რამზან კადიროვმა აჰმედ ზაკაევს ფარისეველი უწოდა რამზან კადიროვმა აჰმედ ზაკაევს ფარისეველი უწოდა />


  11:19:22     15-06-2012

რამზან კადიროვმა აჰმედ ზაკაევს ფარისეველი უწოდა

a19131.jpg

ბოლო დღეებში კრემლმა ჩეჩნური ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ მძლავრი საინფორმაციო ომი წამოიწყო. რა თქმა უნდა, მასში ძირითადი აქცენტი კრემლის მარიონეტ,  რამზან კადიროვის იმ „კეთილშობილ“ საქმიანობაზეა გადატანილი, რასაც იგი „მშობლიური ჩეჩნეთისთვის“ ეწევა.

პუტინის ფავორიტმა, კადიროვმა, რომელსაც საქართველოს მიმართ სიყვარულს ნამდვილად ვერ დასწამებ, თავისი მოსკოველი მფარველების კეთილგანწყობა კიდევ ერთი პროპაგანდისტული ტრიუკით დაიმსახურა – 14 ივნისს მან  ჯოხარ დუდაევის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში, ხიზრი ალდამოვი გროზნოში, თავის კაბინეტში მიიღო და წარსულიც აპატია (მართლა აპატია თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია და შემდგომში გამოჩნდება). ამ შეხვედრის შესახებ presa.ge-მ 14 ივნისსვე გაუწყათ.

მოგვიანებით, იმავე დღესვე  კრემლთან  დაახლოებულ მასმედიაში ამ შეხვედრის ახალი დეტალებზეც გაჩნდა ინფორმაცია. კერძოდ, როგორც „იზვესტია“ წერს კადიროვ–ალდამოვის შეხვედრა  თურმე, მარტო ამ უკანასკნელის მონანიებით როდი დასრულებულა. მათ ასევე სხვადასხვა საკითხებზეც უსაუბრიათ. მათ შორის, იჩქერიის პრემიერსა და ჩეჩნეთის ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, ამჟამად ლონდონში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მცხოვრებ, აჰმედ ზაკაევის შესახებაც.

კადიროვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის პრეზიდენტს, ალდამოვთან შეხვედრისას მისთვის განუცხადებია, რომ ზაკაევმა მას, თურმე ლონდონიდან დაურეკა და რუსეთში დაბრუნებაში დახმარება სთხოვა.

„ზაკაევმა სხვადასხვა არხებით, არაერთხელ მთხოვა ტელეფონით გვესაუბრა. საუბრისას განუწყვეტლივ ამტკიცებდა, რომ აღტაცებულია ჩეჩნეთში მომხდარი ცვლილებებით. თვალცრემლიანი მემუდარებოდა, დავხმარებოდი რუსეთში დაბრუნებაში, – მოჰყავს კადიროვის სიტყვები ჩეჩნეთის მთავრობის ოფიციალურ საიტს. – სატელეფონო საუბარში ზაკაევი ძმას მიწოდებდა. ის ამტკიცებდა, რომ ჩეჩენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მას არასოდეს ჰყოლია უფრო სამართლიანი და ეფექტური ხელძღვანელი. იგი მე მიწოდებდა ღრმად მორწმუნე ადამიანს და საკუთარი ხალხის პატრიოტს. მეუბნებოდა, რომ სურს გახდეს ჩემი ძმა და მეგობარი“.

ამასთან კადიროვისვე თქმით, მის ზურგს უკან, ზაკაევი „სრულიად განსხვავებული შინაარსის განცხადებებს აკეთებს“, რაც მისი „ფარისევლობისა და სილაჩრის“ მაჩვენებელია და ასევე  ამტკიცებს მასში „ რწმენისა და პატრიოტიზმის“ არარსებობას.

„მან ხომ შუამავალთა მეშვეობით, არაერთხელ მთხოვა ყველაფერი მეპატიებინა, რაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაუკეთებია“, – აღნიშნა კადიროვმა.

„ზაკაევი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად არხეინად ცხოვრობს ლონდონში. ის არ განიცდის რაიმეს ნაკლებობას. მას თავისი სპონსორებისგან კარგი მხარდაჭერა აქვს და კიდევ ჰყოფნის თავხედობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობას იარაღით ხელში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდოს. დაე, თავად ჩამოვიდეს და იომოს, თუ მას ვაჟკაცობა ჰყოფნის, დაე, უჩვენოს მაგალითი. საკმარისია ენის ფხანა! მან ლონდონში ჩამოაყალიბა მითიური იჩქერიის მითიური მთავრობა, რომელიც თავად მისგანაა შემდგარი. მან და უდუგოვმა თავიანთი ვაჟიშვილები ევროპის საუკეთესო სასწავლებლებში მოაწყვეს, ხოლო რიგითი ხალხის შვილებს კი ტერორისტთა რიგებში უხმობენ, მაგრამ ახლა სხვა დროა და ისინი ვერავის მოატყუებენ“, – დაასკვნა კადიროვმა.

კადიროვს და ალდამოვს, აღუნიშნავთ ასევე, რომ ზაკაევი მთლიანად დასავლეთის სპეცსამსახურებსა და შერისხულ ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკიზეა დამოკიდებული, რომელიც ასევე ლონდონში იმყოფება.

P.S. presa.ge-მ ამჯერადაც სცადა ახმედ ზაკაევს ლონდონში დაკავშირებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

0

ავტორი: