანასკნელი მასკარადი“ (მიტოს მამა) - (1934).
1946 წლის 25 ნოემბერს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში აღინიშნა გიორგი ქუჩიშვილის დაბადების მე-60 წლისთავი. პოეტი ავადმყოფობის გამო არ დასწრებია საღამოს, ლოგინად ჩავარდნილი რადიოთი ისმენდა გამომსვლელების სიტყვებს და მილოცვებს.
გიორგი ქუჩიშვილი ამის მერე მალე გარდაიცვალა, 1947 წლის 20 იანვარს. დასაფლავებულია ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ავტოპორტრეტი
უყვარს მოლხენა
და ღვინის სმაში
ვიდრე აზარფეშს
არ დააექვსებს, -
ჩაძირულია
ღრმა გულისთქმაში,
თითქოს ღრუბლებში
ელვას აკვესებს;
შეზარხოშდება
და მხოლოდ მაშინ
წამოიჭრება
დასჭექავს ლექსებს!..
ბევრმა არ იცის
მისი წარსული,
უმეტესობას
ჰგონია ლოთი;
გრიმს მოგაგონებთ
წვერი სპარსული
მოკალულ მთვარეს -
თავი მელოტი...
1915
გაზაფხულო!
გაზაფხულო!
რა კარგი ხარ,
რა კარგი!
ყვავილებით
მორთული,
მზის სხივებით
ნაქარგი!
მოხვალ,
თან მოგყვებიან
მაყრიონი - ჩიტები,
ბულბულები,
მერცხლები,
შაშვები და
გვრიტები!
გაზაფხულო!
გაზაფხულო!
რა კარგი ხარ,
რა კარგი!
ყვავილებით
მორთული,
მზის სხივებით
ნაქარგი!
1913