09:25:17     15-06-2012
კონსტანტინე ბალმონტის დაბადებიდან 145 წელი გავიდა
1867 წლის 3 (ახალი სტილით 15) ივნისს დაიბადა დიდი რუსი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, ესეისტი, ფილოლოგი-თეორეტიკოსი კონსტანტინე ბალმონტი. წელს მისი დაბადებიდან 145 წელი შესრულდა. პოეზიის მოყვარულები აღნიშნავენ ამ მნიშვნელოვან თარიღს.
კონსტანტინე დიმიტრის ძე ბალმონტი (Константи́н Дми́триевич Бальмо́нт) დაიბადა რუსეთის იმპერიაში, ვლადიმირის გუბერნიის შუისკის მაზრის სოფელ გუმნიშში.
რუსეთის ყველა შვილი არ ყოფილა საქართველოსადმი მტრულად განწყობილი. კონსტანტინე ბალმონტი აღფრთოვანებული იყო ქართული კულტურით. მეგობრობდა ქართველ პოეტებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, უყვარდა ქართველი ხალხი...
ჩვენთვის კონსტანტინე ბალმონტი საინტერესოა მრავალმხრივ. იგი იყო როგორც შესანიშნავი პოეტი, რომელმაც შექმნას საოცრად დახვეწილი ლექსები. მასზე ამბობდნენ, „ბროლის რითმები აქვსო“. ის ითვლება რუსული სიმბოლისტური პოეზიის უფროსი თაობის წარმომადგენლად და ბრწყინვალე პოეტად. ჰყავდა მიმდევრები („ბალმონტის სკოლა“), რომლებიც ბაძავდნენ არა მარტო პოეტური ფორმებით, არამედ ცხოვრების წესით, ჩაცმითა და ვარცხნილობითაც.
საინტერესოა დიდი პოეტის ცხოვრებაც, მისი გამბედაობაც. მან ლექსი მიუძღვნა რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ II, რომლის დროსაც დემონსტრაციებზე ხალხს ხოცავდნენ ("პატარა სულტანი", "ჩვენი მეფე"). ლექსში "ჩვენი მეფე", ბალმონტმა იწინასწარმეტყველა რომ იმპერატორს ეშაფოტი ელოდა... მოუწია ემიგრაციაში ყოფნა 1906 წლიდან. 1913 წელს დაბრუნების უფლება მისცეს იმპერიაში. ბოლშევიკებსაც არ გაუჩერდა რუსეთში, 1920 წელს ცოლის ავადმყოფობა მოიმიზეზა და ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე (1942) ცხოვრობდა სიღატაკეში.
მაგრამ, ჩვენთვის ქართველებისათვის, კონსტანტინე ბალმონტი ყველაზე საინტერესო იმითაა, რომ შეყვარებული იყო საქართველოზე, სწავლობდა ქართულ ენას და თარგმნა "ვეფხისტყაოსანი". არა ერთი ლექსი, წერილი თუ თბილი სიტყვა მიუძღვნა საქართველოს და ქართულ ლიტერატურას. თავის მიერ ნათარგმნი წიგნის (Шота Руставели. Витязь в барсовой шкуре) შესავალში წერდა: "თუ გაეცნობი რუსთველის რამდენიმე ლექსს, შეგიყვარდება. ვისაც შეუყვარდება, შეეცდება ჩაწვდეს, თუნდაც ნაწილობრივ მას. ასე დამემართა მეც."
წიგნის ბოლოს გამოქვეყნებული აქვს წერილი სათაურით: "დიადი იტალიელები და რუსთველი". ამ წერილის დასაწყისში ბალმონტი წერს, რომ სიყვარულის შესახებ ჩვენს ათასწლეულში ყველაზე უკვდავი სიტყვები აქვთ ნათქვამი რუსთველს, დანტეს, პეტრარკას და მიქელანჯელოსო. შემდეგ ამბობს, რომ ამ ბრწყინველე ოთხეულში, მისი აზრით, ყველაზე მეტად რუსთველია ამაღლებული.
"მე მინდა ვიყო ამის დამამტკიცებელიო" და შეუდგება მტკიცებას საოცარი არგუმენტებით... ის შოთა რუსთველის პოემას აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე დასავლეთ ევროპულ სარაინდო რომანებს (ფონ ეშენბახის "პარსიფალს", კრეტიენ დე ტრუას "ლანსელოტს" და სხვებს), რომლებშიც მისი აზრით, ჩანს გატაცება ავანტურისტულ-სათავგადასავლო მომენტებით.
