ალექსანდრე აბაშელის „თოვლი“ (გალაკტიონ ტაბიძეს) ალექსანდრე აბაშელის „თოვლი“ (გალაკტიონ ტაბიძეს) />


  08:16:54     18-06-2012

ალექსანდრე აბაშელის „თოვლი“ (გალაკტიონ ტაბიძეს)

a19201.jpg

ალექსანდრე აბაშელის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია წერდა: „უნივერსალიზმი და სრულყოფილი ფორმა ეს იყო და არის უპირატესი ლოზუნგი ჩვენი ეპოქის ქართული მწერლობისა. ამ საუკუნის მიწურულში, ალბათ, შვიდიოდე სახელი მოიხვეჭს ახალ ელვარებას, მათ შორის პირველთაგანი იქნება უთუოდ ალექსანდრე აბაშელისა“ (ეს წერილი მკითხველს შეუძლია იხილოს პრესა.გე-ს არქივში).

ალექსანდრე (ისააკ) ბესარიონის ძე ჩოჩია დაიბადა 1884 წლის 15 (ახალი სტილით 27) აგვისტოს სოფელ საჩოჩიოში, რომელსაც შემდგომში აბაშისპირი უწოდეს. მამამისი ღარიბი გლეხი იყო. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში, რომელიც გაჭირვების გამო მიატოვა. ცოტა ხანს მუშაობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ.

1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოსკში. გადასახლებიდან დაბრუნების მერე (1908 წელს) მუშაობდა ტფილისში „კავკაზისა“ და „ნოვაია რეჩის“ რედაქციებში, სადაც გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები დაწერილი რუსულ ენაზე.

1913-1914 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1913 წელს გამოვიდა ალექსანდრე აბაშელის პირველი წიგნი „მზის სიცილი“, რომელმაც პოპულარობა მოუტანა. შემდგში კიდევ გამოაყვეყნა ხუთი კრებული „ანთებული ხეივანი“, „გაბზარული სარკე“, „მზე და სამშობლო“, „გმირული დღეები“ და „ოქრის საფეხურები“.

1920-იანი წლების დასაწყისიდან მის შემოქმედებაში შენიშნავენ დეკადენტური მოტივებს (კრებული „ანთებული ხეივანი“). იმ დროს ბევრმა გაიღო ხარკი დეკადენსისადმი. მანამდე, მის პირველ კრებულში „მზის სიცილი“, წარმოდგენილია ე. წ. მზის კულტის თემა, რომელიც ოპტიმისტური და პესიმისტური განწყობილებებითაა გაჯერებული და შედეგია 1905 წლის რევოლუციის აღმავლობისა და დამარცხების, რეაქციის პერიოდებისა.

შემდეგ ალექსანდრე აბაშელი იყო აკადემიური მწერლობის კავშირის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი. მასთან ერთად იყვნან კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, იოსებ გრისაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი და სხვები. კავშირს ჰქონდა სხვადასხვა გამოცემები („ილიონი“, „ხომალდი“, „ქართული სიტყვა“, „კავკასიონი“, „ახალი კავკასიონი“  და სხვა), სადაც, როგორც მაშინ ამბობდნენ: „ზოგჯერ თავს იჩენდა სოციალური მშენებლობის ამოცანებთან შეუთავსებელი შეხედულებები“.

ალექსანდრე აბაშელს გამოქვეყნებული აქვს პროზაული ნაწარმოებები: ფანტასტიკური რომანი „ქალი სარკეში“ (1930) და „ატმის ყვავილი“ (1959). დაუმთავრებელი დარჩა რომანი „ირმა“. ის ავტორია ლიტერატურულ-თეორიული წერილებისა „ყვითელი ფოთოლი“ და სხვა. მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული.

ალექსანდრე აბაშელი იყო ზემოთაღნიშნული ჟურნალ „ხომალდის“ დამაარსებელი და რედაქტორი, შემდეგ კი ჟურნალ „ჩვენი თაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

კიდევ უნდა გავიმეორო: ალექსანდრე აბაშელი ითვლება ქართული ლექსის ერთ-ერთ რეფორატორად, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთ მამამთავრად. მას აფასებდა გალაკტიონი, მისდამი, როგორც პოეტისადმი და ადამიანისადმი, აღტაცების სტრიქონები დაწერილი აქვს კონსტანტინე გამსახურდიას და არა ერთ სხვას. აკაკი ხინთიბიძე მის როლზე საუბრობდა ქართული ლექსის რეფორმის საკითხში...

პოეტმა დიდი წვლილი შეიტანა ვაჟა-ფშაველას მხატვრული მემკვიდრეობის შესწავლისა და გამოქვეყნების საქმეში. შეკრიბა მწერლის ყველა ნაბეჭდი თხზულება, შეადარა ისინი არსებულ ავტოგრაფებს და კომენტარების დართვით შვიდ ტომად გამოსცა აკადემიკოს აკაკი შანიძესთან ერთად.

ალექსანდრე აბაშელი გარდაიცვალა 1954 წლის  27 სექტემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

გავიხსენოთ ალექსანდრე აბაშელის ლექსი „თოვლი“, რომელიც გალაკტიონისადმია მოძღვნილი.

თოვლი

(გალაკტიონ ტაბიძეს)

რა უცნაური მოაქვს ცახცახი
მდუმარ ჩრდილებში ჩაღვრილ სინათლეს?!
თითქოს დამცხრალი მთვარის ნასახი
ღამის გახელილ თვალში ბზინავდეს.

თეთრი პეპლები ცას დაჰხვევია,
დგას თეთრი ფრთების კორიანტელი.
მაღლა მთა არის, დაბლა ხევია,
ირგვლივ რძისფერი შუქის მფანტველი.

ეს რბილი შუქი ნეტავ რისია,
ასე ჩუმად რომ ჰყვავის ვაშლივით?
მღვრიე ჰაერში თეთრი ნისლია,
ნისლში მთვარეა თითქოს გაშლილი.

რა უსასოო ფრთების ცახცახი
მოაქვს გალეულ მთვარის სინათლეს!
თითქოს ნათელი ღამე გასძახის
უშარავანდო ღამეს წინანდელს.

ზეცა შროშანი და ზამბახია,
თუ ვარსკვლავების თეთრი კრებული?!
თითქოს ვაშლის და ნუშის ბაღია
რძიან ღრუბლებში აყვავებული.

თითქოს გრიგალი ცაში მძინვარებს,
ბაღი იმსხვრევა და ილეწება.
უბე აუვსეს მიწას მძინარეს
ჩამოცვენილმა ციდან ლერწებმა.

და მთელი ღამე თეთრი ყვავილის
ისმის ნაზი და ჩუმი ვედრება,
რომ არ გათავდეს მძინარ მთა-ველის
გასაკვირველი გადათეთრება.

და რომ გათენდა, ცამ გადაიღო,
ჩადგა გრიგალი, იქ რომ შფოთავდა.
ბაღი ციური ქარმა წაიღო
და ყვავილების ცვენაც მოთავდა.

28 დეკემბერი, 1938 წელი.

0

ავტორი: