16:06:08     18-06-2012
საქართველოს, ცხრა ქვეყანაში, ახალი ელჩები ეყოლება

საქართველო, ცხრა ქვეყანაში, ახალ ელჩებს მიავლენს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა, ელჩების კანდიდატურები, დღეს, პარლამენტის ბიუროს წარუდგინა.
ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება – ირაკლი ყურაშვილი, რომელიც 2010 წლიდან დღემდე, არის ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი – ბექა დვალი იქნება, რომელიც 2011 წლიდან დღემდე, არის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
ამას გარდა, ქართული მხარე კანადასა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (იკაო) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად – ალექსანდრე ლაცაბიძის მივლენას გეგმავს, რომელიც 2012 წლის პირველი თებერვლიდან დღემდე, არის არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი.
რაც შეეხება თურქეთის რესპუბლიკას, მეზობელ ქვეყანაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარაძე იქნება, რომელიც 2011 წლიდან დღემდე, არის თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს გენერალური კონსული.
ამასთან, პარლამენტი ახალ ელჩს ინდონეზიის რესპუბლიკაშიც მიავლენს, სადაც საქმიანობას – ზურაბ ალექსიძე შეუდგება, რომელიც დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი.
ასევე, საკანონმდებლო ორგანო ახალ ელჩს მიავლენს არგენტინის რესპუბლიკაში, სადაც დიპლომატიურ საქმიანობას – გელა სეხნიაშვილი განაგრძობს, რომელიც 2011 წლიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
გარდა აღნიშნული ქვეყნებისა, საქართველო ელჩის მივლენას აპირებს – ეთიოპიიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც საქმიანობას ვახტანგ ჯაოშვილი შეუდგება, რომლიც 2012 წლის 17 თებერვლიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალი ელჩი ბელარუსიის რესპუბლიკაში იქნება დავით კოტარია, რომელიც 2011 წლიდან დღემდე არის ბელარუსიის რესბუპლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი დესპანი. ასევე, საქართველოს ახალი ელჩი იქნება ბულგარეთის რესპუბლიკაში – ლევან მეტრეველი, რომელიც 2011 წლიდან დღემდე, არის კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
აღნიშნული კანდიდატურების შესახებ, მიმდინარე კვირას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იმსჯელებს და საკანონმდებლო ორგანო კანდიდატურებს, მომავალი კვირის სამშაბათის სხდომაზე დაამტკიცებს.
0