კონსტანტინე ბალმონტი მკითხველს უამბობს, რომ რუსთველის შესახებ მას შეუტყვია ოკეანეში, სადღაც კანარის კუნძულებთან ახლოს, ინგლისურ გემზე, "ათენაზე", სადაც გაიცნო ოლივერ უორდროპი, რომელმაც წააკითხა მისი დის, მარჯორი სკოტ უორდროპის მიერ ინგლისურად ნათარგმნი ნაწყვეტები "ვეფხისტყაოსნიდან", რომელიც ჯერ საკორექტურო სახით ჰქონდა. ბალმონტისათვის ეს ყოფილა დაუვიწყარი შთაბეჭდილება.
1914 წელს აპრილში კონსტანტინე ბალმონტი ჩამოვიდა საქართველოში. ქუთაისში მას დიდი პატივით დახვდნენ, თვით აკაკიმ მიმართა მისასალმებელი სიტყვით (ქართველებმა კარგად ვიცით მეგობარი რუსების, პატიოსანი ადამიანების დაფასება, მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვას ამბობს დღევანდელი რუსული იმპერიალისტური პროპაგანდა). ბალმონტმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა. უნდა ითქვას, რომ ქართულ ენას მან ალღო აუღო, გაუგო და ძალიან გამომსახველად და ლამაზად მიაჩნდა კიდეც. ამას წერს აღნიშნულ წერილშიც.
ბალმონტის სიტყვებით, "ვეფხისტყაოსანი" არის სიბრძნისა და პოეზიის უიშვიათესი ნაზავი, სიყვარულისა და მეგობრობის საუკეთესო ჰიმნი... თამარის საქართველო კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების საუკეთესო მიღწევა იმ დროში და სხვა. უნდა ითქვას, რომ კონსტანტინე ბალმონტის ეს წერილი არის საქართველოს ისტორიის კარგი მცოდნის, ობიექტური კაცისა და დიდი პოეტის გულიდან ამოფრქვეული ბრწყინვალე ესე და ისტორიული ნარკვევი.
ერთ-ერთ ლექციაზე რუსთველის შესახებ, მოსკოვში ბალმონტს უთქვამს: "სიყვარული გრძნობაა, რომლითაც იზომება სიდიადე ნაციის. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავის მგოსნის სულში, მით უმეტეს კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებული ხალხი. რიცხვით ქართველები ცოტანი არიან, მაგრამ რუსთველის მოცემით შეიქნენ დიდებულ ერად, მათი გულები არ არის ცარიელი და პატარები, რადგან მათ შეუძლიათ ავსება დიდებული სიყვარულის კივილით" (ტიციან ტაბიძე).
თეთრი სხივი
(თარგმნა ელგუჯა მარღიამ)
მწვანედ ღებავენ ტირიფები წითელ სახურავს,
მზე იწურება და თანდათან ყვითლდება სივრცე...
ჩუმზე ჩუმი და მშვიდზე მშვიდი წლების მსახური,
ირგვლივ წარსული ფათურობს და გულივით მიცემს.
ისე წყნარია არემარე, ისე ნათელი,
სუნთქვა რომ მესმის, მშობლიური ღვიძლი ჩრდილია...
სადღაც ზღვის გაღმა, საოცარი და სანატრელი,
ჰყვავის და მიხმობს შორეული ჩემი ლილია.
ჩაქრება ირგვლივ ყველაფერი, ჩაქრება, ანდა
ინათებს უცებ, ისე, როგორც რიჟრაჟი ნათობს...
თეთრი საცოლე მენატრება, მსურს ვიყო მასთან,
არ ვნაღვლობ, თუნდაც დავიფერფლო, სიცოცხლე დავთმო.
ამოდის უკვე ზღვის ვარსკვლავი - შუქურა ელავს, -
უპოვართა და მთვარეულთა... ირღვევა ბინდი;
მე მძინავს ფხიზლად.
შენ, ძვირფასო, მელი და ღელავ,
თოვლივით თეთრი, შენთან ერთად ვიქნები მშვიდი.
ყოფნის ანდერძი
(თარგმნა პაოლო იაშვილმა)
მე შევეკითხე თავისუფალ ქარს:
რა ვქნა, რომ ვიყო ჭაბუკი მარად.
პასუხი მომცა თამაშით ქარმა:
"იყავ ვით კვამლი ჰაეროვანი,
გადიქეც ქარად!"
ძლიერ ზღვას ვკითხე: რაში არსებობს
ყოფნის ანდერძი - ის დიდებული?
პასუხი იყო ხმიერი ზღვისა:
"როგორც მე, ისე შეუჩერებლად
გიმღერდეს გული".
მაღალ მზეს ვკითხე: როგორ გადვიქცე
რიჟრაჟზე უფრო ნათლიერ ძალად?
არ მიპასუხა მზემ არაფერი,
მაგრამ გულმა კი ეს გაიგონა:
გადიქეც ალად.