08:52:40     18-06-2012
ამერიკელ ფინანსისტ ალენ სტენფორდს, 110–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ამერიკელ ფინანსისტს, ალენ სტენფორდს სასამართლომ მომხმარებლებისა და ინვესტორების მოტყუების გამო, რითაც მან ისინი 7 მილიარდ დოლარზე მეტით აზარალა, 110 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბრალდების მხარე ამ სასჯელსაც არ სჯერდებოდა და მან სფენფორდისთვის 230–წლიანი პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარე კი საერთოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა ბოლოს 44–თიან პატიმრობაზეც ყაბულს იყო
როგორც ექსპერტები აცხადებენ სტენფორდის მიერ აგებული ფინანსური პირამიდა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მხილებულ პირამიდათაგან უმსხვილესი გახლდათ. თავად სტენფორდი, რომელიც ჟურნალ Forbes–ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში 2006 წელს 206–ე გახლდათ, სასამართლოს არწმუნებდა, რომ ის უდანაშაულო იყო და არავინ მოუტყუებია. თუმცა, მისი კლიენტებისგან განსხვავებით, სასამართლომ სტენფორდის მოსაზრება არ გაიზიარა.
ტეხასელმა ბანკირმა ფართო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოსა და კარიბის კუნძულებზე კრიკეტს საკმაოდ ხელგაშლილად დაუჭირა მხარი და აფინანსებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ტურნირ Twenty20–ისთვის აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, ამერიკული ფინანსური კონტროლის ორგანოები მისით დაინტერესდნენ და სტენფორდის იმპერიამაც რღვევა დაიწყო.
ამიტომ 2009 წელს იგი დააპატიმრეს. მეტიც, მას გირაოთი გათავისუფლებაზეც უარი უთხრეს.
ფინანსურ ოპერაციებს სტენფორდი კარიბის ზღვის კუნძულ ანტიგუას ბანკის მეშვეობით აწარმოებდა.მთლიანობაში მისი ქმედებებით 30 ათასამდე მეანაბრე დაზარალდა. გამოძიების მსვლელობისას იმ სახსრების 92 %, რომლებიც თითქოს ბანკ Stanford International–ის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო, ვერსად იპოვეს.
სასამართლოში სტენფორდის ფინალური გამოსვლა 40 წუთამდე გაგრძელდა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
ნიშანდობლივია, რომ მსგავსი სახის ფინანსური დანაშაულობანი ეს პირველი როდია. შეძლებულ ინვესტორებზე ორიენტირებული ფინანსური პირამიდა ააგო 2009 წელს 150–წლიანი თავისუფლების აღკვეთით გასამართლებულმა ფინანსისტმა ბერნარდ მედოფმაც.
0